კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებამ ხმაური გამოიწვია

4 თებერვალი, 2013

მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ 29 იანვარს მიღებულ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც  უსკო-ს (უმაღლესი საარჩევნო კომისიის) დაკომპლექტების წესი იცვლება. არასამთავრობოები ამ ცვლილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თხოვენ, რომ ნაჩქარევად მიღებულ ცვლილებას ხელი არ მოაწეროს.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, უსკო-ს კომისია და თავმჯდომარე 6 წლის ვადით აირჩევა. ამასთან, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მხოლოდ ერთი ვადით შეეძლება თანამდებობის დაკავება. კანონის მიღებით მოქმედ უსკო-ს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, რადგან კანონის გამოქვეყნებისთანავე აჭარის მთავრობამ კონკურსი უნდა გამოაცხადოს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წევრები ფიქრობენ, რომ ახალ ცვლილებებით, საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოექცევა. 

„ეს კანონპროექტი პოლიტიკური მიზნით არის მიღებული და ის ისახავს მიზნად არა საარჩევნო რეფორმას, არამედ, უსკო-ს დღევანდელი შემადგენლობის თანამდებობებიდან გათავისუფლებას. ჩვენი მოთხოვნაა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ მოიწონოს ხელი ამ კანონპროექტს და შენიშვნებით დაუბრუნოს უკან, უმაღლეს საბჭოს“. - ამბობს ირინე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს წარმომადგენელი

„ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ  ამ კანონპროექტის საჯაროდ განხილვები მომხდარიყო. თუმცა, მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩატარდა, რაც ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ამ კანონპროექტის საჯაროობას. გუშინ კი, ცვლილებები მოულოდნელად, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღეს“. ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი.

არასამთავრობოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიღება ახლა  ნაკლებად საჩქარო იყო, რადგანაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ანუ აჭარის უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებამდე, უსკო აქტიური და აქტუალური არ არის.

უსკო-ს დაკომპლექტების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ საიტზე (sec.ge) უსკო-ს თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემაც გაავრცელა განცხადება:

„ეს პროცესი უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპების გვერდის ავლით, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით საქართველოს პარლამენტში მუშაობა უახლოეს პერიოდში იწყება. უნდა აღინიშნოს რომ ამ საკითხის ინიცირება და დაჩქარებული წესით მისი მიღება არანაირად არ უკავშირდება კანონის გაუმჯობესებას, ან  უკეთესი საარჩევნო გარემოს შექმნას. მისი ერთადერთი მიზანია, დღეს მოქმედი წევრების ჩანაცვლება ახალი ხელისუფლებისათვის მისაღები პირებით“. - წერს არჩილ მიქელაძე.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას უსკოს თავმჯდომარე, მიღებულ ცვლილებას პოლიტიკურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების საფუძველზე უსკოს დაკომპლექტება შესაძლოა პოლიტიკური ნიშნით მოხდეს:

 „ამჟამინდელი უმაღლესი საარჩევნო კომისია პროფესიული ნიშნით არის დაკომპლექტებული. მიღებული ცვლილებით კი, პარტიებსა და არასამთვარობო ორგანიზაციებს უსკო-ში წევრების წარდგენის უფლება ეძლევა. ეს კი, ხელს შეუწყობს იმას, რომ პარტიები იმ ადამიანებს დანიშნავენ, ვინც მათ სურთ“. - ამბობს მიქელაძე.

ახალი ამბები