კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის განცხადება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით

16 იანვარი, 2013

2013 წლის 14 იანვარს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ, ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
 
პროკურატურის მიერ განცხადების გავრცელებასთან ერთად, სხვადასხვა  მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქმესთან დაკავშირებული პირების სექსუალური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა, რომელიც მათ საქართველოს პროკურატურამ გადასცა.
 
პირადი ცხოვრების უფლება დაცულია, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლებით, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. მიუხედავად ამ უფლების არააბსოლუტური ხასიათისა, სახელმწიფომ ჩარევის შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს პროპორციულობის პრინციპით და განსაზღვროს თუ რამდენად აუცილებელია ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში.
 
მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში გამოყენებულია დაფარვის საშუალებები, აღნიშნული საშუალებების გამოყენება მისი ხარისხიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს გადაღებული პირების იდენტიფიცირებისგან სრულ დაცვას. ვიდეომასალაში შესაძლებელია გადაღებული პირების ისეთი საიდენტიფიკაციო ფაქტორების გარჩევა, როგორიც არის ადამიანის აღნაგობა, თმის ფერი და ტანსაცმელი, რაც შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის იძლეოდეს აღნიშნული პირების იდენტიფიცირების საშუალებას.
 
ზემოთ მითითებული ვიდეომასალის ჩვენება წარმოშობს გადაღებული პირების იდენტიფიცირების გარკვეულ რისკს, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. გასაგებია, რომ მსგავს სისხლის სამართლის საქმეებზე შესაძლოა, არსებობდეს საზოგადოების მომეტებული ინტერესი, მაგრამ აღნიშნული ლეგიტიმური მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა ხდებოდეს სხვათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ხარჯზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და მედიასაშუალებებს, მომავალში განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პირად ცხოვრებას. ამავდროულად, მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ეფექტური ღონისძიებები გაატაროს ზემოაღნიშნულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

ombudsman.ge

ახალი ამბები