კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცოპერაციის კადრები ტელეკომპანიების ეთერში

19 თებერვალი, 2013

www.media.ge

ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“, „მაესტრო“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ და „იმედი“, 2004 წლის 24 ნოემბრის სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. მასალა ასახავს სპეცოპერაციას, რა დროსაც ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი პირები კი დააკავეს.

ყველა მაუწყებელს კადრები ამ საქმეში ბრალდებულმა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ მიაწოდა. თუმცა პირველად ეთერში „რუსთავი 2“-მა უჩვენა.

„კურიერის“ წამყვანმა პაატა იაკობაშვილმა 12 საათიან გამოშვებაში მასალის ეთერში გაშვებამდე მძიმე კადრების გამო ბოდიში მოუხადა მაყურებელს და გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძის ოჯახს.

„რუსთავი 2“-მა ვიდეო მასალა მთავარ თემად გაუშვა და მხოლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის სახე დამალა. ჟურნალისტმა ნათია ტრაპაიძემ 12 საათიან კურიერში ჩართვისას განაცხადა, რომ კადრებიდან კარგად ჩანს, „როგორ ამოაქვთ მანქანიდან ერთი კალაშნიკოვი და ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი“. ჟურნალისტის თქმით, „ეს კადრები მანქანის გაჩერების პირველივე წუთებში არის გადაღებული. ეს არის უწყვეტი კამერით გადაღებული, კამერა გათიშული არ ყოფილა“. „რუსთავი 2“-ს ეთერში ვიდეო მასალა სრულად არ გაუშვია. მთლიანი მასალა დაახლოებით ათ წუთიანი ქრონომეტრაჟისაა.

გავიდა თუ არა მასალა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ინტერნეტ ტელევიზია „პალიტრა ტვ“-მ საკუთარ ვებ-გვერდზე ატვირთა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

მოამბის 12 საათიანი გამოშვების პირველ ბლოკში პირდაპირ ეთერში ჩაერთო საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ჟურნალისტი ლევან კვატაშიძეც, რომელიც დაახლოებით იმავე ტექსტს ამბობს, რასაც ტრაპაიძე, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ირაკლი ფირცხალავას ნათქვამზე დაყრდნობით საუბრობს.

„როგორც ფირცხალავა აცხადებს, ამ კადრებში დეტალურად ჩანს, რომ ბუტა რობაქიძეს და სხვა პირებს იარაღი რეალურად ჰქონდათ“, - ამბობს კვატაშიძე. „პირველი არხის“ ვიდეომასალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებული ყველა პირის სახე იყო დაფარული.

„მაესტრომ“ კადრები 13 საათზე „რუსთავი 2“-ის ლოგოთი გაუშვა ეთერში.  კადრებს არ ახლდა ჟურნალისტის კომენტარი.

„მეცხრე არხმა“ გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ მაყურებელს 14 საათიან გამოშვებაში აცნობა. ტელეკომპანიას კადრები ეთერში არ უჩვენებია. გადაღებული მასალა საინფორმაციო პროგრამის წამყვანმა აღწერა. მისი თქმით „კადრებში ჩანს როგორ წევს დაჭრილი ბუტა რობაქიძე და როგორ იღებს ოპერატორი მანქანაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღას“.

ტელეკომპანია „იმედმა“ კადრები 14 საათიან გადაცემაში  გაუშვა და უჩვენა დაახლოებით 2 წუთიანი მასალა. წამყვანმა მაყურებელი კადრების სიმძიმის შესახებ გააფრთხილა. „იმედმა“ ეთერში გაუშვა პროკურორის არჩილ კბილაშვილის კომენტარი, ასევე ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრების კომენტარები.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის მხოლოდ ერთი გასროლა, რის შემდეგაც ჩანს, რომ ბუტა რობაქიძე დაჭრილია. 2004 წელს სპეცოპერაციის შემდეგ გადაცემა „პატრულში“, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა, აღინიშნა, რომ ბუტა რობაქიძე ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა. 

ახალი ამბები