კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ სამი გამამტყუნებელი განაჩენი ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ

1 თებერვალი, 2013
 
სალომე აჩბა,  http://www.humanrightshouse.org/

ევროსასამართლომ სამ საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეს  საქმეებია: „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“, „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ბაისუევი და ანზოროვი საქართველოს წინააღმდეგ“. მათგან პირველი ორის შემთხვევაში, ევროსასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა (წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა), ხოლო მესამეს შემთხვევაში, დადგინდა ევროკონვენციის მეხუთე მუხლის მეორე ნაწილის (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევა. სამივე საქმე ევროსასამართლოში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლობით შევიდა.  

საქართველოს სახელმწიფოს, ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების შედეგად, კომპენსაციის სახით, ჯაშისთვის 3 ათასი ევროს, ბაისუევისა და ანზოროვისთვის 500-500 ევროს, ხოლო ჯელაძისთვის 5 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. 

უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილმა საქმეებმა იმატა. თავად ევროსასამართლომ არაერთხელ მიმართა სახელმწიფოებს რეკომენდაციით, რომ საქმეების განხილვა და მოგვარება ადგილობრივ დონეზე მოხდეს, რათა სტრასბურგის სასამართლო სხვადასხვა ქვეყნებიდან შესული საქმეებით მაქსიმალურად განიტვირთოს. 

„ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“

საქმეზე - ჯაში საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ციხეში ყოფნისას, საქართველოს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მსჯავრდებული ჯაში ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარებით, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასა და კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა. ციხის ადმინისტრაცია არ დაემორჩილა სასამართლოს 2006 წლის გადაწყვეტილებას, რომელიც მას სავალდებულო ფსიქიატრიული შემოწმების ჩატარებას ავალდებულებდა ფსიქიკური აშლილობის გამოხატული ნიშნების მქონე მსჯავრდებულისთვის. ამ დროის განმავლობაში განმცხადებელმა სამჯერ სცადა თვითმკვლელობა სხვადასხვა ვითარებაში. 

როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ აცხადებენ, სამწუხაროდ,  საქართველოს სახელმწიფო აგრძელებს ციხეში იმ დაკავებულ პირთა უფლებათა დარღვევას, რომელთაც ფსიქიკური აშლილობა აქვთ, რამდენადაც არ ხდება მათი უზრუნველყოფა ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარებით. სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ავალდებულებს სახელმწიფოს სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებას, ზოგ შემთხვევაში, კვლავ აღუსრულებელი რჩება.  

მაგალითისთვის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) საქართველოში 2010 წლის ვიზიტისას აღმოაჩინა, რომ თბილისის მე-7 საპატიმრო დაწესებულებაში არსებობდნენ დაკავებული პირები, „რომლებსაც სასამართლოს მიერ დანიშნული ჰქონდათ სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობა, მაგრამ ისინი ვერ იღებდნენ რაიმე დახმარებას“.

ამჟამად პატიმრობის კოდექსი საპატიმრო დაწესებულებაში ახლადშესული პატიმრების თავდაპირველ ფსიქიატრიულ შემოწმებას არ მოითხოვს.  ასევე, სავალდებულო არ არის შემდგომი რეგულარული ფსიქიატრიული შემოწმებები. ამასთან, არ არსებობს განცალკევებული, სპეციალიზებული ადგილები ფსიქიატრიული პაციენტებისთვის. შედეგად, ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრები, ხშირად, ციხის საერთო პოპულაციასთან რჩებიან და ვერ იღებენ მათი მდგომარეობის შესაბამის მკურნალობას.

„ჯელაძე სქართველოს წინააღმდეგ“

საქმეზე - ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ (18 დეკემბერი 2012) - ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ განმცხადებელი დაექვემდებარა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მაშინ, როდესაც სახელმწიფომ ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მოვალეობა, უზრუნველეყო ცე-ჰეპატიტით დაავადებული პირი ადეკვატური სამედიცინო მკურნალობით, მისი ციხეში ყოფნისას. განმცხადებელს არ ჩატარებია სკრინინგი ცე-ჰეპატიტზე მისი ციხეში ყოფნის პირველი სამი წლის განმავლობაშ. მაშინაც, როცა დაავადების სიმპტომებმა თავი იჩინა, ხელისუფლება განმცხადებელს უარს ეუბნებოდა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯელაძემ ვერ მიიღო შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ვიდრე მისმა ადვოკატმა არ მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, 2008 წელს. ამასთან, ციხის ადმინისტრაციამ განმცხადებელი არ უზრუნველყო მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით.

2010 წელს საქართველოში ვიზიტისას, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT)  მიუთითა პატიმრებისთვის გაწეული ჯანდაცვის მომსახურების რამდენიმე ხარვეზზე. კომიტეტმა შენიშნა, რომ ციხის სამედიცინო ჩანაწერები იყო „არასტანდარტული და დეტალების მხრივ არასაკმარისი“; ყოველთვის არ ხდება საპატიმროში ახლადშესული პატიმრების სამედიცინო გამოკვლევა; ხოლო სასჯელაღსრულების სამინისტრო არ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ექიმებსა და მედდებს, რათა ყველა პატიმარზე იქნეს უზრუნველყოფილი ადეკვატური ზრუნვა. 

ბაისუევი და ანზოროვი საქართველოს წინააღმდეგ

საქმეზე - ბაისუევი და ანზოროვი საქართველოს წინააღმდეგ (18 დეკემბერი 2012) - ევროსასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია განმცხადებლების თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება, როცა ისინი პიროვნების იდენტიფიკაციის გადამოწმების მიზნით, თვითნებურად დააკავეს ისე, რომ არ განუმარტეს დაკავების მიზეზი. 2002 წელს განმცხადებლები, რომლებიც თბილისში ლეგალურად მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები იყვნენ, პოლიციამ დააკავა მათი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების შემოწმებისთვის. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავება იყო თვითნებური, რადგან ეს არ იყო კანონიერი ქმედება ქვეყნის შიდა სამართლის მიხედვით. ამასთანავე, ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაკავების ფაქტის დოკუმენტურად დამტკიცება, რაც სასამართლოს აზრით, წარმოადგენდა კონვენციის „ფუნდამენტური გარანტიების სრულ უარყოფას“ და მის „მძიმე დარღვევას“. სასამართლოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა  მთავრობის არგუმენტები და ხაზი გაუსვა, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სახელმწიფოს უშიშროებას ემუქრება საფრთხე, სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს პიროვნების თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. სასამართლომ, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის დარღვევა დაადგინა, რამდენადაც განმცხადებლებისთვის არ განუმარტიათ დაკავების მიზეზები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარის, თამარ გაბისონიას თქმით, ბოლო წლებში ევროსასამართლოში საქართველოდან გაგზავნილმა საქმეებმა იმატა: „ჩვენი დაკვირვებიდან და პირადი გამოცდილებიდან შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბოლო წლებში ევროსასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობა მატულობს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ის, რომ საქართველოში ბოლო წლებში ადამიანის უფლებები უფრო ხშირად ირღვევა, არამედ ისიც, რომ ევროსასამართლოს საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერებაც გაიზარდა - მოქალაქეები კარგად აცნობიერებენ, რომ თუ ადგილობრივ დონეზე ვერ მოახერხეს სამართლიანობის აღდგენა, შეუძლიათ ევროსასამართლოს მიმართონ. საქართველოდან ევროსასამართლოში ძირითადად ისეთი საქმეები მიდის, სადაც პატიმრობაში მყოფი პირებისადმი არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოქცევაზეა საუბარი“. 

ევროსასამართლოს საქმეებით გადატვირთულობის შესახებ, თავად ევროსასამართლომ არაერთხელ მიმართა სახელმწიფოებს რეკომენდაციით, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა განმცხადებლებთან სახელმწიფო ადგილობრივ დონეზე მორიგდეს და შესაბამისად, რაც შეიძლება ნაკლები საქმე გაიგზავნოს სტრასბურგის სასამართლოში.

იმ ფონზე, როცა ბოლო წლებში ევროსასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობა მატულობს, იუსტიციის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს ევროსასამართლოს განტვირთვას საქართველოდან წასული საქმეებისგან. 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, საქართველომ ევროსასამართლოსთან უკვე მიაღწია პირველად შეთანხებას, საქართველოდან გაგზავნილი 700-მდე დასაბუთებული საქმისგან ევროპული სასამართლოს განტვირთვის შესახებ. 

„ამ საქმეებზე ადრე თუ გვიან ჩვენი სახელმწიფოს  მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. შესაბამისად, მოგვიწევს საკმაოდ დიდი კომპენსაციების გაცემაც, რაც ბიუჯეტს ძალიან დააზარალებს. როგორც კი მიმდინარე საქმეებზე ინდივიდუალურად შეგვატყობინებს ევროსასამართლო, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას მომჩივან მხარესთან საქმის მორიგების თაობაზე“. 

წულუკიანის თქმით, გარდა უკვე გაგზავნილი საქმეებისა,  მოლაპარაკებები პოტენციურ განმცხადებლებთან ჯერ არგაგზავნილ საქმეებთან დაკავშირებითაც დაიწყება და  იუსტიციის სამინისტრო შეეცდება, რომ ეს საქმეები ადგილობრივ დონეზე მოაგვაროს ისე, რომ მათი სტრასბურგში გაგზავნა  საჭირო არ გახდეს. 

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას დადებითად უყურებენ უფლებადამცველი ორგანიზაციის წარემომადგენლები.

„ბოლო წლებში ევროსასამართლოში საქმეების მხრივ ერთგვარი გადატვირთულობა შეინიშნება. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეებზე განცმხადებლებთან მორიგებას სახელმწიფო ადგილობრივ დონეზე ეცდება, ძალიან შეამსუბუქებს ევროსასამართლოს. თუმცა, განცმცხადებლებთან მორიგება მხოლოდ მათთვის გარკვეული კომპენსაციების გაცემით არ უნდა შემოიფარგლოს. მთავარია, აღმოიფხვრას ის სამართლებრივი პრობლემებიც, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს ევროსასამართლოსთვის მიმართვა უწევთ“, - ამბობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონია.

2005 წლიდან 2012 წლამდე, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში 6 ათასამდე საქმე გაიგზავნა. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში, სტრაბსურგის სასამართლოში საქართველოდან ყველაზე მეტი საქმე 2008 წელს ( 1771 საქმე) და 2009 წელს (2122 საქმე) გაიგზავნა. 

ახალი ამბები