კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი - მაჟორიტარული ოლქების ფორმირების წესი არაკონსტიტუციურია

26 დეკემბერი, 2012
 
სალომე აჩბა

ადამიანის უფლებათა ცენტრის საკონსტიტუციო სარჩელში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაა გასაჩივრებული. მოსარჩელეთა აზრით, საარჩევნო კოდექსის ეს მუხლი არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც ადამიანის სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესის გრძელვადიან მონიტორინგს. ამ პროექტის ფარგლებში, ცენტრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოსარჩელეებს წარმოადგენენ უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე.

საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით 25 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. 

საარჩევნო პროცესის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორმა, მიხეილ შარაშიძემ ჟურნალისტებს კონსტიტუციური სარჩელის არსი და მიზანი განუმარტა. მისი თქმით, სარჩელში საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამოდ არის მიჩნეული ის გარემოება, რომ საქართველოში არსებულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებებია. კერძოდ, მაგალითად, #29 ყაზბეგის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს 5,810 ამომრჩეველი, იმ დროს, როცა საბურთალოს #3 ოლქში, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა 128,545 ამომრჩევლის მიერ. ამრიგად, ყაზბეგის ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა, შეიძლება ითქვას, თითქმის 22-ჯერ უფრო წონადია, ვიდრე საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა.  „ეს ყოველივე კი, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის, მათ შორის ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის - თანაბარწონადობის პრინციპს, რაც წარმოადგენს ამომრჩევლების დისკრიმინაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე მიხეილ შარაშიძემ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი 4 დეკემბერს შეიტანა. სასამართლომ სარჩელი დაარეგისტრირა. 

„საარჩევნო პროცესის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მეორე კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა, მოიცავდა არა მარტო წინასაარჩევნო ან უშუალოდ არჩევნების პროცესის მონიტორინგს, არამედ საარჩევნო კანონმდებლობის ანალიზს. ამ კუთხით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა შუალედურ ანგარიშებში წარმოადგინა კრიტიკული შენიშვნები. ორგანიზაცია ასევე ამზადებს რეკომენდაციებს კანონმდებლობის სრულყოფისათვის, რომელიც მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშში გამოქვეყნდება. კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ეფექტური ნაბიჯია საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება ანტიკონსტიტუციური ნორმების შესაცვლელად“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ცენტრის წარმომადგენელმა, ალეკო ცქიტიშვილმა. 

საარჩევნო პროცესის მონიტორინგის პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED)-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ადამიანის უფლებათა ცენტრს მონიტორინგში ასევე მხარდაჭერას უწევს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი.

ახალი ამბები