კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პატრული-ინსპექტორების უსაფუძვლოდ გათავისუფლებას აპროტესტებს

14 მარტი, 2013

სალომე ჩხეიძე

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო სამმართველოდან პატრულ-ინსპექტორების გათავისუფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც ცენტრის წარმომადგენლები, ისე საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, მიიჩნევენ, რომ პატრულების გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის  სამმართველოდან გათავისუფლებულმა პირებმა ადამიანის უფლებათა ცენტს 2013 წლის თებერვალში მიმართეს. მათი განცხადებით, 2012 წლის ნოემბერში მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მათგან მოითხოვდნენ  საკუთარი ნებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკების დაწერას. ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლის შედეგად და მათი მითითებით 2012 წლის 30 ნოემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაწერეს აღნიშნული განცხადებები.

„2012 წლის 30 ნოემბერს დამიბარა საპატრულო სამმართველოს უფროსმა შალვა შენგელაიამ და მომთხოვა, დამეწერა  განცხადება კადრების განკარგულებაში გადასვლის თაობაზე, რაზედაც უარი განვუცხადე. შემდეგ იგი დამემუქრა, რომ ჩემს საქმეს გადასცემდა პროკურატურას. ჩემზე ზეწოლა შემდგომ პერიოდშიც ხორციელდებოდა და საბოლოოდ დამაწერინეს განცხადება. ჩემს მსგავსად ასევე დააწერინეს განცხადება კიდევ 27 თანამშრომელს. მე შევეკითხე სამმართველოს უფროსს, თუ რატომ გვათავისუფლებდა მაინცდამაინც ჩვენ და არა სხვებს, თუმცა მისგან პასუხი ვერ მივიღეთ“, - აღნიშნავს ყოფილი პატრულის თანამშრომელი ზურაბ სოსელია.

ამასვე ადასტურებს კიდევ ერთ ყოფილი პატრული დავით ყოლბაია და დასძენს, რომ  ამჟამად მათ ადგილებზე დანიშნული თანამშრომლები არაკვალიფიციური და გამოუცდელი კადრები არიან, მაშინ როცა მათ გავლილი ჰქონდათ არაერთი ტრენინგი და სწავლების კურსი. მისივე თქმით, ეს ადამიანები ვერ უზრუნველყოფენ პროფესიული მოვალეობების შესრულებას, რაც გამოიწვევს კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2013 წლის 11 თებერვალს წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, აუხსნა საქმის ვითარება და სთხოვა განმარტება, რის საფუძველზე გათავისუფლდნენ სამსახურიდან პატრულის თანამშრომლები. 

„ამის პასუხად ცოტა ხნის წინ მივიღეთ შსს-ს ადმინისტრაციული დეპრტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემის  ბიუროს უფროსის წერილი. მასში აღნიშნულია, რომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის  სამმართველოს თანმშრომლები პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილნი არიან შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.  ვფიქრობთ, ეს მიდგომა არ არის ლოგიკური, რადგან ამ ადამიანებს არ ჰქონიათ თანამდებობის დატოვების სურვილი, განცხადებების დაწერა  განხორციელდა ზეწოლის შედეგად და ახლა სწორედ მათ მიერ დაწერილი განცხადებები მოჰყავთ საბუთად“,  - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  არ მოხდებოდა სახელმწიფო სამსახურებში, მათ შორის საპატრულო პოლიციაში დასაქმებული საშუალო და ქვედა რგოლებზე მომუშავე კადრების უსაფუძვლო განთავისუფლება. ამ შემთხვევაში კი, სწორედ ასეთი ფაქტია სახეზე, რადგან ამ ადამიანებს სხვა არავითარი დარღვევა არ ჰქონიათ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ქობესაშვილმა აღნიშნა, რომ ყოველი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თანამშრომლების სამასხურიდან მასობრივი დათხოვნა და მათი ახალი კადრებით შეცვლა უკვე მავნე ტრადიციად ყალიბდება და ეს დაუშვებელია. მისი თქმით,  ეს ადამიანები ამჟამად არიან მძიმე სიტუაციაში, რადგან გადაყვანილნი არიან კადრების განყოფილებაში, რეალურად კი მათ იციან, რომ ეს სამსახურის დაკარგვას ნიშნავს, ამაზე კი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, აუცილებელია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს მსგავს პრაქტიკას, როცა უსაფუძვლოდ ხდება საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა გათავისუფლება. იგი საჯაროდ მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაინტერესდეს სამსახურიდან მასობრივად გათავისუფლებული პატრულების ბედით და აღადგინონ ისინი თანამდებობებზე.

ახალი ამბები