კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უპატრონო ძაღლების პრობლემა თბილისში

26 აპრილი, 2013

სალომე ჩხეიძე

ირმა მამასახლისს უკვე რამდენიმე წელია, რაც მის ეზოში მომრავლებული უპატრონო ძაღლების არსებობა აწუხებს. მისი თქმით, მისი ერთ-ერთი მეზობელი სისტემატურად კვებავს უპატრონო ძაღლებს, რაც მათ მომრავლებას უწყობს ხელს. ამავე მეზობელს როგორც ეზოში ისე სადარბაზოშივე აქვს ცხოველებისთვის მოწყობილი ბუნაგი, სადარბაზოშივე უყრის საკვებს, რის გამოც ზოგჯერ შიგნით  შესვლა საშიშიც კია. პრობლემას  ის წარმოადგენს, რომ ძაღლები არც აცრილები არიან.

 „ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად მოდიოდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან მაგრამ ძაღლები ვერ მიყავდათ იმის გამო, რომ  ძაღლების მომვლელი ქალბატონი იყო წინააღმდეგი და თუ ერთი ადამიანი მაინც არის წინააღმდეგი, არ შეიძებოდა წაყვანა. არ ვიცი რა კანონია.. მე ვითხოვე ამ კანონის ჩვენება, წერილობით, სად წერია ასეთი კანონითქო,  მაგრამ ეს კანონი წერილობით არ არსებობს. ” - ამბობს ირმა მამასახლისი .

აღნიშნული პრობლემა ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მობინადრეთა უმრავლესობას აწუხებს. მოსახლეობამ ხელწერილებიც კი შეაგროვა და მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურს ამ პრობლემის მოგვარება სთხოვა, თუმცა როგორც ამბობენ ჯერ რეაგირება არ მომხდარა.

 „ ძაღლები ძალიან გვაწუხებენ,  პატარა ბავშვები ეზოში ვერ გამოგვიშვია. მე თვითონ ამხელა ადამიანი ვარ მაგრამ ძაღლების ძალიან მეშინია. ეს ძაღლები ხროვა-ხროვა დადიან, ერთი და ორი რომ იყოს კიდევ ისე არ შეგეშინდება. ათი ძაღლი რომ ატეხავს ყეფას, ბავშვს ზოგჯერ ვერც ვაძინებ.” - ამბობს ციცინო შაუთიძე.

მეზობლების პრეტენზიებს არ ეთანხმება ქალბატონი მზია კრავეიშვილი, რომელიც მოსახლეობის თქმით, ძაღლებს უვლის და მათ საკვებით უზრუნველყოფს. მისი თქმით, პრობლემა არა ძაღლებში, არამე თვითონ მოსახლეობაში და მათ უსაფუძვლო პანიკაშია. კრავეიშვილი იმასაც აცხადებს, რომ მათ ეზოში უპატრონო ძაღლები საერთოდ არ არიან და მათ არც თვითონ კვებავს.

 „რამდენჯერ მოვიდა მაშველების მანქანა, ვერცერთი ძაღლი ვერ ნახეს, ვერ დაიჭერეს. შეიძლება თვეში ერთხელ ძაღლმა გაირბინოს,  მოსახლეობა რეკავს მოდიან  მაშველები, ეძებენ და ვერ პოულობენ.“ - ამბობს მზია კრავეიშვილი.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურს 2012 წლიდან შინაური და გარეული ცხოველების კონტროლი და რეგულირება ევალება. განყოფილების უფროსის თემურ ფხალაძის განცხადებით, პრობლემა, რომელზეც მაცხოვრებლები საუბრობენ მისთვის ცნობილია, თუმცა ძაღლების წამოყვანა მხოლოდ  ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

 „არის შემთხვევები როცა ვერ ხერხდება ძაღლის დაჭერა, ცოცხალი არსებაა და თავისი ინსტიქტები აქვს, რომ დაინახავს თანამშრომლებს, დამჭერ ბრიგადას,  ზოგი იმ მომენტშივე გარბის და ვერ ხერხდება დაჭერა. როგორც ადამიანს აქვს უფლებები, ისე ცხოველებს აქვთ თავიანთი უფლებები და მათი უფლებების დამცველებიც არსებობენ. თუ ცხოველი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ჩვენ აუცილებლად მოგვყავს ის და ხდება მისი იზოლირება. მაგრამ არის შემთხვევები როცა ცხოველი არ არის აგრესიული, ყავს მეპატრონე, არის ჯანმრთელი, ანუ მიკედლებულია რომელიმე პიროვნებაზე რომელიც უვლის  მას, ან  უვლის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, არის აცრილი, არ წარმოადგენს საშიშროებას საზოგადოებისთვის, ესეთ ცხოველზე ყოველთვის ხდება მსჯელობა ადგილზე, როგორ ჯობია გაკეთდეს მოსახლეობისთვის და ცხოველისათვის.“ - ამბობს ფხალაძე

თემურ ფხალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიაზე არიან ძაღლები, უმჯობესია, თუ მოხდება მათი სტერილიზაცია, ჩაუტარდებათ აცრები და კვლავ დაუბრუნდებიან მიკედლებულ ტერიტორიას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ტერიტორიას სხვა ძაღლები დაიკავებენ, რომელთა აგრესიულობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.

როგორც აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებმა მოგვიანებით გვაცნობეს, მათთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ეზოში 3 უპატრონო ძაღლის დაჭერა და წაყვანა მოახერხეს. ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების სამსახურის უფროსის თქმით, ეს დასაძინებელი ნემსის გამოყენების საშუალებით მოხდა და ძაღლები ამჟამად მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფებიან.

„თავშესაფარში რომ მიდის ცხოველი, უტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა, ან ენიშნება მკურნალობა თუ დაექვემდებარება მკურნალობას თუ მკურნალობას არ ექვემდებარება აძინებენ...  თუ ჯანმრთელია გადადის ვოლიერებში, იმისთვის რომ გაუკეთდეს სტერილიზაცია, რაც ხელს უშლის მათ გამრავლებას. მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდება ცხოველი მიკედლებულ ადგილას.“ - ამბობს თემურ ფხალაძე

მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არსებობს აზრი, რომ თავშესაფარში ცხოველებისთვის მძიმე პირობებია. ამის გასარკვევად მერიის ცხოველთა  მუნიციპალურ თავშესაფარს ვეწვიეთ. თავშესაფარში ამჟამად  140 -მდე  ძაღლია. ყველა შემოყვანილი ძაღლი პირველ რიგში ლაბორატორიულ დაკვირვებას გადის.
როგორც ლაბორატორიის თანმაშრომლებმა განგვიმარტეს, ძაღლებს დღეში 2-ჯერ აჭმევენ. დილით და საღამოს ხდება ვოლიერების დასუფთავება. დღეში რამდენჯერმე კი, ძაღლებს ეზოში ასეირნებენ.  თავშესაფარში მუდმივად არიან ვეტერინარები, რომლებიც   ძაღლებზე დაკვირვებას აწარმოებენ. ამასთან რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა ვიდეოკამერები, რითიც როგორც შიდა ისე გარე ტერიტორიის კონტროლი ხდება.

მუნიციპალური სამსახურის მუშაობაზე საუბრობს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თემურ წიქორიძეც.  მისი თქმით, თავშესაფარში მართლაც არ არის კარგი საკარანტინე ზონა, ასევე ლეკვების ოთახი, და პოსტოპერაციული სათავსო. წიქორიძის თქმით, მის და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუნიციპალურ თავშესაფართან თანამშრომლობს. წიქორიძის თქმით, მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება:

„პირველ რიგში, აუცილებლად საჭიროა და მისახედი კანონმდებლობა ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებით,  პაპარალელურად უნდა მოხდეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში ბავშვების აღზრდა ამ მიმართუელბით და ასევე სახელმწიფომ უნდა გამოყოს თანხები უპატრონო ცხოველების პრობლემები მოწესრიგებისათვის და პოპულაციის კონტორლისათვის, აშენდეს თავშესაფრები.... და ეს პრობლემა ნელ-ნელა მოგვარდება. ” - ამბობს წიქორიძე.

წიქორიძის თქმით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნადაა მიჩნეული ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით და ამის მთავარი მიზეზი  ისაა, რომ საზოგადოებაში არ არსებობს ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიებულების მენტალიტეტი. 

„რა თქმა უნდა საზოგადოების ცნობიერება თუ ამაღლდება, ისინი ოჯახებიდან კი არ გააგდებენ ძაღლებს ქუჩაში, არამედ ქუჩიდან წაიყვანენ სახლში. როდესაც აი ეს გაწონასწორდება მაშინვე სულ რამდენიმე წელში ეს პრობლემა მოიხსნება. სხვა სიტუაციაში პრობლემა პრობლემად დარჩება რაც არ უნდა ხოცონ ცხოველები და რაც არ უნდა ასტერილონ. როგორც მოვექცევით ჩვენ ცხოველებს, ისევე მოგვექცევიან, თუ სიყვარულით მოვექცევით ისინიც სიყვარულით მოგვექცევიან. „   ამბობს წიქორიძე

ახალი ამბები