კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურა აცხადებს, რომ მეგის ქარდავას დავალებით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ვიდეოკადრებით აშანტაჟებდნენ

15 იანვარი, 2013

ინტერპრესნიუსი, პალიტრა.ტვ

მთავარმა პროკურატურამ მედიას სკანდალური ვიდეომასალა წარუდგინა, რომელშიც, როგორც პროკურატურა განმარტავს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ცნობილ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებენ კონსპირაციულ ბინაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით გადაბირებული პირები.

ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში უწყება ქარდავას დავალებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სხვა ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე საუბრობს: „გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.

უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან, ისე, რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ. კონფიდენტებს მიჰყავდათ ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთვალო აუდიო-ვიდეოაპარატურით.

ამ დროისათვის დადგენილია სამი ასეთი ბინა. აღნიშნულ ბინებში სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ იძულებით გადმობირებული კონფიდენტები ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს წინასწარ შერჩეულ პირებთან, რის შემდეგაც ფარული ჩანაწერები გადაეცემოდა უშუალოდ მეგის ქარდავას.

მოგვიანებით, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროება, ფაქტობრივი შანტაჟის პირობებში, კონსპირაციის მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა იმაზე, რომ გამოემჟღავნებინა თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებაში. გარდა ამისა, მაკომპრომეტირებელი მასალის გამოყენება ხდებოდა ფულის გამოძალვის მიზნითაც“.

მეგის ქარდავა პროკურატურის განცხადებას და ვიდეომასალაში ასახული ფაქტების ორგანიზების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მიერ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, ქარდავას ესაუბრა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნული ვიდეომასალის გადაღების ორგანიზებას.

ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, პროკურატურამ ქარდავას ბრალი გუშინ სულ სხვა ეპიზოდის მიხედვით წარუდგინა და აღნიშნულ კადრებზე ბრალდება არ არის წარდგენილი.

„დანაშაული არის წამების ორგანიზება და არა გაუკუღმართებული ფორმით, სქესობრივი კავშირის ორგანიზება. გუშინ ქარდავასთვის წარდგენილი ბრალდება ეხება სულ სხვა ეპიზოდს, კერძოდ პატიმარს. მეგის ქარდავას პოზიცია არის ის, რომ სისულელეა ასეთი რამ ადამიანს დააბრალო. ვიღაც თანამშრომელი თუ ვინმეს უღებდა და ამაში ფულს იღებდა, ეს არ შეიძლება მეგის ქარდავას დავალებული იყოს. არ შეიძლება ყველაფერი ამ ადამიანს დააბრალონ. ქარდავა მიიჩნევს, რომ აბსურდულია ეს ყველაფერი და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ მოუგროვოს უაზრო ბრალდებები“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ახალი ამბები