კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს თბილისის მერს საპროცესო კანონებს უხსნის

12 თებერვალი, 2013

ინტერპრესნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის მერის, ბატონ გიგი უგულავას პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი აშკარა უპატივცემლობას. იგი საკუთარ თავს აყენებს კანონზე მაღლა. ის სიტყვით უარყოფს მის მიერ მოწმის სახით დაკითხვაზე უარის თქმას, მაგრამ თავისი ქმედებით გამოხატავს ასეთ უარს.

ბატონ უგულავას მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარი გამოიხატება სწორედ იმაში, რომ არ ცხადდება საგამოძიებო ორგანოში. დემაგოგიურია მისი განცხადება, რომ იგი ამით თითქოსდა პოლიციელებისა და გამომძიებლების ღირსებას იცავს. ბატონ უგულავას სამართლებრივად არა აქვს არავითარი უფლება, საგამოძიებო ორგანოებს თავად დაუდგინოს მოქმედების წესი, არამედ ვალდებულია, დაემორჩილოს მათ კანონიერ მოთხოვნებს.

გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ბატონ უგულავას, რომ სისხლის სამართლის პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს საქართველოს ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლის მიმართ საპროცესო კანონმდებლობა არავითარ პრივილეგიებსა და შეღავათებს არ ითვალისწინებს.

ბატონ უგულავას განვუმარტავთ, რომ მას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მოწმეს, არა აქვს გამომძიებლების თბილისის მერიაში ან სახლში დაბარების უფლება. მისი აზრი, რომ თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მერის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონიძიებების გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებელია, სამართლებრივ არგუმენტებს არ ეფუძნება.

მართალია, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის თანახმად, "მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას", მაგრამ დაკითხვის ადგილის განსაზღვრა არ არის მოწმის უფლება, არამედ ამ საკითხზე საგამოძიებო ორგანო თავად ღებულობს გადაწყვეტილებას, რომელიც მოწმისათვის სავალდებულოა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის თანახმად, მოწმე შეიძლება დაკითხულ იქნეს "დასაკითხის ყოფნის ადგილას", თუ არსებობს ამის აუცილებლობა, მაგალითად, თუ იგი ავადმყოფია, ან სხვა მიზეზის გამო არა აქვს ფიზიკური გადაადგილების უნარი ან შესაძლებლობა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ხდება პირის დაკითხვა მისი ადგილსამყოფელის ადგილას.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქალაქ თბილისის მერს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შემზღუდავი რაიმე გარემოება არ გააჩნია.

სწორია მერის განცხადებაში გაკეთებული მითითება საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირის იძულებითი გზით დაკითხვაზე მიყვანის მიზანს წარმოადგენს ის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო მოქმედებაში მოწმის მონაწილეობა, თუ იგი უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და ამასთან, დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი.

გამოძიებას მიაჩნია, რომ ბატონ უგულავას მოქმედებაში ორივე ეს ნიშანი იკვეთება. იგი, ერთი მხრივ, ნებაყოფლობით არ ცხადდება და, მეორე მხრივ, გამოძიებისათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი.

ბატონ უგულავას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა კვლავ იგნორირების შემთხვევაში გამოძიების ორგანო იძულებული გახდება მიიღოს ზომები მისი იძულებით მოყვანის თაობაზე, რომლის მიზანი იქნება მოწმის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამ იძულების მიზეზი კი იქნება ის, რომ იგი გამოძახების მიუხედავად, უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და, ამასთან, არ გააჩნია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

განცხადებაში მოცემული თბილისის მერის პოზიცია, ნებაყოფლობით არ გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობისა და მოწმის სახით ჩვენების მიცემის მიზნით, 2013 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.

გამოძიება კიდევ ერთხელ აფრთხილებს ქალაქის მერს, ბატონ გიგი უგულავას, თუ ის არ შეასრულებს მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს და არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მისი უმოქმედობა, მიუხედავად პოლიტიკური განცხადებებისა, მიჩნეულ იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ახალი ამბები