კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, ფოტო და ვიდეოგადაღება კვლავ აღდგეს

8 იანვარი, 2013

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

პარლამენტმა სასამართლო დარბაზებში ფოტო და ვიდეოგადაღების თემის განხილვა დაიწყო. პროცესებზე ფოტო და ვიდეოგადაღების დაშვების ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო გამოდის. პარლამენტარების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებათა პაკეტი ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და დაჩქარებული წესით გადაწყვეტილების მიღება გამართლებული არ იქნება. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, 16 დეკემბერს, საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ბარამიძეს მოუსმინეს.

„საზოგადოება ვერ განახორციელებს კონტროლს სასამართლოზე, თუ სასამართლო დარბაზებში ფოტო და ტელეკამერები არ იქნება დაშვებული. ეს მოსამართლეებს „აიძულებს“, სამართლიანი და დასაბუთებული განაჩენი გამოიტანონ. დროა, სასამართლომ დაიბრუოს ნდობა ხალხის თვალში“, - აცხადებს ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

საქართველოს სასამართლოებში წარწერა „ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია“ 2007 წლის ნოემბრიდან გაჩნდა. პირველი პრობლემები ჟურნალისტებს სწორედ ამ პერიოდიდან შეექმნათ.  სასამართლო პროცესებზე ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვამ უფლებადამცველების მწვავე რეაქცია გამოიწვია. 

„სასამართლო პროცესებზე ფოტო-ვიდეოგადაღების აკრძალვით მაშინდელმა ხელისუფლებამ სასამართლოზე პირდაპირი კონტროლი დააწესა. შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩნდა ძალადაკარგული და მიკერძოებული სასამართლოს განცდა. ადამიანებს გაუჩნდათ უნდობლობა სასამართლოს მიმართ. ისინი ვეღარ ახერხებდნენ სასამართლო დარბაზებში „შეხედვას“. იქედან გამოტანილი გადაწყვეტილებები კი, მათთვის ნაკლებად სარწმუნო გახდა. მარტივად რომ ვთქვათ, მათთვის სასამართლოს კარები დაიხურა. ამდენად, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, გადაღების აღდგენასთან დაკავშირებით, მისაღებია. ამით ბევრი რამ შეიცვლება. ვფიქრობ, სასამართლო გადაწყვეტილებები გაცილებით ობიექტური იქნება, ეს დაეხმარება სასამართლოს აღიდგინოს დაკარგული იმიჯი“, - ამბობს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ქუთაისის ფილიალის იურისტი, ანა ჩაფიძე.  

სასამართლო პროცესებზე აუდიო-ვიდეო ჩაწერასთან დაკავშირებით ბოლო წლების მანძილზე არაერთი  რეკომენდაცია  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც მოამზადა. თუმცა ეს რეკომენდაციები, სამწუხაროდ, რეაგირების გარეშე რჩებოდა.

„ჩვენ არაერთხელ დავდეთ ჩვენი რეკომენდაციები აუდიო-ვიდეო ჩაწერასთან დაკავშირებით. სასამართლო ხელისუფლების არგუმენტი იყო, რომ კამერების ფონზე შეუძლებელია მუშაობა და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო პროცესზე წესრიგს, საზოგადოების ინტერესები უნდა გადავაყოლოთ. ერთი წლის წინ ჩვენ დავსვით აღნიშნული  საკითხი. ითქვა, რომ დაიწყებოდა მუშაობა ამ კუთხით“, - ეს განმარტება რამდენიმე თვის წინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  მაშინდელმა თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა humanrights.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

საპარლამენტო უმცირესობამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შეჩერება მოითხოვა. „ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა ახალ მთავრობას პირველი რეკომენდაცია მისცა, სადაც საუბარია იმაზე, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით  ვენეციის კომისიის დასკვნამდე მისი განხილვა გადაიდოს“, -  ამბობს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.

უმრავლესობა კი, მზადაა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოისმინს.

„არ იქნება ურიგო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოეწყოს ფართო საჯარო განხილვა ექსპერტთა და სამართლის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ოგანიზაციათა მონაწილეობით“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ახალი ამბები