კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ვაჰაგნ ჩახალიანის უფლებების დარღვევების თაობაზე

29 იანვარი, 2013

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ამნისტიის კანონის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციებით და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ასევე - საპარლამენტო უმცირესობას, შეწყვიტონ გამიზნული დეზინფორმაციის გავრცელება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და უმცირესობის სხვა წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში ვაჰაგნ ჩახალიანს მიაწერენ ისეთ მძიმე დანაშაულებს, რაც მას ბრალად წაყენებული არ ჰქონია. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ჩახალიანი არის „რუსეთის ჯაშუში“, თითქოსდა მან „მონაზონი სცემა“, „დაარბია ეპარქია, უნივერსიტეტი და პოლიცია“, „იარაღს აგროვებდა ამბოხებისთვის“ და ა.შ.

სინამდვილეში, სასამართლო განაჩენის თანახმად, ვაჰაგნ ჩახალიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა დანაშაულები გათვალისწინებული: სსკ-ის 226-ე მუხლით(1) , სადაც მას სასამართლომ დანაშაულად ჩაუთვალა რამდენიმე სანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა (და არა ორგანიზება); სსკ 236–ე მუხლის I ნაწილით(2) , სადაც ბრალდებული აცხადებდა, რომ მას იარაღი „ჩაუდეს“, მაგრამ სასამართლომ მისი ჩვენება არ გაიზიარა; ასევე - სსკ-ის 23-ე (3) / 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(4) , რაც გულისხმობს ხულიგნობას.

როგორც ხედავთ, ცალკე აღებული, არც ერთი ზემოთაღნიშნული ბრალდება არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-5 წელზე ხანგრძლივად. თუმცა, სასჯელთა შეკრებითობის არაჰუმანური პრინციპის მოქმედების პირობებში, სასამართლომ ჩახალიანს ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის ჯამში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ არაადეკვატურად მაღალი სასჯელი პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ კრიტერიუმად ითვლება, როგორც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის(5) , ისე 2012 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციით(6) .

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიმართა საქართველოს პროკურატურას თხოვნით, შეესწავლა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის უპასუხისმგებლო განცხადება და დაეკითხა იგი საქართველოს მოქალაქის ცრუ დასმენასთან დაკავშირებით (განცხადება სრულად იხ.:  http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=16112&lang=geo ).

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ როგორც დავით ბაქრაძის, ისე საპარლამენტო უმცირესობის სხვა წარმომადგენლებისა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას - ცრუ დასმენას, რომელიც კანონით დასჯადია. ისინი არღვევენ საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმციას და ჩახალიანს მიაწერენ დანაშაულს, რომელიც სასამართლოს განაჩენის თანახმად, მას არ ჩაუდენია.
 
ამავე დროს, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები სამართლიანად იწვევს საქართველოში მცხოვრები მრავალათასიანი სომხური დიასპორის უკმაყოფილებას, რაზეც მიუთითებს 26 იანვარს გავრცელებული სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადება, სადაც სომეხი პატიმრის გათავისუფლებაზე მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებია გაკრიტიკებული.

ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 წლის ზაფხულში ახალქალაქში დააკავეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით, ჩახალიანს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

სასამართლოს განაჩენით, ვაჰაგნ ჩახალიანი სასჯელს იხდიდა ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვისათვის. ამ მუხლებს ახლახან შეეხო პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონი, რომლის საფუძველზეც ვაჰაგნ ჩახალიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მონაზონის ფიზიკური შეურაცხყოფის დაუსაბუთებელი ბრალდება მას ჯერ კიდევ სასამართლომ მოუხსნა.

საქმეში არსებული კონკრეტული ბრალდებების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ჩახალიანის სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად იყო მოტივირებული, ხოლო მისი დაპატიმრება ჰგავდა წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. მსგავსი ხელწერით წინა ხელისუფლებას სხვა პოლიტიკურად აქტიური და მისთვის „არასასურველი“ ადამიანებიც ჰყავდა დაპატიმრებული და გასამართლებული. 

დაკავებისას (2008 წ.) ვაჰაგნ ჩახალიანი გახლდათ პოლიტიკური მოძრაობა „გაერთიანებული ჯავახკის დემოკრატიული ალიანსის“ ლიდერი და პოლიტიკური აქტივისტი. სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ამ ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით არც აკრძალულია და არც შეზღუდული. შესაბამისად, მისი წევრობა აპრიორი დანაშაულად ვერ ჩაითვლება .

ვაჰაგნ ჩახალიანის პოლიტიკური განცხადებები ყოველთვის გამოირჩეოდა სიმძაფრით და მიუღებელი იყო საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის. ჩახალიანი ხშირად მართავდა საპროტესტო აქციებს სხვადასხვა პოლიტიკური მოთხოვნით, რომელთა ნაწილს შესაძლოა, არც ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებდეს. სამწუხაროდ, გვიწევს, საქართველოს პრეზიდენტს და საპარლამენტო უმცირესობას შევახსენოთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური მრწამსი არ შეიძლება იყოს მისი სისხლის სამართლებრივი დევნის მიზეზი და რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა მთავრობის საქმიანობის პირობებში, იუსტიციის სამინისტრომ უარი განუცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის პარიზის ადვოკატთა კოლეგიის ადვოკატს პატრიკ არაპიანს ვაჰაგნ ჩახალიანის საქმეში ჩართვაზე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული დაცვის უფლება და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და საპარლამენტო უმცირესობა ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლების ფაქტს სომხეთის კათალიკოსის რეკომენდაციას უკავშირებენ. ეს მაშინ, როცა ვაჰაგნ ჩახალიანს შეეხო კანონი ამნისტიის შესახებ და იგი ვერ იქნებოდა გამონაკლისი სხვა ამნისტირებულ პატიმრებს შორის. შესაბამისად, ჩახალიანის განთავისუფლების უპირველესი საფუძველი არის კანონი და არა რაიმე რეკომენდაცია ან სხვა რამ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა თავი შეიკავა ვაჰაგნ ჩახალიანის პოლიტპატიმრების სიაში შეყვანისგან და მისი საქმე, დამატებით განსახილველად, ცალკე გამოყო რამდენიმე სხვა საქმესთან ერთად, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება მის გათავისუფლებას ამნისტიის ძალით.

მიგვაჩნია, რომ ვაჰაგნ ჩახალიანის საქმე უნდა შეისწავლოს სამართლიანმა სასამართლომ, რათა საბოლოოდ გაეცეს პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

(1)სსსკ-ის 226-ე მუხლი: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. ისჯება: ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
(2)  სსსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილი: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა. ისჯება: ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
(3)  სსსკ-ის 23-ე მუხლი: დანაშაულში თანამონაწილეობა, რაც ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში.
(4)  სსსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ისჯება: ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

[5]   http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/GEO(2).pdf
(6)  http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=15674&lang=geo

(7)  ინფორმაციისათვის: ბოლო წლების განმავლობაში „ჯავახკის“ სახელით სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე ორგანიზაცია მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები სხვადასხვა დროს იყო დაფუძნებული და სხვადასხვა ლიდერები ჰყავდა, მათ ერთნაირი მიზნები და ამოცანები ჰქონდათ. „ჯავახკის“ სახელით ცნობილი ორგანიზაციების მიზნებს და განცხადებებს საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში სეპარატიზმის კონტექსტში განიხილავდა და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. თუმცა, ამ კუთხით ორმაგი სტანდარტის პოლიტიკაც შეინიშნება. მაგალითად, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს „ჯავახკის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში. ახალქალაქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნორიკ კარაპეტიანი „ჯავახკის“ მოქმედი ლიდერი გახლდათ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ პეტროსიანი - ამავე ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი. არჩევნებში სწორედ სამველ პეტროსიანმა გაიმარჯვა. „ჯავახკის“ სახელით მოქმედი ორგანიზაციების ლიდერებს, ხშირ შემთხვევაში, დიდი ავტორიტეტი აქვთ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის თვალში და მათთან კონსტრუქციული ურთიერთობა ერთგვარი ვალდებულება, ამავე დროს - დიდი გამოწვევაა საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.

ახალი ამბები