თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის სარჩელი - ბათილად ცნო მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება და ის თანამდებობაზე აღადგინა.
სასამართლომ, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისრა იმ თანხის ანაზღაურება, რასაც ბარათაშვილი მიმდინარე წლის 4 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში ხელფასის სახით მიიღებდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 30 დღის ვადაში გამოცხადდება, რის შემდეგაც მხარეებს ამ გაადაწყვეტილების გასაჩივრება 14 დღის ვადაში შეეძლებათ.
სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 4 მარტს გაათავისუფლა. მიზეზად არხზე შექმნილი კრიზისული ვითარება დაასახელა, რომელსაც "ბარათაშვილმა თავი ვერ გაართვა". საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალოებას გიორგი ბაქრაძე ასრულებს.
სასამართლოში ბარათშვილის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, ნათია კაპანაძე იცავდა.