კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გურიის“ სტადიონის რეკონსტრუქცია შეჩერებულია, მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები კი, დაკითხვაზე დაიბარეს

1 თებერვალი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

2012 წლის ზაფხულში გურიაში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელი გურიის აღორძინების წელი იქნებოდა. აღორძინება კი ლანჩხუთში საფეხბურთო კლუბ „გურიის“ სტადიონის სრული რეკონსტრუქციით უნდა დაწყებულიყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილიც ამბობდა, რომ ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა და 22 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების  სტადიონი გაკეთდებოდა.

მართალია, „გურიის" სტადიონის რეაბილიტაცია წინა მთავრობის პრიორიტეტებს შორის აღმოჩნდა, მაგრამ ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპიც კი არ არის დასრულებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ოქტან მედია" ატარებდა, რომელთანაც ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჯერ 2012 წლის ივლისში, ხოლო შემდეგ, ამავე წლის აგვისტოში გააფორმა. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსი, მაია აფხაზავა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე, სტადიონის მშენებლობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ჩარიცხული 800 ათასი ლარი მთლიანად ათვისებულია. ოქტომბრის შემდეგ კი, თანხა აღარ ჩარიცხულა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებაც სწორედ ამან გამოიწვია.

„ჩარიცხული თანხით გაკეთდა სხვადასხვა ტიპის კველვა,  ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე შეკეთდა სათადარიგო სტადიონის სველი წერტილები და გასახდელები. ძირითად სტადიონზე კი, მოინგრა დასავლეთის და ჩრდილოეთის ტრიბუნები.  აღმოსავლეთის ტრიბუნის კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა. გაკეთებულია სამაგრებიც, რომლებზეც მომავალში სავარძლები უნდა დაიდგას“ – ამბობს აფხაზავა.

აფხაზავას თქმით, სტადიონის რეაბილიტაციისათვის სულ 6 მილიონ ლარზე მეტი იყო საჭირო, აქედან კი, მხოლოდ 800 ათასი ლარი ჩაირიცხა, რაც, როგორც აღვნიშნეთ, სამუშაოების მწარმოებელი ფირმის მხრიდან  უკვე მთლიანად ათვისებულია.

სახელშეკრულებო პირობების მიხედვით კომპანიამ ტერიტორიიდან ე.წ. სამშენებლო ნაგვიც გაიტანა. თუმცა, humanrights.ge-თან საუბარში ლანჩხუთის საკრებულოს ერთ–ერთი წევრი ლევან ჩხაიძე ამბობს, რომ ტერიტორიიდან გატანილი მასალა სამშენებლო ნაგავი კი არა, ძვირადღირებული რკინა–ბეტონი იყო, რომელიც ფირმამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაყიდა.

გურიის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი კახა ებრალიძე  ამბობს, რომ მან ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა:

„მშენებლობა დღეს შეჩერებულია. ოქტომბრის შემდეგ არაფერი გაკეთებულა. მე თავიდანვე არ ვიყავი საქმის კურსში. მოვიდა კომპანია, რომელმაც გამგეობასთან ხელშეკრულება გააფორმა  და სტადიონის დემონტაჟი ისე გააკეთეს, ჩემთვის არაფერი უთქვამთ. არ ვიცი, რატომ ამიარეს გვერდი. ველოდით ევროსტანდარტების დონის სტადიონს და ამ დროს, ხელში  დაშლილი სტადიონი შეგვრჩა. ბალანსის ფორმირების დროს აღმოჩნდა, რომ რაღაცები ადგილზე არ იყო, რის გამოც შპს „ლანჩხუთის გურიას“ ქონება დააკლდა. სწორედ ამიტომ  პროკურატურას მივმართე და ახლა საქმე ძიებაშია“, – ამბობს ებრალიძე. 

რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის პოლიციაში დაკითხვაზე მუნიციპალიტეტეტის ყოფილი მაღალჩინოსნები: ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი კახა ასკურავა, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, ყოფილი გამგებელი გიორგი გოგუაძე, გამგებლის მოადგილე ნუგზარ ღლონტი, საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე დავით ჩხაიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სოსო ჩხაიძე დაიბარეს.

უკავშირდება თუ არა მათი პროკურატურაში დაბარება სტადიონის საკითხს? ამ კითხვით, ჩვენ ზემოჩამოთვლილ მაღალჩინოსნებს მივმართეთ, თუმცა მათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს. 

ახალი ამბები