კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენს შუალედურ არჩევნებზე

17 აპრილი, 2013

ხვალ, 18 აპრილს, 14:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დისკრიმინაციული შეზღუდვა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატისთვის.

11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის ერთ-ერთი სადავო დებულების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენს 27 აპრილს ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში დანიშნულ შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებზე, ვინაიდან არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის სადავო დებულების მიხედვით,  მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების სიასთან ერთად, ცესკოს მითითებულ ანგარიშზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტიც უნდა წარედგინა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ დეპოზიტზე შეტანილი თანხა კანდიდატს სრულად უბრუნდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის არჩევნებში მიიღებდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10 პროცენტს მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თანხა ირიცხებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ ატარებდა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, თუ დარღვეულ იყო ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ვადა. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი არ წარადგენდა  5000-ლარიან დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელ საბანკო დოკუმენტს, იგი არ იქნებოდა გატარებული რეგისტრაციაში.

აღნიშნულ მოთხოვნას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებდა მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის, კერძოდ - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ. ამგვარი სავალდებულო მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარმდგენი სხვა ისეთი საარჩევნო სუბიექტების შემთხვევაში, როგორიცაა - პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობა გაუწია მოქალაქე ბესიკ ადამიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და კანონით ევალებოდა 5000 ლარის გადახდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიიჩნია, რომ ამგვარი სავალდებულო მოთხოვნის დადგენა არჩევნებში მონაწილეობის მიმღებ თანასწორ სუბიექტებს შორის, მხოლოდ ერთი სუბიექტისადმი წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით  გათვალისწინებული, კანონის წინაშე სამართლიანი თანასწორობის პრინციპის დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ცენტრს საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი აქვს წარდგენილი, რომლითაც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაა გასაჩივრებული. მოსარჩელეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კოდექსის ეს მუხლი არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც ადამიანის სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს.

საარჩევნო პროცესის მონიტორინგის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მომზადდა კონსტიტუციური სარჩელები, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED)-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ადამიანის უფლებათა ცენტრს მონიტორინგში ასევე მხარდაჭერას უწევს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები