კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხმაური თელავის გამგეობაში - სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ

25 იანვარი, 2013

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

23 იანვარს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულებმა მორიგი აქცია თელავის მუნციპალიტეტის გამგებლის მისაღებთან გამართეს. აქციის მონაწილეები სტიქიით დაზარალებულთა სიაში შეყვანას და კომპენსაციას ითხოვენ. მათ თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ზურაბ ყურაშვილთან შეხვედრა სურდათ, თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ისინი გამგებლის მისაღებშიც არ შეუშვეს. გამგეობაში კი განაცხადეს, რომ ყურაშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა.

ვარდისუბნის მაცხოვრებლების თქმით, ისინი 2012 წლის 19 ივლისს, სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და 1 000-ლარიანი კომპენსაციებიც მიიღეს, მაგრამ ზარალის დამთვლელმა კომისიამ დაზარალებულთა ახალ სიაში აღარ შეიყვანა.

მოქალაქეებს გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი შეხვდა და განუცხადა, რომ იმ დაზარალებულებს, ვისაც მოსავალი დაუზიანდათ, შესწავლის შემდეგ კომისია დამატებით სიაში შეიყვანს, მათზე კი, ვინც სხვა სახის ზარალი მიიღო, კომპენსაცია არ გაიცემა.

„ყველა სოფლის გამგებელს მივეცი დავალება, რომ თუ გამორჩენილია ოჯახები, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო ზიანი მიადგათ, კომისიამ სიაში შეიყვანოს. მაგრამ, მხოლოდ სასოფლო სამურნეო სავარგულებზეა ეს კომპენსაცია გათვალისწინებული“, - უთხრა გამგებლის მოადგილემ აქციის მონაწილეებს.

ვარდისუბნის მაცხოვრებლებმა, ნაპირელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ, წინასაარჩევნოდ, სტიქიით დაზარალებულებისთვის მიცემული დაპირების შესრულება და ყველა ოჯახზე 4 700 ლარის გაცემა მოსთხოვეს. „აბა რისთვის მივეცით ხმები?! იმიტომ, რომ უნდა დაგვხმარებოდა“, - განაცხადა ვარდისუბნის მაცხოვრებელმა ნანა წიწაშვილმა.

„არ მიგიცია ხმა! გეტყობა, როგორც მიეცი! როგორ უნდა დამიმიტკიცო, რომ ხმა მიეცი?“ - მიმართა მოქალაქეს „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა გოცირიძემ, რომელიც გამგეობაში იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც დავით ნაპირელმა აღნიშნა, რომ ხალხს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ზარალი აუნაზღაურდება, სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც გამგებლის მოადგილემ ვარდისუბნელებს განუცხადა, რომ სოფელში დაბრუნებულიყვნენ და გამგეობის წარმომადგენლები, სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ადგილზე შეხვდებოდნენ.

გამგებლის მოადგილის პასუხმა ვარდისუბნელების უკმაყოფილება გამოიწვია. „წესიერ პასუხს არ გვცემენ, გამოგვიშვა ამდენი ხალხი. აგვინაზღაურდეს, რაც დაგვიზიანდა. 1 000 ლარები გეყოთო, გვეუბნებიან,“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აქციიის მონაწილე მერი წიგნაძემ.

„არ გვაძლევენ დახმარებას, თუ სხვა სოფლებს ეკუთვნის, ჩვენც დავზარალდით. რწმუნებულთან გვაგზავნიან. ის გვეუბნება, ჰექტრის 15 მეასედზე არაფერი გეკუთვნისო. ჯიბრში მიდგანან. თურმე სხვა პარტიისთვის მიმიცია ხმა, ვისაც მინდოდა იმას მივეცი ხმა“, - აღნიშნა ვარდისუბნის მაცხოვრებელმა ნანა წიწაშვილმა.

შეგახსენებთ, სტიქიით დაზარალებულებზე კომპენსაციების გაცემა 23 იანვრიდან დაიწყო. თანხის მიღება კახეთში ბანკ „ქართუს“ თელავის ფილიალშია შესაძლებელი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დაზარალებულთა სიაში სულ 29 ათასამდე ბენეფიციარია. სამინისტრომ 23 იანვარს 2768 ბენეფიციარის სია გამოაქვეყნა.  სამინისტროს ცნობით, დაზარალებულთა სიები ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგეობაშია გადაგზავნილი. „მოქალაქეებმა, იმისათვის, რომ დააზუსტონ, მოხვდნენ თუ არ პირველი ტრანშის სიაში, ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მოსახლეობას ინფორმაციის მიღება ასევე შეეძლება სოფლის რწმუნებულებთან. ბენეფიციართა მომდევნო სია ბანკ „ქართუს“ უახლოეს დღეებში გაეგზავნება. მთლიანად, კომპენსაციების გაცემა, სავარაუდოდ, 5-6 კვირა გაგრძელდება. მთელი პროცესი რომ წარიმართოს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თხოვს დაზარალებულ მოქალაქეებს, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით, დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივ გამგეობებში, რომლებიც სრულად იქნებიან ინფორმირებულნი ყველა პროცედურასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, სტიქიით დაზარალებულთა სიაში ვერც 2012 წლის 10 მაისს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულები მოხვდნენ იმის მიუხედავად, რომ არსებული მონაცემებით, სტიქიამ მათ მოსავლის 80 % გაუნადგურა. დაზარალებულები სხვადასხვა ბანკებიდან აღებული აგროსესხების გადახდას ვეღარ ახერხებენ, რის გამოც მათ საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენა ემუქრებათ. 

ორიგინალი, ვიდეო

ახალი ამბები