18:05, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასამართლო ნარკოდანაშაულთან მიმართებაში ამნისტიის კანონის გავრცელებაზე განმარტებას აკეთებს

08.02.2013
 
თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების საკითხზე განმარტებას აკეთებს. სპიკერ-მოსამართლის ეკა არეშიძის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“უცვლელად გთავაზობთ. 

„2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით, ამასთანავე, პირი არ უნდა იყოს ადრე ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის, გარდა ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით. 

მიუხედავად ნასამართლობისა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ასევე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება).

რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლს, აღნიშნული მუხლი ეხება იმ შემთხვევას, როდესაც პირი დანაშაულთა ერთობლიობით არის ბრალდებული ან მსჯავრდებული, როგორც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ასევე საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით, რაც წარმოადგენს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას. აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულები და ბრალდებულები, მიუხედავად ნასამართლობისა ან გასაღების ნიშნისა სრულად თავისუფლდებიან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ხოლო 262-ე მუხლზე ვრცელდება მხოლოდ დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირება.

ანალოგიური დათქმაა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლში, საქართველოს სსკ-ის 261-ე და მუხლის და 263-ე მუხლის ერთობლიობის დროს, რომელიც შეეხება ფსიქოტროპულ და ძლიერმოქმედ ნივთიერებებს, ამ შემთხვევაშიც პირი სრულად თავისუფლდება 261-ე და მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ხოლო 263-ე მუხლზე ვრცელდება მხოლოდ დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირება.

გაცნობებთ, რომ 2013 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ შემოსულია 22.585 ამნისტიის საქმე, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან შემოვიდა 8.307 ამნისტიის საქმე, პრობაციის ბიუროდან 13.296 საქმე და პროკურატურიდან ძებნილების მიმართ ამნისტიის 982 საქმე. 

ამ ეტაპზე სასამართლომ განიხილა და შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და პრობაციის ბიუროში გადაგზავნილია 5516 ამნისტიის საქმე.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი“ სხვადასხვა ფორმით, პრაქტიკულად ყველა ბრალდებულს და მსჯავრდებულს ეხება, ვინც ბრალად შერაცხული დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა, გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებისა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ინტერპრესნიუსი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC