კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მარტვილი ნაციონალური მოძრაობის გარეშე“ - გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს კორუფციაში ადანაშაულებენ

25 დეკემბერი, 2012
 
ინგა გვასალია, სამეგრელო

ერთ თვეზე მეტია, მარტვილში გამგეობა და საკრებულოს შენობა პარალიზებულია. თვითმმართველობის თანამშრომლებს შენობაში აქციის მონაწილეები არ უშვებენ. 

სამოქალაქო მოძრაობამ - „მარტვილი ნაციონალური მოძრაობის გარეშე“ მოქალაქეთა საპროტესტო აქცია, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, 20 ნოემბერს დაიწყო. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი ერთ-ერთი მოთხოვნის საფუძველზე გამგეობის შენობიდან პროკურატურის თანამშრომლებმა უკვე გაიტანეს დოკუმენტაცია. საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია გადადგომაზე კვლავ უარს აცხადებს. თავის მხრივ, აქციის მონაწილეებიც მათი მოთხოვნის შესრულებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, რჩებიან გამგეობასთან და შენობაში არავის უშვებენ. 

ყველაფერი კი მარტვილში ასე დაიწყო. 17 ნოემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხურჩისა და ვედიდკარის უკმაყოფილო მოსახლეობამ გამგებელთან შეხვედრა გადაწყვიტა . ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას 2 წლის წინ მიწის ნაკვეთებისა და საძოვრების უკანონოდ გაყიდვაში ადანაშაულებდნენ. ჯერ იყო და გამგეობის  შენობის  წინ 12-მა ადამიანმა დაიწყო შიმშილობა საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის გადადგომის მოთხოვნით.  თავის მხრივ მარტვილის გამგებელმა მამუკა დანელიამ პროცესები ზეწოლის ფაქტად შეაფასა და მარტვილის პოლიციაში  განცხადებაც შეიტანა, რითაც ითხოვდა დახმარებას პოლიციისგან გამგეობის შენობაში შესასვლელად. 

„ჩვენ  საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლები ვართ და ამ დღეებში  უნდა დაიგეგმოს მომავალი წლის ბიუჯეტი, მაგრამ მუშაობის საშუალება არა გვაქვს. ბევრი საკითხია, რომელსაც მოგვარება სჭირდება. გამგებლის გარეშე შეიძლება, რამე გადარიცხვა გაკეთდეს? მე მგონი, ცივილიზებულ სამყაროში არ შეიძლება ამ ფორმით გადადგომა. არა მგონია, ეს დემოკრატია იყოს. თუკი მოსახლეობას ჰქონდა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება შეცვლიდა სასიკეთოდ პროცესებს,  მე დღეს ამას ვერ ვხედავ. იგივე კი არა, უარესი კეთდება. ამას, ალბათ, ხალხი შეაფასებს“, - აღშფოთებული საუბრობს საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის, ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფორმირების განყოფილების უფროსი ქეთევან ბაჩილავა. 

შიმშილობისას  გართულდა აქციის ერთ-ერთი მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. დიაბეტით დაავადებულ დავით ჯამბურიას ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს. მოშიმშილეებს შეუერთდა ხონიდან ჩამოსული ბეჟან ჩხეიძე, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის ძმისშვილი გახლავთ. აქციას მოსწავლე-ახალგაზრდობის  სასახლის თანამშრომლები და მარტვილის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათთან სოლიდარობის ნიშნად ჩამოვიდნენ მხარდამჭერები ზუგდიდიდან, ჩხოროწყუდან, წალენჯიხიდან და ხონიდან. მოშიმშილეებმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც პროკურატურამ საბუთების შესწავლა დაიწყო. 

ამ დროისთვის გამგეობასთან მხოლოდ მჯდომარე აქცია გრძელდება. აქციაზე მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს მიწების წართმევასა და უკანონოდ გაყიდვაში ადანაშაულებდნენ. „მე ვარ ჩემი პრობლემებით  მოსული. რამდენჯერმე ვიყავი დახმარებისთვის მისული ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მაგრამ - სულ ტყუილად. მთელი მარტვილის მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა გოროზიასი. სხვა თანამშრომლებს ჩვენ არ ვეხებით, მაგრამ გოროზიამ უნდა დატოვოს ეს რაიონი. მე მასთან მივედი ასევე მიწის გამოც, რომელიც წამართვეს. უნდა გამეფორმებინა რეესტრში და აღმოჩნდა,  რომ უკვე გაყიდული იყო ისე, რომ არავის უკითხავს ჩემთვის. რაზეც არ ვთხოვეთ, არასოდეს არაფერზე დაგვეხმარა. ეს რაიონი იყო მხოლოდ გოროზიების იყო, ხალხზე არავინ ფიქრობდა“, - გვითხრა ერთ-ერთმა მომიტინგემ, სოფელ ნაგვაზაოს მკვიდრმა ეთერ მეძველიამ. 

მსგავსი პრობლემა ბევრ მარტვილელს აქვს. ისინი ამბობენ, რომ ხალხის მოთხოვნა სამართლიანია და გოროზია და დანელია დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის პირველ პირებს კორუფციასა და კლანურ მართველობაშიც ადანაშაულებს. აქციის მონაწილეთას თქმით, მათი აღშფოთების ბოლო წვეთი კუთვნილი მიწების გაყიდვა აღმოჩნდა. 

„ჩვენი მოძრაობა არის სამოქალაქო. სრულ დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ ადგილობრივ თვითმმართველობას. არ დავიშლებით მანამ, სანამ არ დაწერენ გათავისუფლების ბრძანებას. უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა მათი თავხედობა“, - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა აქტივისტმა დავით ცირდავამ. 

„კოლექტივს არაფერს ვერჩით. ჩვენი ხალხი კანონმორჩილია. თქვენ იცით  და ხედავთ ტელევიზიით, რა ხდება განვითარებული ევროპის ქვეყნებში აქციების დროს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან კიდევ ვიმეორებ - ჩვენი ხალხი  კანონმორჩილია, მაგრამ უსამართლობა ხომ უნდა დამთავრდეს?“ - გვითხრა ერთ-ერთმა აქტივისტმა ირაკლი ჯამბურიამ. მისივე მტკიცებით, გოროზია ერთპიროვნულად წყვეტდა საკითხებს და საკრებულოს სხდომები არ იმართებოდა კანონის ფარგლებში. „ადამიანს როცა მჭადისა და პურის გარეშე ტოვებ, საძოვრებს, მიწებს ართმევ, ადგილობრივ ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავ ან შენს პირად კეთილდღეობისთვის იყენებ, განა, ეს არაა საკმარისი სსაფუძველი, რომ ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და მოითხოვონ გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომა?!“

ერთ-ერთი მოშიმშილის, დავით ჯამბურიას მტკიცებით, საკრებულოს თავმჯდომარეს თავის საკუთრებაში ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს მითვისებული და ამის შესახებ პროკურატურაში უკვე შეტანილია განცხადება: „გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე უნდა გადადგნენ თანამდებობიდან. ისინი არ არიან ღირსი დაკავებული თანამდებობის ღირსი“.

მიწის ნაკვეთების უკანონოდ გასხვისებას საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია კატეგორიულად უარყოფს. აქციის მონაწილეები კი მათი მოთხოვნების შესრულებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

ახალი ამბები