კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოს აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს

7 მაისი, 2013

www.civil.ge 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს ხელისუფლებას აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდა, რადგანაც ეს, მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ „მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას“ გააუმჯობესებს.

„აბორტი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც. დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიური დამცველი არავინ ჰყავთ - არც სახელმწიფო და არც საზოგადოება“, - განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა.

„ვისაც ეკონომიური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს, ან სხვა რაიმე მიზეზით მუცლადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას, თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ“, - ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.

„დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული)“, - ნათქვამია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღსდგომო ეპისტოლეში.

ამ საკითხის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქი მართალი იყო, როდესაც საქართველოს „დემოგრაფიულ პრობლემებზე“ მიუთითა; თუმცა, მან აღნიშნა, რომ ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს.

„მარტო ეს საკითხი [კანონი აბორტის წინააღმდეგ] არ არის დემოგრაფიული პრობლემის გადამწყვეტი. დემოგრაფიულ პრობლემას პირველ რიგში სჭირდება ის, რასაც მე მუდავ გავიძახი, ეკონომიკის აღორძინება უნდა მოხდეს... “, - განაცხადა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ იგი აბორტის „ხელაღებით აკრძალვის“ წინააღმდეგია, თუმცა სქესის მიხედვით შერჩევითი აბორტების აკრძალვის მომხრეა.

„ვფიქრობ, რომ უნდა აიკრძალოს შერჩევითი, ანუ სელექტიური აბორტები. აქაც საერთო რაოდენობაში 30% სწორედ ასეთი აბორტები ფიქსირდება“, - განაცხადა ხუნდაძემ 6 მაისს.

„ვფიქრობ, აბორტების აკრძალვა ხელაღებით მიუღებელია იმიტომ, რომ შეიძლება გაიზარდოს არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი და ამან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობის ზრდა. ამ თემას ძალიან დიდი მუშაობა  სჭირდება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი კომიტეტი ექსპერტების მოწვევას გეგმავს ამ საკითხზე სამუშაოდ.

2011 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განსახორციელებლად არასავალდებულო ხასიათის რეზოლუცია მიიღო, რომელშიც დაგმო დაბადებამდე სქესის შერჩევა.

„ბოლო წლებში ევროპის საბჭოს მთელ რიგ წევრ სახელმწიფოებში ბუნებრივი სქესობრივი თანაფარდობიდან გადახრა შეინიშნება, რამაც შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია ალბანეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში, სადაც ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობა 112 ბიჭია 100 გოგოზე, და საქართველოში, სადაც 111 ბიჭზე 100 გოგო მოდის“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

„რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ შემოიღონ კანონმდებლობა, რომელიც აკრძალავს შერჩევით აბორტებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების და ლეგალური აბორტების კონტექსტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამართლებულია სერიოზული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან ასაცილებლად“.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს შეისწავლოს ახალშობილთა არასათანადო სქესობრივი თანაფარდობის მიზეზები და უზრუნველყოს „სანდო მონაცემების“ შეგროვება ახალშობილთა სქესობრივ თანაფარდობაზე. იგი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაააქტიუროს ძალისხმევა საზოგადოებაში ქალების სტატუსის ასამაღლებლად და უზრუნველყოს სქესობრივი თანასწორობის და ანტი-დისკრიმინაციული კანონების და პოლიტიკის ეფექტური განხორციელება.

ახალი ამბები