კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში - მსჯავრდებული როლანდ და ბაჩო ახალაიებს ადანაშაულებს

25 მარტი, 2013

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, მთავარმა პროკურატურამ შეისწავლოს ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულ მამუკა ზარქუას და ამავე საქმეში დაზარალებულად ცნობილი მადონა კაჭარავას განცხადებები და დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტების დადგენის მიზნით.

მამუკა ზარქუა მე-10  წელია, სასჯელს იხდის და როგორც ამბობს, ამ ხნის მანძილზე არაერთხელ გამხდარა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. იგი ასევე აცხადებს, რომ მისი დაპატიმრებით პროკურატურა და პირადად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია იყო დაინტერესებული.

მამუკა ზარქუა თავს დამნაშავედ არ სცნობს. მას მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, რომლის დროსაც მოქალაქე დაიღუპა.  გარდაცვლილის მეუღლე  მადონა კაჭარავა აცხადებს, რომ  ზარქუა დამნაშავე არ არის და ნამდვილი ბოროტმოქმედების ვინაობა იცის. მის მიერ დასახელებული პირები ემთხვევა იმ ადამიანების გვარ-სახელებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრს თავად მამუკა ზარქუაც უსახელებს.

სასჯელის მოხდის პერიოდში მამუკა ზარქუამ თვითონ მოიძია დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები, ვინაობისა და მისამართების დაზუსტებით. ერთ-ერთი მათგანი იმ დაწესებულების მსჯავრდებული იყო, სადაც თვითონ ზარქუა იხდის სასჯელს. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები კი იმ სოფლის მცხოვრებნი არიან, სადაც დანაშაულია ჩადენილი.

მამუკა ზარქუას თქმით, დამატიმრებამდე მას აბაშის რაიონის პროკურორი ქრთამის გადახდას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წარსულში ნასამართლევს, „ციხეში შებრუნებით“ ემუქრებოდა. ხოლო, როცა აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოში ყაჩაღობა და მკვლელობა მოხდა, პროკურატურამ მუქარა შეასრულა. მსჯავრდებული აცხადებს, რომ პოლიციაში მიყვანის დღიდან დაიწყო მისი წამება. მისგან ითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას. მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურაც ჩაერთო, რა დროსაც, მსჯარდებულის გადმოცემით, მასთან ციხეში პირადად მივიდა ყოფილი სამხარეო პროკურორი, როლანდ ახალაია და დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ მინიმალური სასჯელი შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა - სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევო.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას მამუკა ზარქუა ასევე აღწერს, როგორ ცემდნენ და აწამებდნენ ქუთაისის #2 დაწესებულებაში, რასაც იგი როლანდ ახალაიას მუქარას უკავშირებს. მისი განცხადებით, ქუთაისის იზოლატორში იგი საჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამაც მოინახულა, რომელსაც მან უთხრა, რომ უდანაშაულო იყო. ამის თქმის შემდეგ იგი კვლავ სცემეს და უგონო მდგომარეობაში შეაგდეს კამერაში. მოგვიანებით, როცა კიდევ რამდენჯერმე სცემეს, პატიმარმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. შემდეგ იგი გადაიყვანეს რუსთავის #6 დაწესებულებაში, სადაც როგორც თავად აცხადებს, პირადად ბაჩო ახალაიამ სცემა და კბილები ჩაუმტვრია.

„რამდენ განცხადებასაც დავწერდი, იმდენი ცემა მელოდა, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი. 2009 წელს გადამიყვანეს რუსთავის #17 დაწესებულებაში, სადაც შიმშილობის შედეგად გავხდი ცუდად. თანაც ამ დროს აღმომაჩნდა ტუბერკულოზი, რის გამოც ტუბზონაშიც მოვხვდი“, -  აცხადებს მსჯავრდებული.

მსჯავრდებული ამჟამად კვლავ რუსთავის #17 დაწესებულებაში იმყოფება. მან არაერთხელ მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებსა და პირებს თავის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ აქამდე მის განცხადებებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მხარს უჭერს მსჯავრდებულს თავის უმთავრეს მოთხოვნაში - დაიწყოს გამოძიება მის ხელთ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და დაიკითხონ დასახელებული პირები.

წლების განმავლობაში მსჯავრდებული დაინტერესებული იყო იმ საქმისა და დანაშაულის გარემოებების გამორკვევით, რომელიც მას შესაძლოა არც ჩაუდენია. ამ ხნის განმავლობაში მას კავშირი ჰქონდა რამდენიმე გამომძიებელთან და პროკურორთან, რომლებიც პირად საუბრებში ეუბნებოდნენ, რომ მათთვის ცნობილი იყო მისი უდანაშაულობის შესახებ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, თავის მხრივ, არაერთი განცხადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, მაგრამ ეს განცხადებები ყოველთვის რეაგირების მიზნით იგზავნება სენაკის რაიონულ პროკურატურაში, სადაც აშკარაა, რომ საქმეზე გამოძიების დაწყებას არ აპირებენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრს ასევე აქვს დაზარალებულის განცხადებები, რითაც მან 2012 და 2013 წლებში მოითხოვა სიმართლის დადგენა და რეალური დამნაშავეების დასჯა; დაზარალებულის განცხადებებში ასევე დასახელებული არიან დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქამდე გამოძიება არ დაწყებულა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 26 მარტს მამუკა ზარქუას საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს და კიდევ ერთხელ მოითხოვს, მთავარმა პროკურატურამ მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული  შესაბამისი ზომები და მოახდინოს რეაგირება, რათა საბოლოოდ დადგინდეს სიმართლე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები