18:26, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ თუ ყაზბეგში ჰესები არ აშენდება, „90–იანი წლების სიბნელე დაბრუნდება“

16.01.2013

ნათია დანელიშვილი,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 3 მშენებარე ჰესის გარდა, კიდევ 7 ახალი ჰესის აშენება იგეგმება. „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ჰესების მშენებლობა გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს, ერთ რაიონში ამდენი ჰესის მშენებლობის დაგეგმვა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

ენერგეტიკის მინისტრის უფროსმა მრჩეველმა ეკა ჟვანიამ კი მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ყაზბეგის რაიონი ჰესების ასაშენებლად ერთ–ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია და იმ შემთხვევაში, თუ ჰესები არ აშენდება, რამდენიმე წელში საქართველოში 90–იანი წლების სიბნელე დაბრუნდება.

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „GR-energy limited“–ს შორის გაფორმებული  მემორანდუმის მიხედვით, კომპანია საქართველოში 32 ჰესის მშენებლობას გეგმავს, აქედან 7 ყაზბეგში მდებარეობს: „თრუსო ჰესი“ (მდ. თერგი), „კობი ჰესი“ (მდ. თერგი), „თერგი ჰესი“ (მდ. თერგი), „სნოსწყალი ჰესი“ (მდ. ართხმოსწყალი), „ჯუთა ჰესი“ (მდ. ჯუთა), „ჩხერი ჰესი“ (მდ. ჩხერი) და „ამალი ჰესი“ (მდ. ამალი).
 
ურთიერთგაგების მემორანდუმი ყოფილ პრემიერ – მინისტრ ნიკა გილაურსა და მალტაში რეგისტრირებულ კომპანია „GR -energy limited“–ის დირექტორს შტაფან ბალზანს შორის, 2012 წლის 25 იანვარს გაფორმდა. მემორანდუმი გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გამოაქვეყნა.
 
ჰესების ჩამონათვალი მემორანდუმში ორ დანართშია განაწილებული. პირველი დანართის მიხედვით, ჰესების მშენებლობა ყაზბეგის გარდა დაგეგმილია მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში, რაჭა–ლეჩხუმში, სვანეთსა და სამეგრელოში. მეორე დანართი კი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ითვალისწინებს კახეთში, გურიაში, იმერეთსა და სამცხე–ჯავახეთში.
 
ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, „თრუსო ჰესის“ სიმძლავრე 8.70 მეგავატი იქნება, „კობი ჰესის“ – 3.80, „თერგი ჰესის“ 26.30, „სნოსწყალი ჰესის“ – 22.20, „ჯუთა ჰესის“ – 8.90, „ჩხერი ჰესის“ – 14.80, „ამალი ჰესის“ – 8.30. 10 მეგავატიანი იქნება „ძეგვი ჰესის“ სიმძლავრე, რომლის აშენებაც მდინარე მტკვარზე იგეგმება.
 
მემორანდუმის პირობებით, კომპანიამ 2013 წლის ივლისამდე უნდა უზრუნველყოს პირველ დანართში მითითებული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ–ეკონომიკური საკითხების შესწავლა და ანალიზი. ასევე, ივლისამდე უნდა წარუდგინოს მთავრობას ამ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით წინადადება. აღნიშნული წინადადება უნდა შეიცავდეს ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეს და წლიურ გამომუშავებას; ჰესების განთავსების ზუსტ კოორდინატებს და მდინარის შესაბამის ნიშნულებს; მშენებლობის დაწყების, დასრულების და ექსპლუატაციაში გაშვების თარიღებს და განსახორციელებელი ინვესტიციების რაოდენობას. ასევე, ჰესების მშენებლობის ტექნიკურ–ეკონომიკურ კვლევებს, დოკუმენტებს და ნახაზებს.
 
მემორანდუმში მითითებულია, რომ ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაცემა ან უარის თქმა, წინადადების წარდგენიდან, ანუ 2013 წლის ივლისიდან ორი თვის ვადაში, მხარეების ერთობლივი განხილვის საფუძველზე უნდა მოხდეს. მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში კი, 2013 წლის ოქტომბრიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მხარეებს შორის დაიდება ხელშეკრულებები ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, საკუთრების და ოპერირების შესახებ.
 
მემორანდუმით, მთავრობა ვალდებულებას იღებს, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვების მიღებაში სათანადო დახმარება აღმოუჩინოს.
 
მთავრობა ასევე ვალდებულია, განხორციელების ხელშეკრულების დადების ვადის ამოწურვამდე კომპანიასთან შეუთანხმებლად არ გადასცეს სხვა პირს პირველი დანართით გათვალისწინებული ჰესების მშენებლობის, საკუთრების და ოპერირების უფლება.
 
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის განცხადებით, ერთ პატარა რაიონში 10 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ბევრ კითხვას ბადებს.
 
„ყაზბეგში უნიკალური ბიომრავალფეროვნებაა, არის დაცული ტერიტორია, რომლის გაფართოებაც იგეგმება და გასარკვევია, რამდენად მოდის თანხვედრაში დაცული ტერიტორიების გაფართოება და ჰესების განვითარება. ჰესების მშენებლობის დაგეგმვა ხდება და არაა შესწავლილი რას ხმარდება გამომუშავებული ელექტროენერგია. არის თუ არა ყაზბეგში იმდენი ელექტროენერგიის საჭიროება, რასაც ეს ჰესები გამოიმუშავებენ. ამდენად 1 რაიონში, პატარა ხევში ამდენი ჰესის დაგეგმვა დიდი კითხვის ნიშნებს ბადებს. არგუმენტად იმის მოტანა, რომ ჰესების მშენებლობაზე მოსახლეობა დასაქმდება და ამიტომ გამართლებულია მათი მშენებლობა, ძალიან არასერიოზულია“, – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ქეთი გუჯარაიძემ.
 
ენერგეტიკის მინისტრის უფროსი მრჩევლის ეკა ჟვანიას განცხადებით, ყაზბეგის რაიონი ჰესების ასაშენებლად ერთ–ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ამ რაიონში დაგეგმვა ამიტომ ხდება.
 
„ყაზბეგში ამდენი ჰესის მშენებლობა იმიტომ იგეგმება, რომ ჰესის მშენებლობისთვის ადგილი ირჩევა ბუნებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელსაყრელობის თვალსაზრისით. წყლის ვარდნის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს. ჰესს გარეჯის უდაბნოში ვერ ააშენებ“, – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ეკა ჟვანიამ.
 
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჰესები არ აშენდება, რამდენიმე წელში საქართველოში 90–იანი წლების სიბნელე დაბრუნდება.
 
„თუ ჰესები არ აშენდა, 2–3 წელიწადში საქართველოში შეიძლება 90–იანი წლების სიბნელე დაბრუნდეს. მარტო იმპორტით რთული იქნება ენერგომომარაგება, რადგან მომხმარებლის და შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარება მატულობს. გარემოსდამცველების პოზიცია გასაგებია, გარემოზე ზრუნავენ, ამიტომ ერთობლივი მუშაობა ხდება. ეკოლოგიურ დასკვნას დებენ პროექტის ავტორები, საკუთარ დასკვნას დებს „მწვანე ალტერნატივაც“, – აღნიშნა ეკა ჟვანიამ.
 
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში ყველა მონაცემის შესწავლა და ანალიზი უნდა მოხდეს, რომ ყაზბეგის რაიონის უნიკალურ ბუნებას ზიანი არ მიადგეს.
 
„მემორანდუმი გაფორმდა წინა მთავრობის მიერ. მემორანდუმის თანახმად დაგეგმილი იყო ჰესების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლა-ანალიზი და შესაძლებლობის შემთხვევაში მათი მშენებლობა. ეს არ გულისხმობს ამ ჰესების უპირობო მშენებლობას. ჰიდროენერგია „მწვანე“ ენერგიად არის მიჩნეული.,თუმცა, თითოეულ შემთხვევაში უნდა მოხდეს ყველა მონაცემის გათვალისწინება და შესწავლა-ანალიზი. ყაზბეგის რაიონი გამოირჩევა უნიკალური ბუნებით და შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას“, - განუცხადა მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.
 
შეგახსენებთ, ყაზბეგში, დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე ორი ჰესი შენდება - „დარიალი ჰესი“ და „ლარსი ჰესი“. ჰესების მშენებლობის შედეგად, დარიალის ხეობაში მდინარე თერგი გვირაბში მოექცევა. კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა,ხდის ხეობაში, მდინარე ხდისწყალზე იწყება. გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჰესების მშენებლობა უნიკალურ ბუნებაზე, მის ფლორასა და ფაუნაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC