კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიზნესმენი იხსენებს, როგორ სძალავდნენ თანხებს კუდის მაღალჩინოსნები

19 მარტი, 2013

მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ბიზნესმენმა სანდრო მეგუთნიშვილმა, რომელსაც თელავის რაიონში ღვინის ქარხანა და ხორცის საწარმო აქვს, ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას გაიხსენა, რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე 2010 წელს კუდ–ის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის ზურაბ ლალიაშვილისა და მისი მოადგილის, დავით ლორთქიფანიძის მხრიდან.

სანდრო მეგუთნიშვილი იხსენებს, როგორ არაადამიანურად ეპყრობოდნენ მას და მის თანამშრომლებს თელავის პოლიციაში და შემდეგ უკვე გლდანის მერვე საპყრობილეში. მან გაიხსენა, როგორ დაიწყო ყველაფერი  და როგორ გახდა იგი კუდის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

„დამირეკა კუდის თანამშრომელმა ზაზა უზუნაშვილმა და მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი კუდის შენობაში 12 საათზე დათო ლორთქიფანიძესთან. მისვლისას მითხრეს, რომ აფხაზეთის რადიოსთვის უნდა მიმეტანა ათი ათასი მანეთი, ზუსტად ასე მითხრეს – არც ლარი არც დოლარი. ნაღდი ფულით. ვინც ამას არ მიიტანდა, მერე მოდიოდა სართულებიანი გინება და მუქარა. მე ვუთხარი, რომ ქარხნის მეპატრონე საქართველოში არ იმყოფებოდა და რაც შემეძლო, 2000 ლარს მივიტან მეთქი.  მეპატრონე როცა ჩამოვა, დაველაპარაკები და დანარჩენი მან გადაწყვიტოს მეთქი. გამოვედი და წამოვედი ქარხანაში. ზუსტად ერთ საათში დამირეკა უზუნაშვილმა და მითხრა, ფულზე რას შვრებიო? მე ვუთხარი, რომ 2000 ლარის მიტანა შემეძლო. კარგი ეგ მოიტანე და დანარჩენი აქ ვილაპრაკოთო. ავიღე 1000 დოლარი მაშინ კურსი დაახლოებით მასე იყო 2000 ლარი გამოდიოდა და ავედი. ეს რა არის ბიჭო, მასხრად გვიგდებო?! კარგი წადი და ვნახოთ რაც იქნებაო.

ზუსტად ორი კვირა გავიდა. 25 აგვისტო იქნებოდა. დარაჯი შემოვიდა და მითხრა, რომ ზურა გრძელიშვილი მკითხულობდა. მე მას ვიცნობდი და ვუთხარი, რომ შემოეყვანა. შემოვიდა და რამდენიმე მეტრში გაჩერდა. მე მაგიდასთან ვიჯექი. რაღაც არაბუნებრივი ხმით, კაცი რომ დავალებაზეა და შესასრულებელი რომ აქვს, ისე დამიძახა შორიდანვე – მოდი აქ, ბიჭო, შენთან საქმე მაქვსო. მე ვუთხარი: მოდი, დაჯექი, თუ ვინმე გვიშლის ხელს, გავა ყველა და ვისაუბროთ მეთქი. თან ნერვის ანთება მქონდა ფეხზე და სიარული მიჭირდა. უცებ მკითხა – წელს ყურძენი უნდა მიიღოთო? არც ის უთქვამს, რომ კუდიდან იყო და არაფერი. მე ვუთხარი: ჯერ რა დროს ყურძენია და როცა დრო იქნება, მივიღებთ მეთქი. ფასი რა ექნებაო? რასაც სხვა  გადაიხდის, ჩვენც იმას გადავიხდით მეთქი. გაბრუნდა უკან, უცბად მოტრიალდა და გინება დაიწყო. ვერც მივხვდი, რა მოხდა, რატო მაგინებდა. იქვე იდგა ჩემი ბიძაშვილი ლექსო მეგუთნიშვილი და მათ შორის მოხდა „ჯიკაობა“. მე კუდის სახელით გელაპარაკებით და ცოტა ხანში ნახავთ, რაც მოხდებაო. მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს იმ ამბის გაგრძელება იყო, რადიოსთვის ფული რომ მომთხოვეს. მე ვუთხარი ლექსოს – გაანებე თავი, ეგ მოგზავნილია მეთქი. გაბრუნდა, ჩვეულებრივ გაიარა ეზო, გავიდა კარში, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მოგვიანებით, მე რომ დამიჭირეს, მის ჩვენებაში ეწერა, რომ თითქოს მას ოთხი კაცი ვცემდით ათი წუთის განმავლობაში და მერე გაგვექცა, გაირბინა სამასი მეტრი ქარხნის ეზო, ეზოს ბოლოს ყარაულმა კარი ჩაუკეტა, ისიც გაარღვია და ჩაჯდა მანქანაში. ამ დროს ჩვენ მივედით და დავლეწეთ მანქანა. ეს არის სრული სიცრუე. მე კაბინეტიდანაც კი არ გავსულვარ. წავიდა თუ არა, დავურეკე ჩემს ძმას და ვუთხარი, რაც მოხდა. მან დამიდასტურა, რომ ეს პიროვნება კუდში მუშაობდა.

იმავე საღამოს დამირეკა უზუნაშვილმა და მითხრა, რომ ქარხანაში გადმოვსულიყავი, რაღაც საქმე ჰქონდა. მე დარაჯი გავაფრთხილე: უზუნაშვილი უნდა მოვიდეს ყავისფერი ნივით და შემოუშვი მეთქი. კარი რომ გაიღო, ზუსტად შვიდი მანქანა შემოვიდა – კუდის და თელავის პოლიციის თანამშრომლები. თითქოს ტერორისტის ასაყვანად ყოფილიყვნენ, ყველა მანქანა სავსე იყო. ჩამსვეს  და წამიყვანეს თელავის პოლიციაში. მერე დამარეკინეს და ჩემი თანამშრომლებიც მიმაყვანინეს – ვალერი ზარნაძე, ლექსო მეგუთნიშვილი და გიორგი აბაშიძე. გამომძიებელი როცა მკითხავდა, იმ პერიოდში შემოვარდნენ ლალიაშვილი და კახეთის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი უფროსი ქოქიაშვილი და იარაღიანი ხელით დამიწყეს ცემა. მე ვეკითხებოდი, რა დავაშავე მეთქი. ორი ათასი ტონა ყურძენი აღარ გიშველის, 1000 დოლარის მათხოვრები რომ გაგვხადე, ნახავ რაც მოგივაო. ლალიაშვილი ხან იარაღს მომადებდა და ტვინის გასხმევინებით მემუქრებოდა. ამავე პერიოდში სცემეს სამივე ჩემი თანამშრომელი, განსაკუთრებით – ჩემი ბიძაშვილი ლექსო მეგუთნიშვილი. ორი პოლიციელი, რომელთა გვარების დასახელება შემიძლია, წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლით გაუსწორდნენ. დაიღლებოდნენ თუ არა, მერე სხვები ენაცვლებოდნენ. ნახევარი საათი მაინც სცემდნენ. ასევე სასტიკად სცემეს ვალერი ზარნაძე და აიძულებდნენ, დაეწერა ჩვენება, თითქოს მე დავლეწე უზუნაშვილის მანქანა. ჩვენ რას ვამბოდით, არავითარი აზრი არ ჰქონდა. მათ რაც აწყობდათ, მარტო იმას წერდნენ. არავის წაგვიკითხავს ჩვენებებში რა ეწერა, ისე მოგვაწერინეს ხელი.

მეორე დღეს მე და ლექსო მეგუთნიშვილს შეგვიფარდეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა და წაგვიყვანეს გლდანის მერვე საპყრობილეში. ორკვირიანი კარანტინის შემდეგ გადამიყვანეს საკანში. საკანში გადაყვანიდან მესამე დღეს გაიღო კარი და შემოვიდა ხუთი თავგადაპარსული კაცი შავ ფორმებში ჩაცმულები. ბიჭო, შენ რა გადაძახილი გქონდა კამერაზეო? წინა დღის გადაყვანილი ვიყავი საკანში, მე იქ ვინ უნდა მცნობოდა ან რა უნდა გადამეძახა?! უბრალოდ, მიზეზი უნდოდათ. წამიყვანეს ქვედა სართულზე და მითხრეს, რომ დამეწერა ჩვენება თითქოს ვხმაურობდი, სამჯერ გამაფრთხილეს და მაინც არ დავემორჩილე. თუ ამას დავწერდი, მომცემდნენ ხუთი დღეღამით კარცერში ჯდომას თუ არა, ათი დღეღამით ჩამსვავდნენ. მე ვუთხარი, რომ არაფერს მოვაწერდი ხელს. დამიწყეს ცემა. იმდენი მცემეს, სიკვდილის პირას მიმიყვანეს. ისე სასტიკად ვიყავი ნაცემი, რომ გონება დავკარგე. თანაც კარანტინიდან ახალი გამოსული საკმაოდ სუსტად ვიყავი. ორი კვირა არაფერი მეჭამა. 26 კაცი ვიყავით 18 კვადრატულ მეტრში, ტუალეტის ჩამრეცხი არ მუშაობდა, რაშიც საჭმელს ვჭამდით იმ ჯამებით შეგვქონდა წყალი და იმით ვასახავდით უნიტაზში. „ფლოსტებს“ დავიდებდით ხოლმე და იმაზე ვწვებოდით, რომ მხარი არ გაგვციებოდა. საკანში გადაყვანის შემდეგ კვირაში რამდენჯერმე გავყავდით და მცემდნენ - ხან აბანოში და ხან სად. 25 კილიგრამი დავიკელი. ბოლოს ისე დავსუსტდი, რომ კიბეზე დახმარების გარეშე ვეღარ ავდიოდი.

ამის პარალელურად ჩემს ძმას იბარებდნენ ხოლმე კონსტიტუციური უსაფრთხოების შენობაში და ეუბნებოდნენ, რომ თუ უნდოდა, ცოცხალი გავსულიყავი ციხიდან, უნდა ეყიდა რვა ავტომობილი „ტოიოტა პრადო“. იმ დროს მათი საერთო ღირებულება შედგენდა 350 000 დოლარს. მე მაგდენის საშუალება მართლა არ მქონდა. ვერანირად ვერ მოვახერხებდი მათი მოთხოვნის შესრულებას.

დავით ლორთქიფანიძე შომოდიოდა ხოლმე ჩემთან ციხეში. პირველად რომ შემოვიდა, თორმეტის ნახევარი იქნებოდა. გაიღო საკნის კარი და წამიყვანეს ციხის უფროსის, ალეკო მუხაძის კაბინეტის წინ სათათბირო ოთახში. ხუთ წუთში ლორთქიფანიძეც შემოვიდა. მან მითხრა, რომ თუ მინდოდა  ციხიდან ცოცხალი გავსულიყავი, რვა „ტოიოტა პრადო“ უნდა მეყიდა. მე ისტერიკა დამემართა, რადგან რვა პრადოს ფულს ვერსაიდან ვერ მოვიტანდი. მაშინაც სატიკად მცემეს. თან მაგინებდნენ და სახეში მაფურთხებდნენ.  მეორე დღესაც შემოვიდა ლორთქიფანიძე და მითხრა წინა დღის მის ნათქვამზე რას ვფიქრობდი. მე იგივე ვუპასუხე, რომ რვა პრადოს ვერ ვიყიდიდი. მაქსიმუმ შემეძლო 50 000 ლარი გადამეხადა. რაზეც მითხრა, რომ მაგ ფასად ვერ გამიყვანდნენ. მესამედ რომ შემოვიდა, უკვე მითხრა, რომ გამიყვანდნენ და დანარჩენზე გარეთ მომელაპარაკებოდნენ. მეორე დღეს მართლაც  საპროცესო შეთანხმება გამიფორმეს, შემატანინეს 30 000 ათასი ლარი – ნახევარი ჩემზე, ნახევარი ჩემს ბიძაშვილზე და გამომიყვანეს. რამდენიმე დღეში ლორთქიფანიძემ დამირეკა. მივედი ლალიაშვილის კაბინეტში. იქ მასხრად მიგდებდნენ და დამცინოდნენ. ჯოჯოხეთში რომ იყავი, ამას ჩვენ ვაკეთებდით და კიდევ უარესს გავაკეთებთ, თუ თანხას არ მოიტანო. სამსაათიანი საუბრის შემდეგ შევთანხმდით 80 000 დოლარზე.

2 მარტს დამირეკა ლოთქიფანიძემ და მითხრა, რომ მეორე დღეს  უნდა წავსულიყავით თბილისში და თან მქონოდა სამოცი ათასი დოლარი. მივედით დიღომში, „მათე მოტორსში“, სადაც დაგვხვდა ლალიაშვილი და ორი სხვა პიროვნება. წავედით დიდი დიღმის „გუდვილში“, სადაც „თიბისი“ ბანკის ფილიალში გადამახდევინეს 58 ათასი დოლარი ვინმე დავით მთაწმინდელის სახელზე. იმავე დღეს გაუმზადეს ახალი „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200“.

14 მარტს დამირეკა ისევ ლორთქიფანიძემ და მითხრა, რომ მეორე დღეს უნდა წავსულიყავი კვლავ თბილისში და თან მქონოდა 40 000 დოლარი. მეორე დღეს მოვიდა  მისი თანამშრომელი და წამიყვანა. თბილისში დამხვდა ლორთქიფანიძე. ორი ავტომობილი ყავდათ მოყვანილი ორივე  „ტოიოტა კამრი“. ერთში გადამახდევინეს 19 ათასი დოლარი და მეორეში 19 300 დოლარი. მოგვიანებით ერთ–ერთი მათგანით დადიოდა თავად დავით ლორთქიფანიძე.

1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაახლოებით ერთი თვე დავიცადე და შემდეგ უკვე შევუთვალე, რომ რა ზარალიც მომაყენეს და რა ფულიც წამართვეს, აენაზღაურებინათ. მთხოვეს, სამი ოთხი დღე გვაცალეო. თუმცა, არავინ გამომხმაურებია. შემდეგ, ნოემბრის თვეში, უკვე პროკურატურას მივმართე“.

საჩივრის შეტანიდან 2 კვირაში დავით ლორთქიფანიძე სამართალდამცავებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. ხოლო ზურა ლალიაშვილი ქვეყნიდან არის გაქცეული და მიმალვაშია. პროკურატურა ლორთქიფანიძეს და ლალიაშვილს სსკ-ის 333-ე მუხლის, III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით ლორთქიფანიძე ბრალდებას აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ იგი ზურაბ ლაიაშვილის ბრძანებებს ასრულებდა. ალექსანდრე მეგუთნიშვილის აზრით, ბრალდებული მხარე ცდილობს, ყველა დანაშაული ზურა ლალიაშვილს დააკისროს და ამით ლორთქიფანიძეს დანაშაული შეუმსუბუქოს. დაზარალებული მიიჩნევს, რომ სწორედ დავით ლორთქიფანიძე არეკინებდა  ციხის უფროსთან დღის ნებისმიერ მონაკვეთში თავის ძმას გია ლორთქიფანიძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ამის არგუმენტად კი იმდროინდელი ციხის უფროსის, ალეკო მუხაძის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც სანდრო მეგუთნიშვილს გადასცა, რომ მას შსს–დან ურეკავდნენ  და ეუბნებოდნენ, დავით ლორთქიფანიძე ციხეში შეეშვა. ამ დროისათვის მუხაძეც ძებნაში იმყოფება.

25 თებერვალს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა დავით ლორთქიფანიძე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება არასამართლიანად მიაჩნია სანდრო მეგუთნიშვილს. იგი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაბაზა დუიშვილს ლორთქიფანიძეებთან პირადი ნაცნობობა აკავშირებს. ამის გამო მას სასამართლოს დაწყებამდე მისი აცილებაც უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა არასაკამრისი მტკიცებულებების გამო.

დავით ლორთქიფანიძის საქმეზე მომდევნო სასამრთლო პროცესი 27 მარტს 12 საათზეა ჩანიშნული.

ახალი ამბები