კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კეზერაშვილის პროცესზე დაკმაყოფილებული შუამდგომლობა სასამართლო სხდომის ოქმში არ აღმოჩნდა

1 აპრილი, 2013

სალომე ჩხეიძე

29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირების საქმის არსებითი  განხილვა გაიმართა.  პროცესზე კეზერაშვილის დამცველმა გოგიტა გაბაიძემ  15 მარტს გამართული სასამართლოს სხდომის ოქმი გააპროტესტა. მისი თქმით, სასამართლო სხდომის ოქმში აღნიშნული არაა მისი შუამდგომლობა, კეზერაშვილის საქმის ცალკე  გამოყოფის შესახებ, რომელიც მოსამართლემ  წინა სდომაზე დააკმაყოფილა.

ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განცხადებით, მან და ადვოკატმა შოთა მინდელმა  15 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე დააყენეს შუამდგომლობა, დავით კეზერაშვილის, მერი ჯანაშვილისა და მერაბ ლაფანაშვილის საქმეების ერთიანი საქმიდან გამოყოფის შესახებ და მათი ცალკე განხილვა მოითხოვეს.

 „აღნიშნული შუამდგომლობა პროცესზე დააკმაყოფილა მოსამართლემ, რაც დაფიქსირებულ იქნება პროცესის აუდიო ჩანაწერზე. ამდენად, დღეს საერთოდ არ უნდა მოვსულიყავით აქ მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასამართლო სხდომის ოქმში საერთოდ არაა მითითებული აღნიშნული შუამდგომლობის დაყენებისა და შემდეგ მოსამართლის მიერ მისი დაკმაყოფილების შესახებ”,  - აცხადებს გაბაიძე.  ამასვე ადასტურებს  ლაფანაშვილისა და ჯანაშვილის ადვოკატი შოთა მინდელიც და აცხადებს, რომ ეს სერიოზული დარღვევაა. ”გამოდის, სასამართლომ გუშინ შუამდგომლობა  დაგვიკმაყოფილა და დღეს კი, საერთოდ უარყო მისი არსებობაც.  ეს ნამდვილად გასაპროტესტებელია”, -აღნიშნავს მინდელი.

მოსამართლე  დავით გელიაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი ვერ იმსჯელებს სასამართოს სხდომის ოქმის ირგვლივ და შესაბამისად,  სადაოს ვერ გახდის მის შინაარსს.

პროცესზე ბრალმდებელმა მერაბ ჯერანაშვილმა  დავით კეზერაშვილის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის აცილების შუამდგომლობაც დააყენა.  მისი თქმით, მე-60 მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის  თანახმად, ადვოკატის აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუ იგი იურიდიულ კონსულტაციას უწევს  ან უწევდა პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება ამჟამად მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებს. 

”როგორც ვხედავთ, დავით კეზერაშვილი თავს არიდებს სასამართლოზე გამოცხადებას.  სავარაუდოა, რომ იგი თავს დანმაშავედ არ სცნობს. დიმიტრი სახვაძემ კი, რომელსაც კონსულტაციებს უწევდა გაბაიძე, დანაშაული აღიარა და მის მიერ მიცემულ ჩვენებაში ვხვდებით ბრალის დამადასტურებელ ერთიდაიმავე გარემოებებს, რაც არის კეზერაშვილის საქმეში. ცხადია,  ამ ორი პიროვნების ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ნამდვილად დგას გაბაიძის აცილების საფუძველი”,  - განაცხადა ჯერენაშივლმა.

დავით კეზერაშვილის ადვოკატამ განაცხადა, რომ მისი აცილების საფუძველი არ არსებობს, რადგან  თავდაპირველად მან თავადვე  მოითხოვა აცილება დიმიტრი სახვაძის დაცვასთან დაკავშირებით. ამასთან, თუკი ბრალდების მხარისთვის ცნობილი იყო მისი აცილების საფუძველი, მაშინ აღნიშნული შუამდგომლობა  უნდა დამდგარიყო  წინასასამართლო სხდომაზე. მან, როგორც კეზერაშვილის დამცველმა ჩამოთვალა ნუსხა და დააყენა არაერთი შუამდგომლობა პროცეზე, რაც მაშინ არ გაუპროტესტებია პროკურორს.  მოსამართლე დავით გელიაშვილმა ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

სხდომის დასასრულს მოსამართლემ განმარტა, რომ ერთიან საქმეს გამოეყო 2 ბრალდებულის საქმე, რომელებიც ბრალს აღიარებდნენ და მათსა და ბრალდების მხარეს შორის არსებობდა საპროცესო შეთანხმება. კეზერაშვილისა და დანარჩენი ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა კი 12 აპრილს 15:00 სთ-ზე ჩაინიშნა.

ახალი ამბები