კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინდოელი ინვესტორი: „საქართველო ქვეყანაა, სადაც ფულით შეგიძლია იყიდო პრობლემები, სტრესი და ნევროზი“

10 აპრილი, 2013

გაზეთი „ყველა სიახლე“

ბოლო ხანს მეტად გამწვავდა ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების თემა. პრობლემა მრავალწახნაგოვანია და ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. უკვე არაერთ სოფელში დაუპირისპირდა ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში მოხდა. სოფელში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწის მესაკუთრე ერთ-ერთი ინდური კომპანიაა. როგორც უკვე ვთქვით, პრობლემა მრავალმხრივია და სახელმწიფოსგან დროულ რეაგირებას საჭიროებს. გვესაუბრება ინდოელი ინვესტორი, კომპანია „ფუდლენდის“  დირექტორი ჯაგპალ (პოლ) სინგჰი.

- პირველად საქართველოში 2009 წელს ჩამოვედი სრულიად სხვა ბიზნესის გამო, მაგრამ შემდგომ დავინახე რა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში სერიოზული პოტენციალი იყო, გადავწყვიტე, ამ სფეროში მეცადა ბედი.მოკლედ, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის მეურნეობაში მუშაობის კარგი და ცუდი გამოცდილება შევიძინე. ჩემ შემდეგ რამდენიმე მსხვილი ინდოელი ბიზნესმენიც დაინტერესდა საქართველოთი, მათაც შეიძინეს საქართველოში მიწები, რომელთა განკარგვისა და მენეჯმენტის წარმართვის უფლება მე გადმომცეს. ჩვენს საქმიანობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა შარშანდელი ივლისიდან მოყოლებული ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

- თავდაპირველად რატომ დაინტერესდით საქართველოთი?

- ვიფიქრე, რომ ახალ ქვეყანაში საქმის წამოწყებით სიახლეს შევიტანდი ჩემს ცხოვრებაში და გამოვცოცხლდებოდი. საქართველო აღმოჩნდა ქვეყანა, სადაც ფულით შეგიძლია იყიდო "კარგი პრობლემები", სტრესი და ნევროზი, შესაბამისად, გამოცოცხლდე კიდეც. მოკლედ, აქ ჩემი საქმიანობა სააფთიაქო ბიზნესით დავიწყე და ძალიან მიკვირდა, როდესაც მოთხოვნილება სტრესის საწინააღმდეგო პრეპარატებზე ძალიან დიდი იყო, ახლა აღარ მიკვირს (იცინის). მე თვითონ დავიწყე მათი მიღება.

- გორის რაიონის სოფელ დიცში ადგილობრივი მოსახლეობა ინდოელ ინვესტორებს დაუპირისპირდა, ეს თქვენი მიწებია?

- არა, თუმცა, ვიცი, იქ რაც ხდება, იგივე პრობლემები მაქვს მეც. ჩემი კომპანია ფლობს მიწებს დვანსა (150 ჰა) და ზეღდულეთში (75 ჰა). ეს მიწები კანონის სრული დაცვით მაქვს ნაყიდი.

- სავარაუდოდ, რამდენიმე ინდოელ ინვესტორს წინა ხელისუფლებამ სახელმწიფო სარეზერვო მიწები მიჰყიდა…

- ეს არ შეეფერება სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში, მე მიწის ნაკვეთები ნამდვილად კერძო მფლობელებისგან ვიყიდე, რომლებიც მიწას ვერ ამუშავებდნენ. ეს არ ყოფილა საძოვრები, ეს იყო სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც დაუმუშავებლობის გამო საძოვრად ჰქონდათ ქცეული. სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები გვეუბნებოდნენ, რომ მათ საძოვარი აღარ დარჩათ. რის მერეც ავდექი და ჩემი კუთვნილი 75 ჰა-დან 25 ჰა სოფლის მოსახლეობას საძოვრისთვის გადავეცი. რაც შეეხება სოფელ დიცს, იქ ინვესტორმა მიწაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა, დაახლოებით ამდენივე - ვაშლის ახალი ჯიშების ნერგებსა და მათ ტრანსპორტირებაში, ჩამოტანა ასევე ახალი ტექნოლოგიები და უცებ ატყდა ერთი ამბავი. დღეს კი ისე მიდის საქმე, რომ სასოფლო-სამეურეო საქმიანობის წარმოებას ვერ ახერხებს. 5-6 თვეს დავიცდით და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, იძულებულები ვიქნებით, ყველაფერი გავყიდოთ და აქედან წავიდეთ, მაგრამ ეს არც ჩვენთვის იქნება კარგი და არც ამ ქვეყნისთვის. ვფქირობ, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ახსნა, თუ რა სარგებელს იღებს მთელი ქვეყანა და რიგითი მოქალაქე რეალური ინვესტორისგან.

- ბრძანეთ, რომ შარშან ივლისიდან გართულდა ვითარება. რა იყო ამის მიზეზი?

- არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთბაშად ძალიან ბევრი ინდოელი შემოვიდა საქართველოში გამდიდრების იმედით. თუმცა ისინიც მოტყუებულნი რჩებიან, რადგან საქართველოში არც ამდენი მიწაა და არც მიწის გაყიდვის მსურველი. საბოლოოდ, ეს ღარიბი ინდოელებიც ვერ ნახულობენ რაიმე სარგებელს, თანაც ინდოელთა ეს ნაკადი ადგილობრივ მცხოვრებლების აღიზიანებს. ვფიქრობ, ამ პროცესს აუცილებლად უნდა მიაქციოს თქვენმა ხელისუფლებამ ყურადღება, რადგან რიგითი ქართველისთვის ძნელი გასარჩევია, ვინ არის რეალური ინვესტორი და ვინ - ღარიბი ინდოელი.

- საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, როცა უცხოელები ყიდულობენ მიწას, მოსახლეობის შეშფოთება ბუნებრივია...

- თუ ვინმეს მიწის გაყიდვა არ უნდა, ნუ გაყიდის, ჩვენ ხომ არავის ვაიძულებთ. გარდა ამისა, ამ მიწას ხომ ვერსად წავიღებთ, ის ქართული იყო ათასწლეულების განმავლობაში და დარჩება ქართულ მიწად კიდევ მრავალი ათასწლეული.

წყარო

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ „ყველა სიახლის“ 10 აპრილის ნომერში

ახალი ამბები