კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალ ხელისუფლებას ადგილობრივ თვითმმართველობებთან კომუნიკაცია უჭირს

25 დეკემბერი, 2012
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თვითმმართველობებს მყუდროება დაერღვა. რაიონული გამგეობების კართან ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელთაგან ყველაზე აქტიურ ნაწილს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები წარმოადგენენ, აქციები დაიწყეს. ისინი ცვლილებებს, ცენტრალური ხელისუფლების გარდა, ადგილობრივ დონეზეც ითხოვენ. 

ამ პროცესების კვალდაკვალ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლება კომუნიკაციას არ ამყარებს თვითმმართველობებთან.  

პირად საუბრებში ქვემო ქართლის თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალმა ხელისფლებამ მათთან ურთიერთობა პროკურატურის მეშვეობით დაიწყო. საუბრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუნიციპლიტეტებში ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოებმაც წაიღეს.

აღიშნული ინფორმაციების გადასამოწმებლად humanrights.ge მარნეულის გამგეობას ესტუმრა. აქ ვიგებთ, რომ მარნეულის გამგებელს, ზაზა დეკანოიძის თანამდებობიდან წასვლა აქვს გადაწყვეტლი. გამგეობის კართან მიმდინარე ორდღიანი აქციების შემდეგ, დეკანოიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად არ მიუღია.

„ჩემზე ზეწოლა არ ხორციელდება. უბრალოდ, ვიფიქრე, რომ თუ მომავალ წელს რაიმე პრობლემა შეიქმნება მუშაობისას და  საქმე ბოლომდე ისე ვერ გაკეთდება, როგორც საჭიროა, ყველა იტყვის, რომ ჩემი მხრიდან საბოტაჟს აქვს ადგილი. იტყვიან, რომ მე მსურს, ხალხი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ განვაწყო. ამიტომ კოლიცია „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, შეარჩიოს მარნეულის გამგებლის კანდიდატურა და საკრებულო მას დაუჭერს მხარს. ამ საკითხზე საკრებულოში ვისაუბრეთ. ფრაქცია „ნაციონალები“ და საკრებულოს უმრავლესობა მათ კანდიდატს დაუჭერს მხარს.  მე კი მზად ვარ, გადავდგე და საწყის ეტაპზე დავეხმარო ახალ გამგებელს, გავარკვიო საკითხებში, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება. ჩემთვის არ არის სულერთი მარნეულის მომავალი“, - ამბობს მარნეულის  გამგებელი, ზაზა დეკანოიძე. 

დეკანოიძე არ უარყოფს ინფორმაციას, რომ მარნეულის გამგეობაში არჩევნების შემდეგ ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებამ გაიტანა. ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებაზე ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია. დეკანოიძე ასევე გვიდასტურებს, რომ ამ ეტაპზე სხვა მუნიციპლაიტეტების მსგავსად ახალ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია მათაც არა აქვთ. მოქმედ გამგებელს უჭირს თქმა, 2013 წელს რა თანხის მიზნობრივ ტრანსფერს მიიღებს მარნეულის ადგილობრივი ბიუჯეტი: „ვერაფერს გეტყვით მიზნობრივ ტრანსფერთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე არ გვაქვს კომუნიკაცია ახალ ხელისუფლებასთან. ეს საკითხი, ალბათ, მოგვიანებით გაირკვევა. გასულ წელს, ტრანსფერებთან ერთად ჩვენი ბიუჯეტი 21 მლნ ლარს შეადგენდა. ახლა  რამდენიმე დღეში  ვამტკიცებთ 2013 წლის ბიუჯეტს და ამ ეტაპზე მიზნობრივი ტრასფერის გარეშე 10 მილიონია“.

ახალ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის არარსებობის გამო მიზნობრივ ტრანსფერზე და ცენტრალური ხელისუფლების რეგიონებში დაგეგმილ პროექტებზე საუბარი უჭირს მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავჯდომარეს, გიორგი შუკაკიძეს. იგი ამბობს, რომ მარნეულის საკრებულო მზადაა ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის. 

„ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადებისას ნამდვილად გვჭირდება კომუნიკაცია მთავრობასთან, რათა გავიგოთ, მათ რა პროექტები აქვთ დაგეგმილი რაიონში. ასევე, გავარკვიოთ, მათთვის რა არის პრიორიტეტი და მომავალ წელს რა მიმართულებით მიიღებს ადგილობრივი ბიუჯეტი მიზნობრივ ტრანსფერს. შესაძლებელია, ეს კომუნიკაცია არ შედგა, რადგან ჯერ ცენტრალური ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე ახლაც შესაძლებელი იყო კომუნიკაციის განხორციელება. ამ შემთხვევაში, ბიუჯეტის შედგენისას აქცენტი მიზნობრივ ტრანსფერზე კეთდება, რადგან გასულ წელს აღნიშნული ტრანსფერებით ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მაგალითისთვის 3 მლნ დაიხარჯა წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის. მიზნობრივი ტრანსფერი დაიხარჯა გზების და გაზიფიცირების საკითხზეც. ასე რომ, ამ თანამშრომლობის გარეშე ჩვენ გარკვეულწილად ვაკუუმში ვართ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მზად ვართ, ახალ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი რაიონის სასიკეთოდ თანამშრომლობისთვის“, - ამბობს მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავჯდომარე, გიორგი შუკაკიძე. 

შუკაკიძე კომენტარს მარნეულის გამგებლის მოსალოდნელ გადადგომაზეც აკეთებს და ამბობს, რომ დეკანოიძემ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით  მიიღო. თუმცა, არ უარყოფს, რომ გამგეობის წინ გამართულმა აქციებმა რიგითი თანამშრომლები შეაშინა და მათ იმის განცდა აქვთ, რომ მალე ახალი გუნდი მოვა და უმუშევრები დარჩებიან. 

ახალი ამბები