კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ადეიშვილის ძმაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

11 მარტი, 2013

კახეთის საინფომრაციო ცენტრი

იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. კახეთის საოლქო პროკურატურა დავით ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა განუცხადა, დავით ადეიშვილმა, 2005 წელს, კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობისას, აიძულა თელავის ბაზრის მესაკუთრეები, წილი ჯაბრაილ ხანგოშვილის სასარგებლოდ დაეთმოთ.

დავით ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ოფიციალური ინფორმაციით, ის მიმალვაში იმყოფება. ბრალდებულის ადვოკატის გოჩა თედიაშვილის თქმით, დავით ადეიშვილი საქართველოში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება, ან აღკვეთის ღონისძიება შემსუბუქდება.

„დავით ადეიშვილი ბრალს არ აღიარებს და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. როცა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, პროკურატურამ ეს დაასაბუთა იმით, რომ შესაძლოა ბრალდებულს მოწმეებზე და დაზარალებულებზე ზეწოლა მოეხდინა, მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელი შეეშალა. ამ დრომდე, ბრალდებას არ აქვს ახალი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ რაიმე ახალი დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამიტომ ვითხოვთ, რომ შეწყდეს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ვითხოვთ, დევნის შეწყვეტას და არა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას,“ – განაცხადა გოჩა თედიაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე.

კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ხვიჩა ბეგიაშვილი შუამდგომლობას არ დაეთანხმა. „ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნუსხა ადასტურებს დავით ადეიშვილის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას. ამ დროისთვის არ არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ახალი გარემოება, რაც იმოქმედებდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ადვოკატის შუამდგომლობა უსაფუძვლოა,“ – განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს იმ გარემოების გათვალისწინება სთხოვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოდან მიმალვის მიზნით არ წასულა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმყოფება. „ყველა ადამიანები ვართ და თუ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეეცვლება, დღესვე დაბრუნდება საქართველოში. იქნებ შეუმსუბუქოთ მაინც აღკვეთის ღონისძიება, რომ დაბრუნდეს და ნათელი მოეფინოს ამ საქმეს,“ – მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, დავით ადეიშვილის მიმართ სავარაუდოდ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„მტკიცებულებები, რომლებიც დევს საქმეში, ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. ის, რომ აღმოფხვრილია მოწმეებზე ზემოქმედების ალბათობა არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის, ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი, მითუმეტეს, რომ ბრალდებული თავს არიდებს მართლმსაჯულებას. აქედან გამომდინარე, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს გეუბნებით,“ – განაცხადა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა.

მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვა 14 მარტს, 13:00 საათზე ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ მიმალვაში იმყოფება დავით ადეიშვილის ძმა, ზურაბ ადეიშვილიც. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება ედება. პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილმა ჩაიდინა პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

ახალი ამბები