კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

1 თებერვალი, 2013
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ჭიდაობის ფედერაციაში 30 იანვარს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილსა და ვეტერან მოჭიდავეს, რაიდ აბრამიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიება დაიწყო. შსს–ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

აღნიშნული მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შეგახსენებთ, ცემის შედეგად ყაზარაშვილმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მისი განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფის მიზეზი მის მიერ კურტანიძისთვის მწვრთნელების გათავისუფლებაზე უარის თქმა გახდა.

„ფედერაციის პრეზიდენტად მე ჭიდაობის მთელმა სამყარომ ამირჩია. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და თავს თვითონ მივხედავთ. რაღაცეები ხდება ხოლმე, მაგრამ ყველაფერი დალაგდება. მე არ მიკითხავს თქვენს ოჯახში რა ხდება. ხანდახან ხდება ხოლმე. აქამდეც ხდებოდა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მთავარია, ახლა ეს ყველაფერი დალაგდეს და ჩაწყნარდეს. ჩვენ ძმები ვართ“, – განუცხადა კურტანიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, რომელიც ამავე დროს პოლიციის აკადემიის პრორექტორია, გასულ წელს წინასაარჩევნო კამპანიისას ლაგოდეხში, სადაც ის კენჭს „ქართული ოცნებიდან“ იყრიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ცემა, მათ შორის - ქალებიც. იხ. ვიდეო ლაგოდეხის ინციდენტის თაობაზე. 

კურტანიძეს უკავშირდება სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა. აუდიოჩანაწერში „ქართული ოცნებიდან" ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე სოფელ კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ჯემალ ნიაზოვს ემუქრება, რომ თუ ის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, არჩევნების შემდეგ საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება. კურტანიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ფარული ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა.

ლუკა კურტანიძემ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვა. კურტანიძემ  8 493 ხმა (36,95%) მიიღო. მისმა კონკურენტმა „ნაციონალური მოძრაობიდან" გია გოზალიშვილმა კი 13 330 ხმა (57,99%).

არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. მაშინ მან განაცხადა, რომ ყველა პროფესიონალი დაფასებული იქნებოდა და მათ გამოცდილებას ფედერაცია სათანადოდ გამოიყენებდა.

დაახლოებით 2 კვირის წინ კურტანიძე პოლიციის აკადემიის პრორექტორადაც დაინიშნა. „შს მინისტრი მოქმედებს გუნდური პრინციპით და ეს გადაწყვეტილებაც ასე მიიღეს. დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა დამაკისრეს. ჩემს პროფესიონალიზმს, ცოდნას და გამოცდილებას პოლიციას გავუზიარებ. ისინი გაცილებით უკეთ იქნებიან მომზადებულები, ვიდრე აქამდე იყვნენ და დავალებებსაც უკეთესად შეასრულებენ“, – განუცხადა ლუკა კურტანიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი ინციდენტის გახმაურების შემდეგ ადგილზე მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეები მივიდნენ. ვეტერანი მოჭიდავის რაიდ აბრამიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ის ლუკა კურტანიძესთან სიტუაციის გარკვევას შეეცადა, კურტანიძე მასაც ფიზიკურად გაუსწორდა.

„თემურ ყაზარაშვილმა დამირეკა, ტიროდა. ხელი დამარტყაო, სად ხარ მეთქი, ფალავანთა კლუბში ვარო. რომ მოვედი, ვიკითხე ლუკა სად არის მეთქი, ოთახში იყო, ქალბატონებიც იყვნენ იქ. რა მოხდა მეთქი ვკითხე, ერთი აქეთ გამოდიო, აქეთ ოთახში გამოვედით, გამოკეტა ის კარი, წამაქცია და მცემა იმის გამო, რომ ვკითხე რა მოხდა შენსა და თემურ ყაზარაშვილს შორის მეთქი. კაცი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ფედერაციის პრეზიდენტი აღარ იქნება იმიტომ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა პატარა ბავშვებს აყურებინა, როგორ ცემა მსოფლიო ჩემპიონი,“ - აღნიშნა რაიდ აბრამიშვილმა.

ლუკა კურტანიძემ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ  ყაზარაშვილი და აბრამიშვილი სავარაუდოდ ნასვამები იყვნენ და გაუგებრობა ამიტომ მოხდა.

„რაღაც გაუგებრობა იყო, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი დალაგდება. ალბათ, ნასვამები არიან, ვიღაც მტკივნეულად აღიქვამს ცვლილებებს, მაგრამ დალაგდება. ყველას რომ მოვეფერებით, მერე ასე მტკივნეული არ იქნება,“ - აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყაზარაშვილმა და აბრამიშვილმა ალკოჰოლური ტესტი ჩაიტარეს, რის შედეგადაც მათი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დადასტურდა.

ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ადგილზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვიც მივიდნენ. ისინი ფედერაციის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. დაახლოებით ორსაათიანი საუბრის შემდეგ ყიფიანმა და ხაბელოვმა ფედერაცია უკომენტაროდ დატოვეს.

ლუკა კურტანიძის განცხადებით, ფედერაციაში დაპირისპირება ახალმა რეალობამ გამოიწვია, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება.

„ახლა ახალი რეალობაა და ამ რეალობიდან გამომდინარე რაღაც რაღაცეები, ვნებათაღელვა მე მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია. მოჭიდავეები ვართ და რაღაც ინციდენტი იყო. მთავარია ამას გაგრძელება არ მოჰყვეს და გამწვავება არ მოჰყვეს. ძმებს შორის არის ხოლმე წყენა ერთ ოჯახში და ჭიდაობის ოჯახში არ არის უცხო. შეიძლება ურთიერთგაგებით მოგვარდეს ეს საკითხი. ჭიდაობის სამყარომ მომცა ის ნდობა, რომლითაც ახლა ვმოქმედებ. ასე რომ, დაწყანრდება ყველაფერი“, - განაცხადა კურტანიძემ.

ახალი ამბები