კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყველაზე მცირეწლოვანმა მსჯავრდებულმა ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა

14 იანვარი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს პარლამენტმა 21 დეკემბერს ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმად, ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით  3000 პატიმარი უნდა გათავისუფლდეს - მათ შორის პოლიტპატიმრები. ამნისტიის პირველი ეტაპი 13 იანვარს განხორციელდა და საქართველოს სხვადასხვა საპყრობილე 190-მდე პატიმარმა უკვე დატოვა. მათ შორის იყო ყველაზე მცირეწლოვანი მსჯავრდებული გიორგი ზერეკიძე. 

ზერეკიძის გვარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის პირველივე სხდომაზე გაჟღერდა, როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველებმა პირველი შეკრება სწორედ პოლიტპატიმრების თემას მიუძღვნეს.  1 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, რომელსაც პოლიტიკოსების გარდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების ოჯახის წევრები, მათ შორის გიორგი ზერეკიძის დედაც ესწრებოდა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკანონოდ დაპატიმრებული პოლიტპატიმრების სია წარმოადგინეს.

კომიტეტის სხდომაზე "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოხატა პოზიცია, საქართველოს ციხეებიდან შეწყვეტილიყო შეწყალების, ან თუნდაც საპროცესო შეთანხმების წესით პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მომხდარიყო მათი დაუყოვნებლივ, უპირობო და ღირსეული გათავისუფლება. ასევე, რიგი საქმეების ხელახალი სასამართლო განხილვა და უკანონო პატიმართა დარღვეული უფლებების დროული აღდგენა.  

ამ ორგანიზაციამ, ისევე როგორც სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს პოლიტპატიმართა სია გადასცა და საკითხის მოსაგვარებლად ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან სპეციალური ნორმატიული აქტის შემუშავება  მოითხოვა, რომლის თანახმადაც, სიაში მითითებულ პირთათვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება ოფიციალურად მოხდებოდა.

პოლიტიკურ პატიმართა 174 კაციან სიაში 21 წლის გიორგი ზერეკიძის გვარიც იყო ნახსენები. humanrights.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მაშინ გიორგი ზერეკიძის დედამ ლიკა ზერეკიძემ განაცხადა, რომ მისი შვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარია და სასჯელს სრულიად უდანაშაულოდ იხდის. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სიმართლე გაირკვეოდა და მისი შვილი სასჯელისგან გათავისუფლდებოდა.  

ხულიგნობის ბრალდებით დაპატიმრებულმა ზერეკიძემ შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, 13 იანვარს რუსთავის საპყრობილე პოლიპატიმრის სტატუსით დატოვა.

დღეს გიორგი ზერეკიძის დედა ლიკა ზერეკიძე humanrights.ge-სთან საუბარში  შვილის დაპატიმრების ისტორიას იხსენებს, რომელიც ტრაგიკულად, მისი მეუღლის დაპატიმრებით, მოგვიანებით კი, საპყრობილეში მისი გარდაცვალებით გაგრძელდა, საბოლოოდ კი, 13 იანვარს სამართლიანობის აღდგენით დასრულდა. 

"გიორგი 2006 წლის იანვარში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. უდანაშაულო ბავშვს, რომელიც მხოლოდ 14 წლის იყო, 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რა თქმა უნდა, გიორგი უდანაშაულო იყო და ეს უდანაშაულობა კარგად აისახებოდა იმ აშკარა  განსხვავებაში, რომელიც სამარცხვინო ბრალდებასა და სინამდვილეს შორის იმთავითვე გამოიხატა. ჩვენ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და სასჯელს სამი წელი მოაკლდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი. სრულიად უდანაშაულო ბავშვი კვლავ ციხეში რჩებოდა", - ამბობს ლიკა ზერეკიძე.

არასრულწლოვანი პატიმრის მშობლებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ზერეკიძის საქმე უკვე სტრასბურგის სასამართლოში იყო, როცა ზერეკიძეებმა საქართველოს ხელისუფლებისგან, კერძოდ კი, მაშინდელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან, რომელსაც სათავეში ხათუნა კალმახელიძე ედგა, საქმის შეწყვეტის მოთხოვნა მიიღეს. სანაცვლოდ დაპირდნენ, რომ პატიმარს მეორე დღესვე გაათავისუფლებდნენ.

ლიკა ზერეკიძე: "სტრასბურგიდან დაბრუნებულები მაშინვე დაგვაკავეს, მეც და ჩემი მეუღლეც. მას ნარკოტიკი ჩაუდეს და დიდი ოდენობის ნარკოტიკის აღმოჩენის ბრალდებით დააპატიმრეს. საშინელი განცდა იყო: ჩემი მეუღლე მეძახდა, რომ ეს შემთხვევა მეღიარებინა, ოღონდ უბედურებას კიდევ ერთი არ დამატებოდა, რაც ნამდვილად არ იყო გამორიცხული. ის ხელისუფლება ყველაფერზე წავიდოდა. ეს იყო 2010 წლის 19 მარტი. ჩემი მეუღლე დააპატიმრეს. ისიც სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო იმ აქტიურობისთვის, იმ განსხვავებული აზრისთვის, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას არანაირად არ აწყობდა."

2010 წლის 1 ივლისს მაშინდელმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ერთ-ერთი ნაციონალური ტელეეთერით იმ 9 მსჯავრდებულზე გააკეთა განცხადება, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებდნენ. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შაშკინი საზოგადოებას მათ უახლოეს პერიოდში გათავისუფლებას დაპირდა. მინისტრმა სიტყვა შეასრულა, თუმცა, არა სრულად. სამმა მსჯავრებულმა საპატიმრო მართლა დატოვა. გიორგი ზერეკიძე კი, კვლავ ციხეში დარჩა.

"თავი იმით იმართლეს, რომ თითქოს გიორგი უკვე 18 წლის იყო გამხდარი. ეს კი, კიდევ ერთი შეთითხნილი შემთხვევა იყო. მათ არ სურდათ გიორგის გათავისუფლება. სააკაშვილი სატელევიზიო გამოსვლებში პირდაპირ აცხადებდა, ზერეკიძე კრიმინალია და უნდა დაისაჯოსო. ჩემი მეუღლე ამ უსამართლობას ვერ ეგუებოდა. გამოდიოდა მიტინგებზე, აქციებზე და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ დაუფარავ განცხადებებს აკეთებდა. სწორედ ამან განაპირობა ის უბედრება, რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს. ჩემი მეუღლე 2011 წლის 16 აგვისტოს საკანში, სრულიად გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. თქვეს, რომ თავი მოიკლა. მოვითხოვეთ მტკიცებულებები, რაიმენაირი სამხილი, რომელიც ამ ფაქტს დაამტკიცებდა, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე მსგავსი ვერაფერი მოვიპოვეთ. გვაქვს სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მოკლეს", - ამბობს ლიკა ზერეკიძე.

გიორგი ზერეკიძის დედა მიიჩნევს, რომ სამართლიანობა აღდგა, მისმა შვილმა  საპატიმრო ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, თუმცა, პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. რაც შეეხება მისი მეუღლის საქმეს, ლიკა ზერეკიძის განცხადებით, იგი სამართალდამცველებს უახლოეს პერიოდში ხელახალი გამოძიებისთვის გადაეცემა და სიმართლეს საბოლოოდ ნათელი მოეფინება.

ახალი ამბები