კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონელი მოვაჭრეები ძველ ბაზარში დაბრუნებას ითხოვენ

17 იანვარი, 2013

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

11 იანვარს ზესტაფონის აგრარული ბაზრის „ბარაქის“  მოვაჭრეები მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი გოგი ქავთარაძეს ბაზრის მფლობელთან მოლაპარაკებაში დახმარებას თხოვდნენ. მოვაჭრეები ძველი ბაზრის ტერიტორიაზე  ვაჭრობის უფლების დაბრუნებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ახალ შენობაში არ იმუშავებენ, რადგან იქ მაღალი გადასახადებია, რომლის გადახდა მათ არ შეუძლიათ.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტი პატარაა და ჩვენ ვერაფერს ვვაჭრობთ. ხალხი ბაზარში არ დადის. ვაჭრობა რაკი არ გვაქვს და არ შეგვიძლია ახალ ბაზარში დადგენილი მაღალი გადასახადის გადახდა, ჩვენ ვითხოვთ, ძველ ბაზარში მოგვეცენ ვაჭრობის საშუალება“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

მოვაჭრეები ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი ქავთარაძესთან შეხვედრას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. ზესტაფონის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, გოგი ქავთარაძე, იმ დროისთვის, როცა მოვაჭრეებს მასთან შეხვედრა სურდათ, თბილისში იმყოფებოდა. ამ ფაქტმა კი, მოვაჭრეების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც ისინი ქავთარაძის კაბინეტში ძალით შეიჭრნენ. სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ ბაზრის მოვაჭრეებმა მაჟორიტარის ბიურო დატოვეს.

ამავე დღეს,  11 იანვარს,  ბაზარში დასაქმებულებს, ბაზრის ხელმძღვანელობისაგან  წერილობითი შეტყობინება მიუვიდათ, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათ,  ბაზრის ტერიტორიის დატოვების ვადა 14 იანვარს ეწურებოდათ.

12 იანვარს კი, ზესტაფონის აგრარული ბაზრის „ბარაქის“ მოვაჭრეები დირექციის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან თამაზ ბეჟუაშვილთან მივიდნენ, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ზესტაფონის საკრებულოს თავჯდომარე თამაზ ბეჟუაშვილის აცხადებს, რომ მისთვის ბაზრის პრობლემები ნაკლებად ცნობილია:

„ჩემთვის ბაზრის პრობლემები მინიმალურად არის ცნობილი. ვიცი რომ აშენდა ახალი ბაზარი და პარალელურად არის ძველი ბაზარიც. ახალ ბაზარში შესვლა კი ზოგს უნდა და ზოგს არ უნდა. მე ამ პრობლემით არ დავინტერესებულვარ და არ ვიცი რა ხდება. ამ ხალხს მე რა პასუხი უნდა გავცე?“ - ამბობს ბეჟუაშვილი.

ზესტაფონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები არსებული ვითარების დაძაბვაში ძმებ სამადაშვილებს ადანაშაულებენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, აგრარული ბაზარი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაძალადევის რაიონის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატის, მერაბ სამადაშვილის ძმის, ომარ სამადაშვილის საკუთრებაშია.

 „ზესტაფონში დღემდე ვერ გაიგეს როგორ და რა ფასად იყიდეს ძმებმა სამადაშვილებმა ეს ბაზარი. ამ ადამიანებს აქ არავინ იცნობს, თუმცა ყველა ზესტაფონელმა იცის რომ მთელი ზესტაფონი მათ შეჭამეს.“ _ აცხადებენ აგრარული ბაზრის მოვაჭრეები.

ძველი ბაზრის ტერიტორია, სადაც  მუშაობის გაგრძელების უფლებასაც მოვაჭრეები  ითხოვენ, სანიტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს და ბაზართან მისასვლელი გზაც მოუწესრიგებელია.

მოვაჭრეების განცხადებით, გზის გადათხრა სპეციალურად მოხდა იმ საფუძვლით, რომ ახალი ასფალტი უნდა დაეგოთ.

 „გზა, რომელიც ბაზრამდე მიდის როგორც გადათხარეს ისე დააგონ. გადათხრილი გზის გამო წვიმაში და თოვლში ვზივართ ჩვენც გარეთ, რადგან მყიდველი შენობამდე ვერ მოდის. ეს კი გარე ვაჭრობას იწვევს, რაც იკრძალება. ამიტომ მოაწესრიგონ ეს გზა და ჩვენც იმ ძველ შენობაში შევალთ.“ - აცხადებდნენ მოვაჭრეები.

ზესტაფონის საკრებულოს წევრი კახა შავგულიძე კი, აცხადებს, რომ ამ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერსესდეს.

„თვით მესაკუთრესაც კი ამ ფორმით ამ ადამიანების გამოგდების უფლება არ აქვს. მესაკუთრემ კეთილი უნდა ინებოს და წერილობით დასაბუთებულად მიაწოდოს ამ ადამიანებს ინფორმაცია, თუ რატომ არ უშვებენ ბაზრის ტერიტორიაზე. რათა ამ ადამიანებს გასაჩივრების საშუალება ჰქონდეთ.“

 ზესტაფონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა მთავრობის კანცელარიასთანაც გამართეს აქცია. ისინი ბაზრის დანგრევასა და სავაჭრო ადგილების ჩამორთმევას აპროტესტებდნენ. მოვაჭრეებს კანცელარიასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა კიკნაველიძე შეხვდა. აქციის მონაწილეებს იგი საქმის გამოძიების მიზნით პროკურატურასთან შუამდგომლობას დაპირდა.

მიუხედავად დეპუტატის დაპირებისა, აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაადგილება გადაწყვიტეს. „ბიძინა ივანიშვილმა რომ იცოდეს როგორ ირღვევა  ჩვენი უფლებები, ასეთ გაწამაწიაში არ ვიქნებოდით" - განაცხადეს მოვაჭრეებმა.

მოგვიანებით მათ მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. ბიზნეს ცენტრთან მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი კახაბერ წერეთელი მივიდა და მოვაჭრეების მოთხოვნებს გაეცნო. შეხვედრაზევე გადაწყდა, რომ აქციის მონაწილეების 5-კაციან ჯგუფს პირადად მთავარი პროკურორი შეხვდება.სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამ პრობლემით პროკურატურაც დაინტერსდა და არსებულ ვითარებას დაწვრილებით შეისწავლის.

 აგარარული ბაზრის მოვაჭრეებმა ზესტაფონის გამგეობის წინ აქცია 16 იანვარსაც გამართეს. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. საღამოს შვიდი საათისთვის კი, მოვაჭრეებმა აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი მთავარი გზა ნახევარი საათით გადაკეტეს. საავტომობილო გზის აღდგენა პოლიციის ძალის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. 17 იანვრიდან კი, პროკურატურაში  ბაზრის მოვაჭრეებს და მფლობელს შორის არსებული პრობლემის შესწავლა დაიწყო.

ახალი ამბები