კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმრების: ლევან ტერაშვილის, კახაბერ ტერაშვილისა და დავით შიუკაშვილის მიმართვა

14 დეკემბერი, 2012
 
საქართველოს პრემიერ მინისტრს;

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულ კომისიას, რომელიც სწავლობს ქვეყანაში არსებულ პოლიტპატიმრების საქმეებს; 

საქართველოს სახალხო დამცველს; 

საქართველოში მოღვაწე  ყველა მასმედიის და პრესის წარმომადგენლებს;

საქართველოში მოქმედ ყველა ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას

მოგმართავთ უსამართლოდ, შეთითხნილი ბრალდებით გასამართლებული პირები. დაკავებული ვართ 2011 წლის ივნისს  236-ე მუხლის I და II  და 223-ე მუხლის II ნაწილებით, რაც უკავშირდება ჩვენს პოლიტიკურ აქტიურობას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩვენ ჯერ კიდევ 2007 წლიდან ვიყავით პოლიტიკური პარტიის „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“, ხოლო შემდგომში მისი სამართალმემკვიდრის - „ქართული  პარტიის“ აქტიური წევრები.

ძნელია, ერთი სიტყვით გადმოგცეთ ყველა იმ ტერორისა და დევნის თაობაზე. ასევე გვიჭირს ჩვენი დაკავების შემდეგ არაადამიანური და წამების ფაქტების ასახვა.  თუმცა, ჩვენი განთავისუფლების შემდეგ აუცილებლად გავასაჯაროვებთ ყველაფერს და ჩვენი საქმე აუცილებლად გახდება სამართალდამცავი სტრუქტურების დაინტერესების საგანი.

ნება მოგვეცით, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ კონკრეტულ ფაქტზე. მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა, შეესწავლა ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების საქმეები, მათ შორის - ჩვენიც. აღნიშნულმა კომისიამ შეისწავლა და სამართლებრივი დასკვნითურთ გადასცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს შემდეგი რეაგირებისთვის. კომიტეტმა კი თავის მხრივ, 19 ნოემბრის სხდომაზე მიიღო დადგენილება პოლიტპატიმრების ცნობის შესახებ თანდართული სიით, რომელიც დადგენილების განუყოფელი ნაწილია და აღნიშნულ სიაში სამივე ჩვენთაგანის გვარი იყო შეტანილი იმ დანარჩენ პირებთან ერთად, ვისთანაც ერთი კონკრეტული შეთითხნილი ბრალდებით ვართ მსჯავრდებულნი. 

მოგეხსენებათ, აღნიშნული დადგენილება პარლამენტის მიერ უნდა ყოფილიყო დამტკიცებული 21 ნოემბრის სხდომაზე. როგორც უკვე იცით, საკითხის განხილვა გადაიდო ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით მიმდინარე წლის 5 დეკემბერის სხდომამდე. 5 დეკემბრის სხდომაზე კი საკითხის მომხსენებელმა, ქალბატონმა ეკა ბესელიამ პარლამენტს წარუდგინა დადგენილება პოლიტპატიმრად ცნობის შესახებ, რომლის თანდართულ სიაშიც ჩვენი გვარები უკვე აღარ ფიგურირებდა. ამ ფაქტის მიზეზად მომხსენებელმა განაცხადა, რომ თითქოსდა ლევან ტერაშვილის, კახაბერ ტერაშვილის და დავით შიუკაშვილის საქმესთან დაკავშირებით არსებობდა მცირეოდენი ხარვეზები. 

იბადება ლოგიკური კითხვა: თუ არსებობდა ხარვეზები, რატომ ვიყავით შეყვანილი კომიტეტში განხილულ სიაში და  შემდეგ როგორ აღმოჩნდა ხარვეზი? რატომ არ მოგვმართა კომიტეტმა ან საკითხზე მომუშავე კომისიამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად (რისთვისაც ვფიქრობთ საკმარისი დრო ჰქონდათ 19 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე)? მიზეზი ჩვენი სიიდან ამოღებისა მით უფრო გაუგებარი ხდება, როცა ერთი ბრალით გასამართლებული პირების ნაწილი დარჩა სიაში. გვინდა, მივმართოთ ასევე პარლამენტის წევრებს: ზვიად ძიძიგურს, გია ცაგარეიშვილს, გუბაზ სანიკიძეს, ფატი ხალვაშს, ზურაბ აბაშიძეს, კობა დავითაშვილს, ბიძინა გუჯაბიძეს- რომლებიც უშუალოდ თვითმხილველები იყვნენ ჩვენი პოლიტიკური აქტივობის და რომლებთან ერთადაც ჩვენ წლების განმავლობაში ვებრძოდით სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს მათ შორის - ეკა ბესელიასთან ერთადაც. 

ბატონებო, გთხოვთ, გაამახვილოთ თქვენი ყურადღება აღნიშნულ საკითხზე და ხელი შეუწყოთ სამართლიანობის აღდგენას. აღნიშნული საკითხის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვემართა პროტესტის უკიდურესი ზომისთვის, რადგან ვთვლით, რომ უსაფუძვლოდ ამოგვიღეს პოლიტპატიმრების სიიდან და დავიწყეთ უვადო შიმშილობა ამა წლის 10 დეკემბრიდან. იმედს ვიქონიებთ, რომ აღნიშნული პრობლემა იყო გამოწვეული ტექნიკური შეცდომით და არა ვინმეს განზრახვით ჩვენს მიმართ. 

მოგეხსენებათ აღნიშნული საკითხის სენსიტიურობა და გთხოვთ, გულისყურით შეისწავლოთ ჩვენი პრობლემა, რათა აღდგეს სამართალი, რისთვისაც ჩვენ და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი იბრძოდა წლების განმავლობაში.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პოლიტიკური პატიმრები: ლევან ტერაშვილი, კახაბერ ტერაშვილი, დავით შიუკაშვილი
 

ახალი ამბები