კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველები აქცენტს განსასჯელის არჩევანის თავისუფლებაზე აკეთებენ

30 იანვარი, 2013

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი    

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების საქმეებს განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ, ორი მოსმენის შემდეგ, 103 ხმით დაამტკიცა.  როგორც ირკვევა, იგეგმება დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით ბრალდებულს არჩევანის თავისუფლება ეზღუდება და საბოლოო გადაწყვეტილებას, განიხილონ თუ არა ესა თუ ის კონრეტული საქმე ნაფიცმსაჯულებმა, პროკურორი იღებს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ხალხის მართლმსაჯულების განხორციელებას გულისხმობს. ეს ის შემთხვევაა, როცა პირის დამნაშავეობის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას არა მხოლოდ მოსამართლე, არამედ ხალხი, რიგითი მოქალაქეები, ანუ ნაფიცი მსაჯულები იღებენ. ისინი უსმენენ მხარეების არგუმენტებს, აკვირდებიან მოცემული მტკიცებულებების წარმოდგენის პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ, ხმათა უმრავლესობით იღებენ გადაწყვეტილებას განსასჯელის ბრალეულობის შესახებ.   შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებებით იზრდება საზოგადოების ჩართულობის დონე, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, რაც პროცესებს უფრო გამჭვირვალეს ხდის.

თუმცა, როცა საქმე ყოფილ ან მოქმედ მაღალჩინოსნებს ეხება, ჩნდება ეჭვი, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერ იქნება ობიექტური, როცა საქმე იმ პირებს ეხება, რომელთაც საზოგადოებაში უარყოფითი იმიჯი აქვთ.

ამ თემაზე კომენტარი სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც გააკეთა: „ეს არის დამატებითი ფაქტორი იმის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის პრაქტიკული განხორციელება ქვეყანაში. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმეებს, ეს არის საკმაოდ რთული საკითხი. აქ უნდა არსებობდეს, ერთგვარად საზოგადოების სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესების მეშვეობით უნდა მოხდეს ამ საქმეების განხილვა, უნდა იყოს ეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენებით თუ მის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ნდობის არსებობაა საჭირო. ამ საქმეებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული  კითხვის ნიშნები. სწორედ ამიტომ, ჩვენი ოფისი სწალობს ყველა ამ საქმეს და ვცდილობთ  უახლოეს ვადებში დავდოთ სპეციალური დასკვნა ამ საქმეებთან დაკავშირებით იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია", - აცხადებს სახალხო დამცველი.

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მაღალი თანამდებობის პირთა საქმეების განხილვას გულისხმობს, ჯერ ისევ დავის საგანია. უფლებადამცველები თვლიან, რომ საკანონმდებლო ცვლილებაში ერთი კონკრეტული საკითხი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია - ექნება თუ არა ბრალდებულს უფლება, თავად გადაწყვიტოს, განიხილოს თუ არა მისი საქმე ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ.

„როცა საუბარია მაღალჩინოსანთა საქმეების განხილვაზე, ჩნდება ორი განსხვავებული მოსაზრება. ერთი მხრივ საუბარია იმაზე და ლოგიკურია, რომ მოსახლეობას გარკვეულწილად წინასწარ აქვს შექმნილი განწყობა, რომ ეს მაღალჩინოსნები არიან დამნაშავეები. ამიტომ შესაძლოა ნაფიცმსაჯულებსაც წინასწარი განწყობა ჰქონდეთ. ეს ნამდვილად არის პრობლემა. ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, არჩევანის შესაძლებლობა უნდა მიეცეს თვითონ ბრალდებულს. თუ მათ სურთ ნაფიცი მსაჯულის სასამართლოთი ისარგებლონ, მაშინ შესაძლებელია ეს მოხდეს. თუ არა, მათ დასაბუთებულად უარი უნდა განაცხადონ ამაზე", - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გენერალური დირექტორი ეკა ფოფხაძე humanrights.ge-სთან საუბარში .

იურისტები თვლიან, რომ გასათვალისწინებელია ის, თუ რამდენად თვლიან ყოფილი მაღალჩინოსნები, რომ ის წინასწარი განწყობა, რაც საზოგადოებაში უკვე არსებობს, ხელს შეუშლის მათ მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით: "ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვის გადაწყვეტილება უშუალოდ ბრალდებულმა უნდა მიიღოს. მას უნდა მიეცეს უფლება, მოიქცეს მისი სურვილის მიხედვით და  უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. სხვა შემთხვევაში ეს იქნება კომუნისტების დროს არსებული სახალხო მსაჯულება."

ბრალდებულის არჩევანის თავისუფლების მომხრეა სახალხო დამცველიც: „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება იქნებოდა ერთ-ერთი ეფექტური ფაქტორი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს საკამათო საკითხია. თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული დაკავებულების პოზიცია, მისი თვალსაზრისი." 

ექნება თუ არა განსასჯელს არჩევის თავისუფლება, საკანონმდებლო ინიციატივაში ნახსენები არ არის. თუმცა, უფლებადამცველები ამზადებენ რეკომენდაციებს, რომელშიც აქცენტი განსასჯელის არჩევანის თავისუფლებაზე კეთდება.

ახალი ამბები