კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კეზერაშვილის პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმა დანაშაულებრივ სქემაზე ისაუბრეს

24 აპრილი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და  ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის დავით კეზერაშვილის სასამართლო სხდომაზე ორი მთავარი მოწმე დაკითხა. ორივე მათგანს ამავე დანაშაულში ედებოდათ ბრალი და ამჟამად მათთან საპროცესო შეთანხმებაა გაფორმებული. მოწმეებმა იმ დანაშაულებრივ სქემაზე ისაუბრეს, რითიც კეზერაშვილი სახელმწიფო გადასახადებისგან თავის არიდების  გზით დიდი რაოდენობის თანხას იღებდა.

დავით კეზერაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი 23 აპრილს განახლდა.  სხდომაზე გურჯაანის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის 2 დირექტორი დაიკითხა, რომელთაც ამავე საქმეში ბრალი ჰქონდათ წაყენებული და მათ უკვე გააფორმეს საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან. მოწმეთა განცხადებით, მათ კომპანიას აზერბაიჯანიდან შემოჰქონდა ნივთიერება - მელასი, რომლისგანაც იწარმოებოდა ეთილის სპირტი, შემდეგ კი ეს სპირტი ყაზახურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყაზახეთში უნდა წასულიყო.  საქმის მასალების მიხედვით, ტვირთი ფიქტიურად გადიოდა საბაჟო კონტროლს, რეალურად კი საქართველოში რჩებოდა. 

„თავდაპირველად საქმის ნამდვილი ვითარება არ ვიცოდი, მოგვიანებით კი ჩვენი სატვირთოს მძღოლებისგან შევიტყვე, რომ ეთილის სპირტი არა აზერბაიჯანში, არამედ ვაზიანში, შპს. „ნაფარეულში“ მიჰქონდათ. მე პირადად შეხება არ მქონია და არ ვიცი ვისთან მიდიოდა, მაგრამ თვეში დაახლოებით 200 ტონამდე ეთილის სპირტს ვაწვდიდით.“ - განაცხადა მოწმე კარლო ჩაკვეტაძე.

ბრალდების შეკითხვაზე, იცოდა თუ არა, რა სხვაობაა გადამუშავების რეჟიმით შემოტანილ საქონელსა და იმპორტის რეჟიმით შემოტანილს შორის, მოწმემ განმარტა, რომ გადამუშავების რეჟიმით შემოტანილი საქონელი უნდა გავიდეს კვლავ საზღვრის გარეთ, იმპორტის რეჟიმით შემოტანილი კი რჩება ქვეყანაში. მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საქონელი საბუთების მიხედვით ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას, რეალურად კი კვლავ აქ რჩებოდა, მათი კომპანიის ყველა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული ეთილის სპირტს შეეხება, ყალბია. 

ბრალდების მხარის მეორე მოწმემაც აგრეთვე დაადასტურა პირველი მოწმის ჩვენება. მისი განმარტებით, ყაზახეთის აღნიშნულ კომპანიის უშუალო წარმომადგენლებთან მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ და ხელშეკრულების გაფორმების დროსაც მხოლოდ კომპანიის ნდობით აღჭურვილ პირთან მოხდა ურთიერთობა.

ბრალდების შეკითხვაზე, ხომ არ იცოდა, როგორ ხერხდებოდა, რომ საქონელი, რომელსაც წესით საბაჟო კონტროლი უნდა გაევლო და დაეტოვებინა საქართველო, კვლავ ქვეყანაში რჩებოდა, მოწმემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და  არც ვინმესთვის უკითხავს. 

„ჩვენ რამდენჯერმე გადავამოწმეთ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნული ეთილის სპირტის შესახებ ინფრომაცია. აღმოჩნდა, რომ ყველა დეკლარაცია იყო დახურული, ანუ ჩანდა, რომ ტვირთს საქართველოს ტერიტორია ჰქონდა დატოვებული. ბრალდებული ნიკა დავითაშვილი ჩემი მეგობარია, სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ჩვენს კომპანიას სწორედ დავით კეზერაშვილი მფარველობდა.  ყოველთვის როცა რაიმე გადაწყვეტილება იყო მისაღები, დავითაშვილი ვიღაცას უთანხმებდა, სავარაუდოდ ეს სწორედ კეზერაშვილი იყო. ამასთან, იყო შემთხვევა, როცა პრობლემა შეგვექმნა აზერბაიჯანიდან მელასას დიდი რაოდენობის უწყვეტ მიღებაზე, რა დროსაც დავითაშვილმა მითხრა, რომ ამ საქმეს კეზერაშვილი მოაგვარებდა და მართლად, 2 დღეში პრობლემა მოგვარდა.“ - განაცხადა სხდომაზე გურჯაანის სპირტისა და ალკოჰოლური მწარმოებელი ქარხნის დირექტორმა.

ბრალდების კითხვაზე, რა სარგებელი მოჰქონდა კომპანიისთვის იმას, რომ ტვირთი ფიქტიურად გადიოდა საბაჟო კონტროლს, რეალურად კი საქართველოში რჩებოდა, მოწმემ განმარტა, რომ წარმოებული ეთილის სპირტის შიდა ბაზრისთვის მიწოდების შემთხვევაში, მას უნდა დამატებოდა აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი ნაჩვენები იქნებოდა, რომ ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი საქონელი, იგი თავისუფლდებოდა გადასახადისაგან. 

ბრალდების მხარე ძირითადად საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ უსვამდა კითხვებს, დაცვის მხარემ კი აქცენტს აკეთებდა იმ ფაქტზე, რომ ორივე მოწმეს წარსულში დაახლოებით იმავე საქმიანობაზე ჰქონდა წაყენებული ბრალდება და ორივე შემთხვევაში, ისევე როგორც ახლა, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

ბრალდება აქცენტს აკეთებდა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულმა მოწმეებმა სახელმწიფოს დაახლოებით 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზარალი მიაყენეს და მათთან მხოლოდ 2000 ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.  ამის საწინააღმდეგოდ, ბრალდებამ მოწმეს შეეკითხა,  დაეკისრა თუ არა მათ კომპანიას რაიმე სახის თანხის გადახდა, რაზეც მოწმემ განმარტა, რომ საგადასახადო პოლიციამ  კომპანიას დიდი ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია მოწმის მიერ სხდომაზე ზურაბ ადეიშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის ხსენებამ. მისი თქმით, ჰქონდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილის გარდა ალკოჰოლური სასმელების ბიზნესს სწორედ ეს ორი ადამიანი მფარველობდა. დაცვის მხარის მიერ დაკითხვის პროცესში მოწმემ განმარტა, რომ ამ ვარაუდის დამადასტურებელი არგუმენტები მას არ აქვს, თუმცა, გაუგია, რომ ასეა. 

„ასე ჩემთვის არც კეზერაშვილს უთქვამს პირადად, რომ „ნაფარეული“ მისი იყო. მე არც აზერბაიჯანში ვყოფილვარ და არ მომისმენია კეზერაშვილისა და აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლის საუბარი, როცა ჩვენ პრობლემა შეგვექმნა და 2 დღეში მოგვიგვარდა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მართალი ვარ და დავით კეზერაშვილი მფარველობდა ჩვენს ბიზნესს.  ბრალდებულ მერი ჯანაშვილსაც არაერთხელ უხსენებია, რომ კეზერაშვილი მისი ცოლის ძმა იყო და პრობლემები არაფერზე შეგვექმნებოდა.“ - განაცხადა მოწმემ სხდომათა დარბაზში.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება კეზერაშვილს  ქრთამის აღებას  და ორგანიზებული ჯგუფის წევრობას ედავება. ბრალდებული ამჟამად მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

აღნიშნული საქმის შემდგომი სასამართლო სხდომა  1 მაისსა ჩანიშნული.

ახალი ამბები