კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

22 აპრილი, 2013

სივილ ჯორჯია

პატიმართა წამება და ცუდი მოპყრობა საქართველოში მთავრობის შეცვლამდე, ხარვეზები კანონის უზენაესობაში და სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობა, ასევე შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების შელახვა, კერძოდ, ოპოზიციისთვის, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში იმ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად არის დასახელებული, რასაც 2012 წელს ჰქონდა ადგილი.

სხვა პრობლემებს შორის, ანგარიშში, რომელიც 2012 წლის მოვლენებს ასახავს, ჩამოთვლილია მთავრობისთვის  ქონების იძულებით გადაცემის შესახებ არსებული ბრალდებები; ასევე თვითნებური დევნის შემთხვევები, სამუშაოს დაკარგვა და დაპატიმრებები პოლიტიკური ნიშნით.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა იმ საჯარო მოხელეების სამართლებრივი დევნისა და დასჯისკენ, რომელთაც ადამიანის უფლებები დაარღვიეს, „არჩევნებამდე არსებული მთავრობა ხშირად წყვეტდა და აფერხებდა ამგვარი ბრალდებების გამოძიებას, რითიც დაუსჯელობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს“.

„თუმცა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 25–ზე მეტ ყოფილ მაღალჩინოსანს წაეყენა წამების, უფლებამოსილების გადამეტების და კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტი ასევე აცხადებს ეუთოს დამკვირვებლების დასკვნებზე დაყრდნობით, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების კუთხით. თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო „კამპანიას ჩრდილი მიაყენა პარტიის აქტივისტების შევიწროებამ და დაშინებამ, რაც ხშირად ოპოზიციასთან ასოცირებული წარმომადგენლების დაკავებით და/ან დაჯარიმებით სრულდებოდა“.

წინა ანგარიშების მსგავსად, ახალ ანგარიშშიც ნათქვამია, რომ „სასამართლო სისტემაზე გარედან გავლენა კვლავ პრობლემად რჩებოდა“.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებზე დაყრნობით, ანგარიში აცხადებს, რომ თავად სასამართლო სისტემის შიგნით ძალაუფლების დაყოფის, ურთიერთ კონტროლისა და ბალანსის სისტემის ნაკლებობამ „ხელი შეუშალა მის [სასამართლო სისტემის] დამოუკიდებლობას“.

იმავე წყაროებზე დაყრდნობით, ანგარიში აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელში  ძალაუფლების კონცენტრაციამ „მოსამართლეთა დამოუკიდებლობა დაასუსტა“.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე განაცხადეს, რომ პრობლემები კვლავ არსებობს მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის და  თანამდებობიდან გათავისუფლების გამჭირვალობის საკითხში და აღნიშნეს, რომ შერჩევის კრიტერიუმები საკმარისად არ ეფუძნება მათ დამსახურებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

პარლამენტმა 5 აპრილს საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას ითვალისწინებს. კანონპროექტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მოაწეროს ხელი, რათა ის ძალაში შევიდეს.

მედიასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „მთავრობის პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ყურებად მედია საშუალებებზე კვლავ პრობლემად რჩებოდა“.

 „სამი ყველაზე მსხვილი სატელევიზიო მაუწყებელი იყო სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ტელევიზია „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“, და კერძო ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი“, ქვეყნის ორი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია. ოქტომბრის არჩევნებამდე სამივე მათგანს მთავრობასთან ახლო ურთიერთობები ჰქონდა, და ზოგადად, მთავრობის სასარგებლო სარედაქციო პოლიტიკას ატარებდნენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი შეიცვალა და ის კვლავ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მეცხრე არხი, რომელიც  ოპოზიციის მაშინდელის ლიდერის და ამჟამად პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის მიერ ფინანსდებოდა, ასევე „პრო–ოპოზიციური ტელეკომპანიები“ კავკასია და მაესტრო წინა ხელისუფლებისადმი კრიტიკულ შეხედულებებს გამოხატავდნენ. 

ანგარიშის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ამ თანამდებობიდან 2013 წლის აპრილში გადადგა, „მთავარი სარეკლამო სააგენტოს მფლობელი იყო, რაც პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს, რადგანაც იგი იმ სარეკლამო კომპანიიდან იღებდა შემოსავალს, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სტრუქტურა არეგულირებდა“.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების ან ინტერნეტ-პროვაიდერთა მხრიდან „ცენზურაზე ან კონტენტის დაბლოკვაზე რაიმე მინიშნებები არ ყოფილა“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია 2012 წლის 25 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება სასამართლოს სანქციით უნდა ხდებოდეს, „შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩანს, კვლავ აქვს პირდაპირი წვდომა ტელესაკომუნიკაციო კომპანიების ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე, რაც უკანონო სახელისუფლებო თვალთვალის თაობაზე წუხილებს აღძრავს“.

ანგარიში აღნიშნავს, რომ კვლავ ისმის ბრალდებები მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა მედიამ შეშფოთება გამოხატეს ზოგიერთ ბიზნესებთან მთავრობის ახლო კავშირების და ასევე გამჭირვალობის ნაკლებობის გამო, რაც უკავშირდება მათი მფლობელობის სტრუქტურას, საჯარო პროექტებზე ტენდერების ჩატარებასა და ძირითად სახელისუფლებო ხარჯებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ბუნდოვანი ბიზნეს სტრუქტურების სიჭარბემ და რამდენიმე კომპანიის მხრიდან შერჩეულ ბაზრებზე ბატონობამ ელიტური კორუფციისა და კლანური კაპიტალიზმის შესახებ ბრალდებებს შეუწყო ხელი“, – ნათქვამია ანგარიშში, „გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებამდე არსებული მთავრობა ულმობელ პრაქტიკას იყენებდა ან სადავო ჯარიმებს აკისრებდა კომპანიებს“.

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებაში განხორციელებულ მთელ რიგ ცვლილებებს და აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ნაციონალურ მოძრაობის გამგებლები და ქალაქის მერები, როგორც ჩანს, ქართული ოცნების აქტივისტების საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადადგნენ. 

„ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ ფინანსური პოლიციის ჩართვა ადგილობრივი საკრებულოების ბიუჯეტების შემოწმებაში ნათელი ნიშანია კოალიცია ქართული ოცნების სურვილისა, რომ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ რეგიონებში საკუთარი პოლიტიკური ბაზა გააძლიეროს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ქართული ენის ცოდნა ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის მთავარ დაბრკოლებად რჩება.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ „ხელმძღვანელობაში რამდენიმე ის პირი შეიყვანა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ქსენოფობიური, რასისტული და ანტი–მუსულმანური განცხადებების“ გაკეთებაში იყვნენ შემჩნეული. კერძოდ, ანგარიშში მინიშნებაა გაკეთებული პარლამენტის ვიცე–სპიკერის მურმან დუმბაძის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულ განცხადებაზე. ანგარიში ასევე აღნიშნავს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეს გახლავთ პირადად ჩემი მრწამსიც“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ არასწორი საზოგადოებრივი წარმოდგენები ძლიერია და პრობლემები მოიცავს პოლიციის მიერ ცუდ მოპყრობას, ოჯახურ ძალადობას და საზოგადოების მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციას თავი არ შეუწუხებია  დაეცვა მშვიდობიანი შეკრების უფლება თბილისის ცენტრში 2012 წლის მაისში ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული დემონსტრაციის დროს.

ორიგინალი

ფოტო ვიდეოდან, სადაც ციხის თანამშრომლები პატიმრებს ცემენ; უფრო შოკისმომგვრელი ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია პატიმართა ცოცხებით და ხელკეტებით გაუპატიურების ფაქტები ასევე 2012 წ. 18 სექტემბერს გავრცელდა.

ახალი ამბები