კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემას წყვეტს

15 მაისი, 2013

სივილ ჯორჯია

დეფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ რეგიონის ეთნიკური ქართველი მაცხოვრებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა შეწყვიტა იმის შიშით, რომ ამ პროცესს, როგორც აფხაზეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი აცხადებს, შესაძლოა „აფხაზეთის ქართველიზაცია“ მოყვეს.

პროცესი სპეციალური კომისიის მუშაობის განმავლობაში შეწყდა. კომისია აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გასულ კვირას ჩამოაყალიბა და მისი მიზანია შეისწავლოს განხორციელდა თუ არა „პასპორტიზაციის“ პროცესი დეფაქტო რეგიონის კანონმდებლობის შესაბამისად, იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ 13 მაისს.

კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ოპოზიციამ და სხვა რამდენიმე ჯგუფმა ხელისუფლება გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის ეთნიკური ქართველებით დასახლებულ რაიონებში აფხაზური პასპორტების დარიგებაში დაადანაშაულა მოქალაქეობის შესახებ აფხაზეთის კანონის დარღვევით.

ოპოზიციურმა ორგანიზაციამ „აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა“ განაცხადა 24 აპრილს, რომ „მასობრივი“ პასპორტიზაციის პროცესი ხორციელდება „ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ“, რაც „სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის“ რისკს შეიცავს.

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 2005 წლის 24 ოქტომბერს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ მიღებული კანონის თანახმად, აფხაზეთის მოქალაქედ ითვლება ყველა ეთნიკური აფხაზი და ყველა ის პირი, რომელიც 1999 წლის 12 ოქტომბრის ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ არანაკლებ 5 წლისა მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში. ეს დებულება მიზნად ისახავს სამართლებრივი ბარიერის შექმნას იმ ეთნიკური ქართველების მიერ აფხაზური პასპორტების მიღებაში, რომელთაც აფხაზეთი 1992–1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დატოვეს და რომლებიც შემდეგ გალის რაიონში დაბრუნდნენ.  გარდა ამისა, დეფაქტო აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია ერთდროულად იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო აფხაზეთის მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში მას უფლება აქვს გახდეს მხოლოდ რუსეთის მოქალაქე.

იმ ეთნიკურმა ქართველებმა, რომლებიც გალის რაიონში დაბრუნდნენ და რომელთაც აფხაზური პასპორტების აღება სურთ,  დეფაქტო აფხაზეთის კანონის თანახმად, ხანგრძლივი პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნას, რომ წარადგინონ დოკუმენტური მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე. აფხაზური ოპოზიცია აცხადებს, რომ სწორედ ეს დებულება ირღვევა, როდესაც აფხაზური პასპორტების დარიგება ხდება ეთნიკური ქართველებისთვის, რადგანაც, მათი თქმით, ბევრ მათგანს, რომელთაც პასპორტები აიღეს, საქართველოს მოქალაქეობა კვლავ აქვთ.

თავის ბოლო ანგარიშში აფხაზეთზე საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აცხადებს, რომ გალის მაცხოვრებლების იმიტომ იღებენ აფხაზურ პასპორტებს, რომ უფრო ადვილად გადაადგილდნენ ადმინისტრაციულ საზღვარზე ან ისინი რუსეთში გასამგზავრებლად გამოიყენონ.

„გალის მაცხოვრებლების უმეტესობას ქართული პასპორტებიც აქვთ შემორჩენილი, რათა საქართველოში იმოგზაურონ და ძირითადი დახმარებები და მომსახურებები გამოიყენონ. მაგრამ თუ აფხაზეთის ადგილობრივი ხელისუფლება აღმოაჩენს ქართულ პასპორტს, ‘მისი კონფისკაცია და დახევა ხდება’, როგორც მოსახლეობა აცხადებს“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც აფხაზები შიშობენ, რომ გალის ყველა მკვიდრისთვის „მოქალაქეობის“ მინიჭება შეასუსტებს მათ რეგიონის დომინანტური ეთნიკური ჯგუფის ისედაც სუსტ პოზიციას“.

აფხაზეთის ხელისუფლების მიერ 2011 წელს განხორციელებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, აფხაზეთში 46 000–ზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, ძირითადად გალის რაიონში, რაც დეფაქტო რეგიონის მოსახლეობის 19%–ზე მეტს შეადგენს.

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას განცხადებით, 2013 წლის თებერვლის ბოლოს მონაცემებით, გალის და ტყვარჩელის რაიონების ეთნიკურ ქართველებზე სულ 22 724 პასპორტი გაიცა.

ლაკობამ, რომელიც 13 მაისს ამ საკითხზე სასაუბროდ პარლამენტში დაიბარეს, განუცხადა დეპუტატებს, რომ ეთნიკური ქართველებისთვის პასპორტების დარიგება კანონის მკაცრი დაცვის გარეშე აფხაზეთს შიგნიდან „ააფეთქებს“.

„ჩვენ აფხაზეთის სრული ქართველიზაციის პროცესის წინაშე ვდგავართ“, – განუცხადა ლაკობამ დეპუტატებს.

კომისია, რომელიც ეთნიკური ქართველებისთვის პასპორტების გაცემის კანონიერებას შეისწავლის, თავის დასკვნებს 2013 წლის 1 აგვისტომდე წარმოადგენს.

იმავდროულად, დეფაქტო რეგიონის პარლამენტმა 13 მაისს ცალკე, საკუთარი კომისიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის, იტყობინება „აფსნიპრესი“.

ბოლოს, როდესაც ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემამ  რეგიონში პოლიტიკური უთანხმოება გამოიწვია, 2009 წლის აგვისტო იყო, როდესაც პარლამენტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც გალის მოსახლეობისთვის პასპორტების გაცემა გამარტივდა. ამ ქმედებას მაშინ ოპოზიციის პროტესტი მოყვა, რამაც აიძულა მაშინდელი ლიდერი სერგეი ბაღაფში ცვლილებაზე ვეტო დაედო, ხოლო  რეგიონის  დეფაქტო პარლამენტს საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა მოუხდა.  

ახალი ამბები