კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალურ მოძრაობაში დაგეგმილი აქციის წინ უთანხმოება გაჩნდა

17 აპრილი, 2013

სივილ ჯორჯია 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულმა მამხილებელმა განცხადებამ, რომელიც ორშაბათს საღამოს სავარაუდოდ შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას ახლად შექმნილ Facebook–ის გვერდზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირების ნიშნები გამოავლინა.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა გამოქვეყნებული განცხადება დათა ახალაიას, კვლავ სპეკულაციის წყაროს წარმოადგენს, ნაციონალური მოძრაობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს მოუწიათ მასზე რეაგირება და ზოგიერთმა მათგანმა იმაზეც კი მიანიშნა, რომ ისინი ძმებ ბაჩო და დათა ახალაიებისგან, რომლებიც ერთ დროს გავლენიანი ფიგურები და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირები იყვნენ, თავს შორს იჭერენ.

უთანხმოება იმ დროს მოხდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილს თბილისის ცენტრში დაგეგმილი აქციისთვის ემზადება.

დათა ახალაია წლების მანძილზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო; არჩევნების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და ახალმა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და წამების საქმეზე ბრალი წაუყენა. ამჟამად იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. მისი ძმა ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ბოლოს, არჩევნებამდე რამდენიმე თვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ედგა სათავეში. ბაჩო ახალაია ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ამჟამად მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს წაყენებული აქვს რა ბრალი რამდენიმე მუხლით, თუმცა თავად იგი ბრალდებებს უარყოფს. როლანდ ახალაია, ბაჩო და დათა ახალაიების მამა, სამეგრელოს რეგიონის მთავარი პროკურორი იყო, სანამ არჩევნების შედეგად ზუგდიდი მაჟორიტარი დეპუტატი გახდებოდა ნაციონალური მოძრაობიდან.

15 აპრილს საღამოს 9 საათამდე Facebook-ის გვერდი, სავარაუდოდ, დათა ახალაიამ შექმნა, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია. განცხადება ამ გვერდზე მისი გახსნიდან მალევე დაიდო. განცხადების თანახმად, ძმები ახალაიების წინააღმდეგ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე პროვოკაცია დაგეგმა ახალაიების წინააღმდეგ, რასაც საბოლოოდ ნაციონალური მოძრაობის დამარცხება მოყვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

სავარაუდოდ დათა ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას გააჩნია „მტკიცებულებები“, რომ „ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის [მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის] ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი“. ეს ბრალდება სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. სავარაუდოდ ახალაიას განცხადებაში მერაბიშვილი ციხის კადრების „შექმნაშია“ დადანაშაულებული.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იალღუჯაზე ჩვენი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ჩემს ძმას ასამართლებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბაჩო ახალაიას ამ საქმეზეც აქვს ბრალი წაყენებული, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი სასამართლოში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აპირებს ჩვენების მიცემას.  

„აქვე დავძენ, რომ მე არ ვამტკიცებ, თითქოს ვანო მერაბიშვილი გარიგებული იყო მაშინდელ ოპოზიციასთან, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა“, – ნათქვამია განცხადებაში, „მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი!"

დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ იგი ადასტურებს, რომ ეს განცხადება ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის.

ჯერჯერობით ამ განცხადების ნამდვილობის სხვა დადასტურება არ ყოფილა. ახალაიებთან დაახლოებული რამდენიმე პირი აცხადებს, რომ მათ არ სჯერათ, რომ განცხადება ნამდვილად დათა ახალაიამ დაწერა.

განცხადება, სავარაუდოდ დათა ახალაიას Facebook-ის გვერდიდან, Forum.ge-ზე ორშაბათს საღამოს 9 საათზე დაიდო; მეცხრე არხი ერთ–ერთი პირველი ტელევიზია იყო, რომელმაც ამ განცხადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა 15 აპრილს თავის 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში; შემდეგ ინფორმაცია განცხადების შესახებ საინფორმაციო პორტალებმა გაავრცელეს და ასევე „რუსთავი 2“–მაც გააშუქა თავისი 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების ბოლოს.

ვანო მერაბიშვილმა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას Facebook-ის საშუალებით 16 აპრილს უპასუხა: „მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის, თუ არა, გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას“.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება უაზრობაა, რადგანაც ეს „აბსურდია“. მართალია, მან მიანიშნა, რომ მისთვის არ არის სრულიად ნათელი ეს მართლა დათა ახალაიას განცხადებაა თუ არა, მაგრამ განაცხადა, რომ ახალაიას მეგობრები, რომლებიც კვლავ შსს–ში მუშაობენ, ამჟამად ახალი მთავრობის მითითებით ნაციონალური მოძრაობის აქცივისტებს დევნიან.

„ახალაიას თანამშრომლების 80%, თუ მეტი არა, ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე ნამდვილად პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული“, – განაცხადა უგულავამ.   
 
უგულავამ ასევე განაცხადა, რომ ეს მოვლენები „ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის ბალადას“ – მას მხედველობაში ჰყავდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ერთ დროს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ფიგურა, რომელიც 2007 წელს პრეზიდენტს და ნაციონალურ მოძრაობას დაუპირისპირდა და ყოფილ მოკავშირეებს სერიოზული ბრალდებები წაუყენა, რომლებიც დაპატიმრების დროს უკანვე წაიგო.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ძმები ახალაიები გარკვეულწილად სააკაშვილის, მერაბიშვილის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მკაცრი რეჟიმის მსხვერპლნი არიან – ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს კომენტარი ხუხაშვილს  მანამ გაკეთებინა, ვიდრე ახალაიას სახელით განცხადება გავრცელდებოდა.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხუხაშვილის რეაქცია მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებზე და მისი კომენტარი ძმებ ახალაიებზე, მისთვის იმის მანიშნებელია, რომ ეს იყო ორკესტრირებული კამპანია ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსთაველის გამზირზე 19 აპრილს დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ.

„ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი რაღაც გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს; ძალიან  დასანანია თუ ეს დადასტურდა რომ ესე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება“, – განაცხადა უგულავამ.

თეა თუთბერიძე, რომელიც ბაჩო ახალაიას ერთ–ერთი აქტიური მხარდამჭერია, აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები შეთითხნილია.

მისი თქმით, მას არ სჯერა, რომ 15 აპრილს გამოქვეყნებული განცხადება დათა ახალაიას ეკუთვნის. თუმცა, იგი ასევე აცხადებს, რომ არ იცის განცხადებაში მოყვანილი ბრალდებები ნამდვილია, თუ არა. მან ასევე გააკრიტიკა ვანო მერაბიშვილი იმის გამო, რომ ის საჯარო მხარდაჭერას არ უცხადებს თავისი მთავრობის ყოფილ წევრს ბაჩო ახალაიას.

თუთბერიძემ ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროდ მას მერაბიშვილისგან და ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატისგან ბაჩო ახალაიას დასაცავად არც ერთი განცხადება არ სმენია, რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს.

ახალი ამბები