კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის საიდუმლო ხარჯები

22 აპრილი, 2013

სალომე ჩხეიძე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის  განცხადებებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა.  17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის, ახლობლების, მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების „ფუფუნების საგნებზე“  დიდძალი თანხები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან იხარჯებოდა და  ხარჯებს  გრიფით „საიდუმლო“ ედო.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა  იმერლიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სამსახურის ანგარიშიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.  იმერლიშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები  ხელმისაწვდომი მას შემდეგ გახდა, რაც პროკურატურის დახმარებით სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯებს გრიფით „საიდუმლო“ მოეხსნა.  საინფორმაციო საშუალებებში სწრაფად გავრცელდა დოკუმენტაცია, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან სხვადასხვა დროს  პრეზიდენტის მიერ არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებს ააშკარავებს.

გრიფით „საიდუმლო“ ხარჯები

პრეზიდენტმა რუსი ჟურნალისტი ქსენია სოკოლოვა 2010 წელს  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხებით „ზარაფხანაში“ შეძენილი 2765 ლარიანი ოქროს ყელსაბამით და 69 ლარიანი პატარა ლომით დაასაჩუქრა. დოკუმენტაციაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ქსენია სოკოლოვას სასტუმრო რედისონში ცხოვრების ხარჯი -  9598 ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან ანაზღაურდა.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ანგარიშებიდან ასევე ირკვევა, რომ პრეზიდენტმა უკრაინელი მომღერალი იოანა მელაი 2011 წელს „დაფიონ სამკაულში“ 440 ლარიანი ძეწკვით და 542 ლარიანი კულონით დაასაჩუქრა.

გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად,  სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დეპუტატ თინა ბოკუჩავას 1599 ლარიანი  Iphone 4S, ხოლო მომღერალ თინა ბუნიათაშვილის 140 ლარიანი ყვავილების თაიგული უყიდა.

ასევე პრეზიდენტის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა 2011 წელს გალერეა „შარდენში“ შეიძინა 3500 ლარიანი ტიხრული მინანქრის ოქროს სამაჯური. ანგარიშის დოკუმენტში მითითებულია ნივთის დანიშნულებაც, - „პრეზიდენტის სტუმრის მარიამ საჯაიას დასასაჩუქრებლად“.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თვითონ მარიამ საჯაიამაც. უმცირესობის დეპუტატის განცხადებით, მას პრეზიდენტისგან საჩუქრად სამაჯური არ მიუღია.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან თანხები არამხოლოდ ქალბატონების დასასაჩუქრებლად, არამედ პრეზიდენტის, თანამდებობის პირებისა და მისი სტუმრების დასვენებისა და გართობისთვისაც იხარჯებოდა.

2012 წლის ზაფხულში პრეზიდენტის და მისი სტუმრების ბათუმში  კვებითი მომსახურება  39 206 ლარი და 50 თეთრი დაჯდა.

აგრეთვე, ირკვევა, რომ  პრეზიდენტმა და თბილისის მერმა ავსტრიულ კურორტზე გასახდომ პროცედურებში 115 ათასი ლარი დახარჯეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველ მასალებში აღნიშნულია პრეზიდენტის ესპანეთიდან ჩამოყვანილი პირადი მზარეულის ცხოვრების ხარჯებიც. როგორც ირინა იმერლიშვილმა განმარტა, მზარეულის მომსახურება სახელმწიფოს დაახლოებით წელიწადში ნახევალი მილიონი უჯდება, რადგან მისი ანაზღაურება თვეში 25 ათასი ლარია.

სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველ მასალებში 2011 წლის 6 აპრილს  იუშენკოს აბანოს მომსახურების ხარჯიცაა მითითებული. გამოქვენებულ სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით,  იუშენკოს (სალაროს ორდერში სახელი და თანამდებობა მითითებული არ არის) აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული.

აღნიშნულ განცხადებას გამოხმაურება უკრაინიდან მეორე დღესვე მოჰყვა. 18 აპრილს გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ“ იუშენკოს პრესმდივნის, ირინა ვანიკოვას განცხადება გაავრცელა. ვანიკოვას თქმით, 2011 წლის 6 აპრილს იუშენკო საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა, - ამ დღეს იგი პარტიის ოფისში მუშაობდა. პრესმდივნის განმარტებით, მიუხედავად ამისა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცეს ის 400 დოლარი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დაცვამ გადაიხადა მისი მასპინძლებისთვის თბილისის ერთ-ერთ აბანოში.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ 2011 წლის 22 ნოემბერს 44 სული ცხვრის შეძენა სამსახურ 6 600 ლარი დაუჯდა.  ცხვრები 23 ნოემბერს გურჯაანში, აწყურში, ქედაში, ართანასა და ლალისყურაში სხვადასხვა პირებს გადაეცათ.

ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა დოკუმენტს, საიდანაც ირკვევა, რომ პრეზიდენტის შვილის ედუარდ სააკაშვილის განათლების ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან იხარჯებოდა. დოკუმენტის თანახმად, 2010-2011 სასწავლო წელს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას ედუარდ სააკაშვილის სწავლის გადასახადის სახით 14 ათასი ლარი ჩაერიცხა.

ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამაც. მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს „ერთი თეთრიც არ მიუთვისებია“. ჯანაშია აცხადებს, რომ ხარჯი, რასაც სამსახური ეწეოდა, იყო კანონიერი, ვერავინ იპოვის თანხებს, რომელიც არამიზნობრივად იქნა დახარჯული.

ახალი ამბები