კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მთელი ეს წლები ცისკარასავით სულ წყლის ძებნაში ვიყავით“ - უწყლობის პრობლემა დიდი ლიახვის ხეობაში

8 თებერვალი, 2013
 
ლევან სეფისკვერაძე

დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის ქართული სოფლების უმთავრესი პრობლემა, წყლით მომარაგების საკითხი, ორი წლის წინ თითქოს გადაწყდა. თუმცა, სოფელ ზემო ნიქოზთან ევროკავშირის დაფინანსებით მოწყობილი წყლის გამანაწილებელი სისტემით მხოლოდ სამი ქართული სოფელი (ისიც არასრულად) სარგებლობს. დანარჩენ სოფლებს კი,  სარწყავი წყლის პრობლემა კვლავაც აქვთ. თუმცა, ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მათთვის სასარგებლოდ გადაწყდება.

სოფელი ზემო ნიქოზი, ომის დროს, ფრონტის ხაზის ერთ–ერთ ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენდა და ომის თანმხლები ნგრევის გარდა, სარწყავი წყლის პრობლემაც მთელი სიმწვავით შეექმნა. ამას გარდა, ზემო ნიქოზის ბაღებისა და ვენახების მოზრდილი ნაწილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ადგილობრივებმა ჰექტრობით მიწასთან ერთად ელემენტარული შემოსავლის წყაროც დაკარგეს.

როგორც მოგეხსენებათ, ომის შემდეგ,  ქართულმა მოსახლეობამ, არაღიარებული რეჟიმისთვის წყლის საფასურის გადახდაზე უარი თქვა. ამის გამო, წყლის სისტემა და მილები დაუდგენელმა პირებმა  გააფუჭეს.

ძველი არხი დიდი ლიხვის ხეობაში გადიოდა და არაერთხელ გამხდარა დაპირისპირებების მიზეზი. წლების წინ,როდესაც  ჩვენ  ვესაუბრებოდით ადგილობრივ როგორც ქართულ, ასევე ოსურ მოსახლეობას და ყველა მიიჩნევდა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებას თუკი რეალურად კონფლიქტის უსისხლოდ მოგვარება სურდა, პირველ რიგში სწორედ პრობლემა უნდა მოეგვარებინა და ამ პრობლემის გადაწყვეტით ყველა კმაყოფილი დარჩებოდა.

გიორგი ჯავახიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: „რაკი ცხინვალის რეჟიმმა წყლის მოწოდებაზე უარი თქვა, ბუნებრივია, რომ ჩვენ წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, საკუთარი ძალებით დავიწყეთ ბრძოლა. ჯერ სოფლის გამგებლებს მივადექით. მათ გუბერნატორთან გაგვაგზავნეს. გუბერნატორმა თქვა  – ფული არა მაქვს და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართეთო. აქციაც კი მოაწყვეს ხვითელებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რომ ვინმეს მიექცია მათთვის ყურადღება, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.  ამასობაში სასმელი წყლის პრობლემაც გაჩნდა და ამას დაემატა, ძველი და ჟანგიანი მილების გამოცვლის საჭიროებაც, რადგან, მილების დიდი ნაწილი აღარაფრად ვარგოდა და ონკანიდან ხან ხვლიკი გამოხტებოდა ხოლმე და ხან ბაყაყი. 

იმედი მაშინ მოგვეცა, როდესაც სააკაშვილმა მინისტრები დაიბარა და ჩვენთვის წყლის პრობლემის მოგვარება დაავალა. აქამდე რომ არაფერი გაკეთებულა, შიშიც გაგვიჩნდა, რომ შეიძლება ახლაც მოვეტყუებინეთ მთავრობას, მაგრამ მადლობა ღმერთს, ორი წლის წინ, გააკეთეს სარწყავი საგუბარი. თუმცა, ეს სარწყავი ყველას არ ყოფნის და პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. 

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის სოფლებში არსებული წყალთან დაკავშირებული პრობლემები მათთვის ცნობილია და ეს საკითხები აუცილებლად მოგვარდება. 

„ამჟამად უკვე მიმდინარეობს მუშაობა არამხოლოდ ლიახვის ხეობის, არამედ მთელი კონფლიქტისპირა ზოლის სოფლებში სარწყავი და სასმელი  წყლის სისტემის მოსაწესრიგებელ ერთიან გეგმაზე. ამ მუშაობის შედეგებს მოსახლეობა სულ მალე გაიგებს“ – განგვიცხადეს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შიდა ქართლის სოფლებში ფიქრობენ, რომ წყლის პრობლემის მოუგვარებლობა, უბრალოდ, განადგურების საფრთხეს უქმნის მთელი შიდა ქართლის დიდ ნაწილს. ადგილობრივი სასოფლო და საოჯახო მეურნეობები სარწყავ წყალზე  არიან დამოკიდებულნი. საბჭოთა კავშირის დროს, დიდი ლიახვის ხეობაში სამი, პატარა ლიახვის ხეობაში ორი, მდინარე ფრონის ხეობაში კი ერთი ცენტრალური სარწყავი მაგისტრალი არსებობდა და წყლის ეს რესურსი მეტნაკლებად ჰყოფნიდათ გლეხებს. თუმცა, საბოლო ჯამში, წყლის სიმცირე ამ მხარეში მუდამ პრობლემატური საკითხი იყო:

„ამდენი იარაღის ყიდვას აქამდე ჩვენთვის წყლის პრობლემა, რომ მოეგვარებინათ, ხალხი ცოტას მაინც ამოისუნთქავდა. ჩვენთან ომი არავის უნდა, ყველას გვინდა მშვიდობა იყოს და ნორმალურად ვცხოვრობდეთ, მაგრამ არავის არ აინტერესებს ჩვენ რას ვფიქრობთ. პენსია 1000 ლარიც, რომ გვქონდეს რა აზრი აქვს, თუკი მთელი წლის მოსავალი დაგვიხმება და ჩაგვიოხრდება? მუშაობა არც ქართველებს ეზარება და არც ოსებს, მაგრამ ამ პირობებში არც მუშაობას აქვს აზრი. პენსიაზე კიდევ სოფელში ვერავინ იცხოვრებს“.  – ეს სიტყვები, ეროვნებით ოსმა, დიდი ლიახვის ხეობის მცხოვრებმა მურმან ქოქოევმა გვითხრა. მისივე თქმით, მისი და სხვა უამრავი გლეხის სურვილი რომ აქამდე ვინმეს გაეთვალისწინებინა, შიდა ქართლში არც ამდენი უბედურება დატრიალდებოდა და არც ელემენტარული – წყლის საკითხი იქნებოდა ასეთი პრობლემატური. 

ახალი ამბები