კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სუფსის პორტი - „ნაციონალების“ კიდევ ერთი ბლეფი

21 იანვარი, 2013

ნინო მშვიდობაძე, გურია

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება, გურიის გუბერნატორი და პარლამენტის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატი ლანჩხუთიდან მუდმივად საუბრობდნენ სუფსაში პორტის აშენებაზე. საპორტო ინფრასტრუქტურა 180 ჰა-ზე უნდა გაშენებულიყო. ამისათვის 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდებოდა, ხოლო პორტის წლიური ტვირთბრუნვა 40 მლნ ტონა უნდა ყოფილიყო.

პორტის აშენება სოფელ გრიგოლეთში, ზღვის სანაპირო ზოლში იგეგმებოდა. მას ექვსი ნავმისადგომი უნდა ჰქონოდა.

მშენებლობა კომპანია „ბლექ-სი პროდაქტს“ უნდა განეხორციელებინა. უშუალოდ ნავსადგურის ტერიტორიას 46 ჰა. მიწის ფართობი უნდა მოეცვა, ხოლო მთლიანად პორტი მთელი ინფრასტრუქტურით 180 ჰექტარზე უნდა გაშენებულიყო. სამუშაოებს „საქჰიდროენერგომშენი“ აწარმოებდა.

„ბლექ სი პროდაქტსა“ და მაშინდელი ეკონომიკის სამინისტროს შორის ხელშეკრულება სუფსაში პორტის მშენებლობაზე 2009 წელს გაფორმდა.

„ბლექ სი პროდაქტი“ (დირექტორი შალვა წაქაძე) ქართულ-უცხოური კომპანიაა.
2010 წლის ივლისში წაქაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე აცხადებდა, რომ ნავსადგური განსაკუთრებით დატვირთული  იქნებოდა მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეს, სადაც, როგორც თავად თქვა, 18 მეტრი სიღრმის კანიონში ნებისმიერი სიდიდის გემის დატევა იქნებოდა შესაძლებელი.

ორი წლის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მდინარე სუფსის მარცხენა სანაპიროზე მოეწყობოდა სარკინიგზო ბორანი, რომელიც ურეკის რკინიგზის სადგურსა და ნავმისადგომს ერთმანეთთან დააკავშირებდა. გაკეთდებოდა საბორნე გადასასვლელი ხიდი.

ექვსნავმისადგომიანი პორტი უნდა მომსახურებოდა როგორც საკონტეინერო, ასევე კომბინირებულ, ნავთობის, მარცვლეულის, ხორბლის, ავტომობილების გადაზიდვას. იქნებოდა რევერსული, ანუ გამშვებ-მიმღები ხაზები. ვარაუდობდნენ, რომ პორტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ორივე ტერმინალზე დაახლოებით 2500 ადამიანი დასაქმდებოდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი გიორგი გოგუაძე თვლიდა, რომ სუფსის პორტი ლანჩხუთისათვის და არა მარტო ლანჩხუთისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო. მისი თქმით, პორტის ინფრასტრუქტურა განთავსდებოდა ლანჩხუთში, იქნებოდა სამრეწველო ზონა და ადგილობრივი ბიუჯეტი გარკვეულ შევსებას მიიღებდა, პორტის მშენებლობაზე კი ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდებოდა.

გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი აცხადებდა: „სუფსის პორტი ბათუმისა და ფოთის პორტებზე ღრმა იქნება და უფრო დიდი წყალწყვის გემების მიღება შეეძლება. მხოლოდ მშენებლობის პერიოდში აქ დასაქმდება დაახლოებით 3 ათასამდე, ხოლო მუდმივად - 2500-მდე ადამიანი. რა თქმა უნდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება გურიიდან. უკვე დაწყებულია მიწის მოსამზადებელი სამუშაოები. აქვე აშენდება დიდი ტერმინალები, სადაც უამრავი ტვირთები გაჩერდება“.

humanrights.ge-ს ინფორმაციით, შპს „ბლექ-სი პროდაქტი“ 2008 წლის 10 ოქტომბერს დაფუძნდა. მისი დირექტორი ქალაქ სოხუმში 1971 წელს დაბადებული სარდიონ მაქაცარია იყო. თუმცა, 2009 წლის 17 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, მაქაცარია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი ადგილი თბილისში მცხოვრებმა შალვა წაქაძემ დაიკავა. საქმიანობის შესახებ გრაფაში აღნიშნულ კომპანიას მითითებული აქვს თევზჭერა, თევზის მრეწველობა და გადამუშავება, თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოება და სხვა საქმიანობა, რომელსაც არ კრძალავს საქართველოს კანონმდებლობა. ხსენებული კომპანიის დამფუძნებლები ოთხი ფიზიკური და ერთიც იურიდიული პირია. ესაა - „ემ ენდ დი ინტერნეიშნალ თრედინგანგი“, რომელიც შვეიცარიაში „ცუგის კანტონის“ სავაჭრო რეესტრშია დარეგისტრირებული. კომპანია გურიის რეგიონში 445 338 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობს.

რაც შეეხება სუფსის პორტს, ამ საკითხზე ჩვენთვის მხოლოდ ის ინფორმაციაა ცნობილი, რასაც იმ დროისთვის ადგილობრივი და არა მხოლოდ მედია და ლანჩხუთის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებდა, საიდანაც ვიგებთ, რომ სუფსის პორტის განხორციელებისათვის 2012 წლის ბოლომდე 600-700 მლნ დოლარი უნდა დახარჯულიყო. წინასწარი გათვლებით, სუფსის პორტში საშუალო წლიური ტვირთბრუნვა დაახლოებით 40 მლნ. ტონა უნდა ყოფილიყო. „ბლექ სი პროდაქტის” მესვეურთა ცნობით, იმპორტზე სერიოზული განაცხადი გააკეთა ყაზახეთმა. ვინ არის შალვა წაქაძე? ინტერნეტში ვინმე შალვა წაქაძე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაშია დასაქმებული. უცნობია, არის თუ არა ეს ის შალვა წაქაძე, რომელიც კომპანია „ბლექ-სი-პროდაქტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. უშუალოდ კომპანიის შესახებ გამომცემლობა „შვიდი დღე“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ბლექ სი ფროდაქთი“ თავიდან შვეიცარიაში იყო დარეგისტრირებული: „საწესდებო კაპიტალი იყო 200 ევრო, შემდეგ ეს კომპანია გადატანილია იტალიაში. ამჟამად ის რომელიღაც ოფშორულ კუნძულებზეა დარეგისტრირებული. ამიტომ რეალურად ვინ შემოდის მილიონიანი ინვესტიციით და ვინ ანადგურებს ქართულ ეკოსისტემას - უცნობია“, - წერდა გამომცემლობა.

„ბლექ-სი პროდაქტმა“ პორტის ასაშენებლად მიწები ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მიზერულ ფასად - 1კვ/მ ხუთ დოლარად შეისყიდა. Humanrights-მა იპოვა ის ადამიანები, ვინც დღეს ამ გარიგებას აპროტესტებენ და სასამართლოში საჩივარიც აქვთ შეტანილი.

როგორც სუფსაში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, ვინც თანახმა არ იყო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ საკარმიდამო ნაკვეთი „ბლექ-სი პროდაქტისთვის“ მიეყიდა, მუდმივად განიცდიდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ზეწოლას.

მისივე თქმით, ის თანხა, რასაც მათ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები სთავაზობდნენ (5 დოლარი 1 კვ.მ.-ზე), აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

იმ ფართობზე, სადაც 2012 წლისთვის სუფსის პორტი აშენებული უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს. სუფსელები ამბობენ, რომ კარგა ხანია, არც რაიმე ტიპის ტექნიკის გადაადგილება არ შეუნიშნავთ. საზღვაო პორტის მშენებლობა მხოლოდ მცირე ზომის ტბის ნახევრად დაშრობით შემოიფარგლა, არადა, მთელ ამ აურზაურს 35-მდე ადგილობრივი მოსახლის ქონება შეეწირა.

 ჩვენთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის წევრი რომან ბიწაძე აცხადებს, რომ სუფსის პორტის თემამ 2010 წლის მარტისთვის წამოიწია: „სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმ დროისთვის ლანჩხუთში იმყოფებოდა. პროექტი საკმაოდ ამბიციური იყო. ოთხი წლის მანძილზე 700 მილიონ დოლარამდე უნდა დახარჯულიყო. ამ პროექტს ყველა დიდი იმედით უყურებდა. თუმცა მე მაშინვე გამოვთქვი ეჭვი პორტის რეალობასთან დაკავშირებით. ეს ეჭვი არ იყო განპირობებული იმით, რომ მე მაშინ ოპოზიციონერი ვიყავი. ის ეფუძნებოდა მთელ რიგ საკითხებს. პირველი ეჭვი გამიჩნდა მაშინ, როცა კანიონის სიღრმეზე იყო საუბარი. სუფსის ნავთობტერმინალმა ზღვის სიღრმეში, სანაპიროდან კილომეტრნახევრის დაშორებით გააკეთა ტივტივა-ნავმისადგომი, ანუ იქ რომ დიდი ტევადობის გემების შემოსვლა შესაძლებელი იყო, ტერმინალი გააკეთებდა ტივტივას ნაპირთან. გეოლოგიური მონაცემებით ვიცი ისიც, რომ იმ აკვატორიაში წყალი ღრმა არაა. წერდნენ, რომ 18 მეტრის კანიონი იყო. არადა, ნებისმიერი გლეხი მიხვდება, რომ ასეთი სიღრმე რომ იყოს, მდინარე სუფსა ასე მდორედ ზღვაში არ ჩაედინებოდა. მთავარი მაინც ისაა, რომ სერიოზულ აფერას ჰქონდა ადგილი. ამ ადამიანებს (კომპანიის მესვეურები მყავს მხედველობაში) მიწების მიზერულ ფასად ხელში ჩაგდება აინტერესებდათ“.

ბიწაძე ფიქრობს, რომ ტერიტორია სტრატეგიულია და ხელში ჩაგდების შემდეგ ამ მიწების შემდგომი გასხვისება უფრო სარფიან ფასად იოლი შესაძლებელი იქნებოდა.

პავლე თევზაძემ, რომელიც „ბლექ სი პროდაქტის“ ადგილობრივი თანამშრომელია, Humanrights.თან საუბარში განაცხადა: „მე ვიყავი რიგითი თანამშრომელი. ვიცი მხოლოდ ის, რომ შეისყიდეს 150 ჰა.-მდე. მიწის ფასი სხვადასხვა იყო, ნაწილი 5 დოლარად იქნა შესყიდული, ნაწილი - 10 და 20 დოლარად. ორგანიზაციის ხელმძღვანელები უცხოეთში არიან, ალბათ, მუშაობაც ამიტომ შეჩერდა“.

კომენტარი ვთხოვეთ საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძეს:

– ეს არის კერძო კომპანია და ამდენად, რა ინვესტიციაა ჩადებული, რა იგეგმება, საჯარო არაა და ჩემთვის ცნობილი არაა. ვიცი ის, რომ არსებობს ბიზნეს-გეგმა, რის ფარგლებშიც შეძენილია მიწები, თუმცა მუშაობა ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ როდის გაგრძელდება, ინფორმაციას ვერ ვფლობ.

თავიდანვე ამბობდნენ, რომ პორტი 2012 წლისთვის აშენდებოდა და იქ 2500 ადამიანი დასაქმდებოდა. ჩიტიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის ბიზნეს-გეგმა მართლაც ასეთი იყო, თუმცა ახლა სამუშაოები შეჩერებულია.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც „ბლექ სი პროდაქტს“ მიწა არ მიჰყიდა, ლანჩხუთელი ბადრი კუტალაშვილია. humanrights.ge მას დაუკავშირდა და აღნიშნულ თემაზე კომენტარი სთხოვა.

ბადრი კუტალაშვილი: „იმ ტერიტორიაზე მე ვფლობდი საკმაო ოდენობის მიწას. კომპანიის წარმომადგენლობამ მიწის ფასი თავიდან 35 დოლარი დაასახელა, ბოლოს კი 5 დოლარზე ჩამოვიდა, თუმცა უკეთეს ადგილას, ზღვის სანაპიროსთან ვისაც ჰქონდა - იმათ 25 დოლარი შესთავაზეს. ჩემი ნაკვეთი საკმაოდ პერსპექტიული იყო. 5 წლის წინ კომპანია „ვისოლი“ 35 დოლარს მთავაზობდა დასაქმების პერსპექტივით. მაშინაც აუდიტის შეფასება ვითხოვე და „ვისოლს“ თავის მიერ დასახელებულ ფასად მიწა არ მივყიდე. ჩემი მიწის საბაზრო ღირებულება 150 დოლარია. „ბლექ სი პროდაქტი“ კი 25 დოლარს მთავაზობდა. არც ვიცი ვინ დამიკავშირდა, წაქაძე ვარო, მითხრა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენელი იყო თუ არა, ვერ გეტყვი. მაშინ მოლაპარაკება იყო ისეთი, რომ მომცემდნენ სხვა ნაკვეთს, მაგრამ ისეთი ადგილი მაჩვენეს, სასაცილოდ არ მეყო, ჭაობი იყო სულ, მაშინ როცა ჩემი კუთვნილი მიწა ტრასასთან ახლოს, ზღვის სანაპირო ზოლშია. ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლები: წაგართმევთ, კაპიკსაც არ მოგცემთ. პოლიციის თანამშრომლებს მიგზავნიდნენ. მაშინ ვუთხარი, ჩემი თუ არის მიწა, მაშინ მომეცით იმდენი, რამდენსაც სხვა მთავაზობდა, თუ არადა, არ ვყიდი-მეთქი. ბოლოს ჩვენი რაიონის ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი გოგუაძემაც დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ხალხი მოვა და დაგელაპარაკებათო. თან დაამატა, არ მინდა მუქარა გამომივიდესო. ვუთხარი, რომ მუქარა უკვე იყო. ამის მერე ოზურგეთში დამიბარა პროკურორმა კოჩივარმა და საბუთები მომთხოვა. დამიწყო დაკითხვა, თუ ვიცოდი ჩემი მიწის საზღვრები, ვინ იყვნენ მეზობლები, რომ ვერ ჩამჭრეს, ორჯერ ჩამიყვანეს ოზურგეთში. ფსიქოლოგიური ზეწოლები ხორციელდებოდა ჩემზე: თანამდებობის პირი იყავი და მიწა ასე ჩაიგდე ხელში, თორემ ვინ მოგცემდაო. სიცოცხლით ფასად რომ დამიჯდეს, მიწას არ დაგითმობთ-მეთქი, განვუცხადე. პენსიონერი მასწავლებელი ვარ და მეუბნებით, რომ სახელმწიფოს მიწა ვაჩუქო-მეთქი?! ბრალს წაგიყენებთო, დამემუქრნენ, მაგრამ ამაოდ. არ დავთმე მიწა იმ ფასად, რასაც მთავაზობდნენ.

ამის შემდეგ ინგლისიდან ჩამოვიდნენ ინვესტორები, რომლებიც ჩემმა შვილმა გამოგზავნა. მათ ნახეს მიწა, ყველაფერი და ყოფილ გამგებელთან წავიდნენ. გოგუაძემ მათ უთხრა, რომ რასაც ხელს დაადებთ, ყველა ნაკვეთი თქვენი იქნებაო. ჩვენ შევთანხმდით, რომ მიწის ღირებულების ნაწილს ჩამირიცხავდნენ და ბიზნესის წილშიც ვიქნებოდი. გავაფორმეთ ხელშეკრულება და რამდენიმე დღეში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ გამგებლიდან არაფერი პასუხი არ ისმის, დააჩქარეთ, თორემ ინვესტიციებს არ განახორციელებენო.

– ფიქრობთ, რომ ხელისუფლებისგან ხელის შეშლას ჰქონდა ადგილი?

– კი, ასეა, გოგუაძემ ხელი შეუშალა ამ ინვესტიციის განხორციელებას. მათ სურდათ, რომ იქ პორტი აგებულიყო... მაგრამ სადაა ეს დაპირებული პორტი? მთელი დასავლეთ საქართველო დასაქმდებაო, რომ წერდნენ, სადაა? ხალხს უთხრან, რატომ მიაყიდინეს ამ კომპანიისთვის კაპიკებად მიწები?

Humanrights.ge შეეცადა, დაკავშირებოდა შალვა წაქაძეს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი კოორდინატები ვერ მოვიძიეთ. ფაქტი ერთია, ამ დროისათვის უკვე ექსპლუატაციაში გასული პორტის ნაცვლად სუფსაში მხოლოდ სანახევროდ დამშრალი ტბა დარჩა.

ახალი ამბები