კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საარჩევნო თავმდების საკითხზე ბესიკ ადამიას სარჩელის განხილვა დაიწყო

27 თებერვალი, 2013

მაკა მალაყმაძე, აჭარა

26 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე ბესიკ ადამიას სარჩელი განიხილა. მოსარჩელე საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესულ იმ ცვლილებას აპროტესტებს, რითაც საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარს, ცესკო-ს კონკრეტულ ანგარიშზე, საარჩევნო თავდების სახით 5 000 ლარის გადახდა უწევს. აღნიშნული ცვლილება 2011 წლის ბოლოს შევიდა საარჩევნო კოდექსში.

ბესიკ ადამიას სარჩელი ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა და უზრუნველყო მისი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანა.

ქუთაისელი ბესიკ ადამია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, მან არჩევნებში თავის პასიური უფლება იმ მიზეზით ვერ გამოიყენა, რომ ცესკოს დეპოზიტზე წინასწარ 5 000 ლარი უნდა შეეტანა.

ბესიკ ადამია, მოსარჩელე: „გასულ წელს, საქართველოს პრეზიდენტმა ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტში უპარტიო ადამიანებიც უნდა იყვნენო. შევიკრიბეთ ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფი და ქუთაისის მაჟორიტარად წარმადგინეს. თუმცა, წინ დამხვდა ფინანსური ბარიერი, რაც უკანონოდ მიმაჩნია. ადამიანს, რომელსაც საზოგადოებაში თავისი რეიტინგი აქვს, მას თავისი მწირი შესაძლებლობებით უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე იმათ, ვისაც ფინანსურად არ უჭირთ და პალტამენტში მოხვედრა მათი ბიზნესებისთვის სურთ“.

ბესიკ ადამიას ინტერსებს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, მიხეილ შარაშიძე იცავდა. მისი განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესული აღნიშნული ცვლილება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს: „საარჩენო კოდექსში შესული აღნიშნული ცვლილება დიფერენციაციას იწვევს როგორც პოლიტიკური, ასევე ქონებრივი ნიშნით. რადგანაც, პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილებს, საარჩენო თავდების სახით, 5 000 ლარის გადახდა არ უწევთ. ეს მოთხოვნა მხოლოდდამხოლოდ, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებზეა და თან, მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ვასაჩივრებთ არა იმას, რომ ეს საარჩენო თავდების ინსტიტუტი არსებობს, არამედ იმას, რომ ის გამოყენებულია მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე“.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საარჩენო კოდექსის 116 მუხლის 7 პუნქტის პირველი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებს ეწინააღმდეგება.

ადამიას სარჩელის მოპასუხე მხარეს საქართველოს პარლამენტი წარმოადგენდა. მისი წარმომადგენლების განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესული აღნიშნული ცვლილება საქართველოს კონსტიტუციის არც ერთ მუხლს არ ეწინააღმდეგება: „საინიციატივო ჯგუფი თავისი არსით განსხვავდება პოლიტიკური პარტიისაგან, ან საარჩევნო ბლოკისაგან. ფაქტობრივად, სუბიექტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომაც, კანონმდებელს რაღაც ზომები უნდა გაეტარებინა, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილთან თანაბარ მდგომარეობაში აღნოჩენილიყო. თან საარჩენო თავმდები თანხის სახით ბევრ ქვეყანაშია დამკვიდრებული“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლის მაია კოპალეიშვილის შეკითხვას, არის თუ არა ფინანსური ბარიერი მაღალი და რის მიხედვით განსაზღვრა კანონმდებელმა 5 000 ლარი რომ არ არის დიდი ოდენობა, მოპასუხე მხარეს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა.

პასუხგაუცემელი დარჩა სასამართლო პროცესზე მოპასუხისადმი დასმული სხვა ბევრი კითხვაც, როგორიცაა: რატომ მხოლოდ საპარლემენტო არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარმა უნდა გადაიხადოს 5 000 ლარი? აღნიშნული ქონებრივი ცენზი ხომ არ აყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს არათანაბარ პირობებში?

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატისადმი ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის წარდგენა, 2011 წლის 27 დეკემბერს მიღებულ საარჩევნო კოდექსში დაფიქსირდა. თუმცა, მანამდე კანონპროექტში შევიდა ცვლილების სახით. აღნიშნულ კოდექსზე თავისი დასკვნა ვენეციის კომისიისგან ქართულმა მხარემ 2011 წლის 19 დეკემბერს მიიღო. ამ თარიღიდან, კანონპროექტის მიღებამდე, კი მასში 5 000 ლარიანი დეპოზიტი შესახებ დაემატა.

საარჩენო კოდექსის თანახმად, ცესკო-ს დეპოზიტზე შეტანილი თანხა კანდიდატს სრულად უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 10 პროცენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თანხა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ბესიკ ადამიას სარჩელზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

ახალი ამბები