კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალაიამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა

7 მარტი, 2013

სალომე ჩხეიძე, სალომე აჩბა

ყოფილმა თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიმ, მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი განაცხადა.  ახალაიას წამების ორგანიზებაში, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი.იმავე საქმეში ბრალდებულმა დანარჩენმა პირებმაც, მათ შორის პრობაციის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაგა მკურნალაძემ და გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიორგი კალანდაძემ იგივე გადაწყვეტილება მიიღეს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ მათ 5 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადეს.

მაღალი თანამდებობის პირების საქმეთა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობაზე ცვლილება, პარლამენტმა იანვარში შეიტანა. ამ ცვლილებების მიხედვით, ბრალდებული თავად წყვეტს სურს თუ არა საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა.

 5 აპრილის სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. დაცვის მხარე შუამდგომლობას იმით ასაბუთებდა, რომ საქმეში არ არსებობდა საკმარიის მტკიცებულებები ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებისთვის, მოწმეთა ნაწილმა კი, გამოძიებისთვის მიცემული პირველადი ჩვენებები შეცვალეს. ბრალდების მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

„გარდა მოწმეთა ჩვნებებისა, ჩვენ საქმეში გვაქვს დაზარალებულთა ჩვენებებიც. ესენი ის პირები არიან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ჩადენილი დანაშუალებრივი ქმედებები. რაც შეეხება, მოწმეთა ნაწილის მიერ პირველადი ჩვენებების შეცვლას, ჩვენ არ ვიცით როგორ და რა პირობებში მისცეს მათ შეცვლილი ჩვენება. ვფიქრობთ, საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც დასაბუთებულ ეჭვს ქმნის იმისა,რომ ბრალდებულებს მართლაც აქვთ დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა შეწყდეს და საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე უნდა გადაეცეს“ - აღნიშნა პროკურორმა.

განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა დაცვის მხარეს: „ქმედებები, რომლებიც მოწმეთა ჩვენებებშია აღწერილი, არ არის დანაშაულებრივი და არ შეესაბამება იმ მუხლებს, რითიც გამოძიებამ საქმე დააკვალიფიცირა. საქმეში დაზარალებულთა ჩვენებებიც არის, მაგრამ ისინი ჩვენებებში პირდაპირ არ მიუთითებენ ბრალდებულების მიერ ჩადენილ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაზე. მტკიცებულებების სიმწირის გამო, მიგვაჩნია რომ ეს საქმე უნდა შეწყდეს.“ - აღნიშნა დაცვის მხარემ.

მოსამართლის დასაბუთებით, კი საქმეში არსებული მტკიცებულებები, საკმარისი იყო იმისთვის, რომ საქმე არ შეწყვეტილიყო:

„საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისად მიგვაჩნია და ის იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ბრალდებულებმა მართლაც ჩაიდინეს დანაშუალებრივი ქმედებები. ამიტომ, ვერ ვხედავთ საქმის შეწყვეტის საფუძვლებს და საქმე სასამართლოს არსებით განსახილველად გადაეცემა“ - აღნიშნა მოსამართლე არეშიძემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. დარბაზში დამსწრეებმა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის სახეებმა, ეკა ხერხეულიძემ, თეა თუთბერიძემ და ხათუნა ოჩიაურმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დარბაზის პროტესტი მოჰყვა ასევე 2 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას, სადაც მან დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. მაშინ, დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას, ასაბუთებდა იმით, რომ არ არსებობდა არანაირი საფრთხე ბრალდებულის მიმალვისა, ასევე ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლისა. მოსამართლემ კი, ჩათვალა რომ არსებობდა ბაჩო ახალიას მიერ მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

იმ ბრალდებებისა გარდა, რომელიც მიმდინარე პროცესზე განიხილება, პროკურატურამ 1 მარტს და 2 მარტს ახალაიას დამატებითი ბრალდებები ახალ ეპიზოდებშიც წაუყენა.

1 მარტს პროკურატურამ ახალაიას უფლებამოსილების გადამეტებაში, ახალ ეპიზოდზე დასდო ბრალი და განაცხადა რომ ბაჩო  ახალაიამ, როდესაც იგი 2006 წლის მარტში პენიტენციალურ სისტემას ხელმძღვანელობდა, რამდენიმე პატიმარს სცემა, რასაც ორთაჭალის მე–5 საპყრობილეში მოყვა ბუნტი,  რომლის შედეგადაც შვიდი პატიმარი დაიღუპა.

2 მარტს პროკურატურამ ახალაიას კიდევ ერთ ეპიზოდზეც წაუყენა ბრალი. საქმე ეხება წამების, არაადამიანურად მოპყრობის და უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტებს. პროკურატურის განმარტებით, 2012 წლის აგვისტოში, ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებს  არაადამიანურად მოეპყრნენ იმ პოლიტიკური სიმპათიების გამო,  რომელიც მათ "ქართული ოცნების", მაშინდელი ოპოზიციური კოალიციის მიმართ გააჩნდათ.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება.

ამავე საქმეზე ბრალი კიდევ 6 პიროვნებას, გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს,  გიორგი კალანდაძეს, სასჯელაღსრულების უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, გაგა მკურნალიძეს,  მე–4 ბრიგადის ყოფილ მეთაურს, ზურაბ შამათავას,  ალექსანდრე გიორგაძეს,  მანუჩარ დარასელიას, გიორგი კინწურაშვილს და მერაბ კიკაბიძეს აქვთ წაყენებული. მათგან კალანდაძეს და გიორგაძეს სასმსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედება ბრალი. მკურნალაძეს, დარასელიას და კინწურაშვილს,  მხოლოდ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში. შამათავას კი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. რაც შეეხება მერაბ კიკნაძეს, მას ბრალი პირისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის და წამების დახმარებისთვის აქვს წაყენებული.

 საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 18 მარტსაა ჩანიშნული.

ახალი ამბები