კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუჩინარებული მოჯაჰედები

23 მაისი, 2013
 
ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, საქართველოდან 2 მოჯაჰედი გაუჩინარდა. მიქაელ ქადოევი გასული წლის ბოლოს დაიკარგა, როცა შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ. მაგამედ მაგამედოვს კი 19 აპრილიდან ვეღარ პოულობენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიკვლია, მიდის თუ არა დაკარგული მოჯაჰედების კვალი შსს-მდე. 

დაღესტნელი მოჯაჰედები 26 წლის მიქაელ ქადოევი და 24 წლის მაგამედ მაგამედოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის დოკუ უმაროვის ორგანიზაციის „კავკასიის იმირატის“ წევრები არიან. 


საქართველოში ისინი 2012 წლის მაისში შემოვიდნენ, მათ შორის მაგამედოვი უკანონოდ, საქართველო – დაღესტნის საზღვრის ლაფანყურის მონაკვეთის გავლით. მაგამედოვმა საზღვარი რომ უკანონოდ გადმოკვეთა და საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა, ამის შესახებ ცნობილი იყო შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრისთვის. 

2012 წლის მაისის შუა რიცხვებიდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მაგამედ მაგამედოვი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იმყოფებოდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ სახლი, სადაც მაგამედოვი ცხოვრობდა, დუისის ცენტრში, ახალი, ე.წ. ვაჰაბიტური მეჩეთის წინ დგას. სახლის მფლობელი ანიკო მაჩალიკაშვილია. მან დაადასტურა, რომ მაგამედ მაგამედოვი მის სახლში ცხოვრობდა. ჩვენ ასევე გამოვარკვიეთ, რომ ანიკო მაჩალიკაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლის ემზარ მაჩალიკაშვილის ნათესავია, რომელიც პანკისის ხეობას კურირებს და თავადაც ხეობაში ცხოვრობს. 

ადგილობრივმა მუსლიმებმა ჩვენთან საუბარში დაადასტურეს, რომ მაგამედოვი მეჩეთში სალოცავად თითქმის ყოველდღე დადიოდა. 
ნიშანდობლივია, რომ სოფელ დუისში ფუნქციონირებს ახმეტის პოლიციის ქვეგანყოფილება, რომელიც 10–ზე მეტი პოლიციელით არის წარმოდგენილი, მათ შორის ადგილობრივი მაცხოვრებლებით. შეუძლებელია, სამართალდამცავებს საქართველოში მაგამედ მაგამედოვის არალეგალურად ყოფნის შესახებ არ სცოდნოდათ.

2012 წლის 26 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში, რომლითაც მაგამედ მაგამედოვმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართა, იგი აღნიშნავს: „რუსეთში მე არ მაძლევენ მოსვენებას ჩემი აღმსარებლობის გამო. მე დავიბადე და ვცხოვრობდი დაღესტანში, სადაც ხშირად მაკავებდნენ და მიწყობდნენ დაკითხვებს, რასაც თან ახლდა ცემა და წამება. იმის მტკიცებულება, რომ მე მცემდნენ და მაწამებდნენ, არის ნაჭრილობევები თავზე და გატეხილი ცხვირი. დაღესტნის ხელისუფლების მხრიდან ჩემს მიმართ ასეთი მოპყრობის გამო მე იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ჩემი სახლი და ერთი წლის განმავლობაში ვემალებოდი დაღესტნის ხელისუფლებას, რადგან იყო საშიშროება, რომ მომკლავდნენ. არასოდეს არ ვყოფილვარ ნასამართლევი. 2012 წლის მაისში ჩემმა ახლო მეგობარმა მირჩია დამეტოვებინა რუსეთი და წავსულიყავი საქართველოში. საქართველოში მე გადმოვედი იმ მიზეზით, რომ მდებარეობს დაღესტნის რესპუბლიკის დიდოს რაიონის მეზობლად. 2012 წლის მაისიდან მე ვცხოვრობ საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებამ, უფრო ზუსტად ანტიტერორისტულმა ცენტრმა იცოდა, რომ მე ვიმყოფები საქართველოში, ორჯერ დამკითხეს კიდეც და მითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო“.

მაგამედოვის განცხადებით, მას ურთიერთობა ჰქონდა შსს–ს კონტრტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსთან სანდრო ამირიძესთან და ამავე სამმართველოს თანამშრომელთან ემზარ მაჩალიკაშვილთან. „მას შემდეგ, რაც საქართველოში გადმოვედი, პოლიციამ პირველად ივნისში დამაკავა. ზუსტი რიცხვი არ მახსოვს. ახმეტის პოლიციაში როცა მიმიყვანეს, მე ვუთხარი, რომ სანდროსთვის დაერეკათ. სანდროს რომ დაურეკეს, რამდენიმე წუთში გამათავისუფლეს“, – აღნიშნავდა მაგამედოვი.

ახმეტის პოლიციაში არ აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც მაგამედ მაგამედოვის დაკავების ფაქტს დაადასტურებდა. 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 344–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებაა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის 375–ე მუხლით, დასჯადია დანაშაულის დაფარვაც და ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამის მიუხედავად, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის სანდრო ამირიძის და ამავე სამმართველოს თანამშრომლის ემზარ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, ემზარ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე კონტრტერორისტულ ცენტრში მუშაობს და ისევ პანკისის ხეობას კურირებს.
 
მიქაელ ქადოევი გზიდან დაიკარგა

2012 წლის ოქტომბრის ბოლოს მაგამედ მაგამედოვი დუისიდან თბილისში გადავიდა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მიქაელ ქადოევთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ნოემბრის დასაწყისში ისინი ერთად, აჭარაში ჩავიდნენ და ნაცნობ მუსლიმთან თემურ ბახუნტარიძესთან დაბინავდნენ.
 
საქართველოს შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, მაგამედ მაგამედოვი და მიქაილ ქადოევი, 2012 წლის 13 დეკემბერს, ბათუმში დააკავეს.

იმავე დღეს მაგამედოვი თბილისში გადმოიყვანეს. პროკურატურამ მაგამედოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344–ე მუხლით წაუყენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაგამედოვს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული სასჯელაღსრულების გლდანის N 8 დაწესებულებაში მოათავსეს.
 
2012 წლის 16 დეკემბერს, მაგამედ მაგამედოვი ციხეში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა მოინახულა. მთივლიშვილი იმ პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი იყო.
 
გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი: „მაგამედოვს 16 დეკემბერს, საღამოს შევხვდი. ვკითხე, საპყრობილეში მოპყრობასთან დაკავშირებით რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა. მითხრა, რომ ამ კუთხით პრობლემა არ ჰქონდა. აინტერესებდა, შემეძლო თუ არა გარკვევა, მასთან ერთად დაკავებული მიქაელ ქადოევი რა იქნა. მე მას დავპირდი, რომ ქადოევის ამბავს გავარკვევდი“.

17 დეკემბერს, საქართველოს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ შსს–ს მიქაელ ქადოევი არ დაუკავებია.
 
ნინო გიორგობიანი, შსს–ს წარმომადგენელი: „ქადოევი დაკავებული არ ყოფილა. მას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. მას უკანონოდ არ გადმოუკვეთავს საზღვარი. ალბათ საქართველოში იქნება. მაგამედ მაგამედოვის დაკავებას ვადასტურებთ“.

მაგამედ მაგამედოვი თავის ახსნა – განმარტებაში ადასტურებს, რომ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, 13 დეკემბერს, ბათუმში, მასთან ერთად მიქაილ ქადოევიც დააკავეს და თბილისში ორივე გადმოჰყავდათ, სხვადასხვა მანქანებით.

„სანამ თბილისში შემოვიდოდით, მანქანები გააჩერეს. რამდენიმე წუთი გაჩერებული ვიყავით. მერე უცებ ხელებზე ბორკილები დამადეს. როცა ვიკითხე, რა მოხდა მეთქი, ქადოევი გაიქცაო. როგორ გაიქცა, არ ვიცი. პოლიციელები შეიარაღებულები იყვნენ“, – აღნიშნავს მაგამედ მაგამედოვი თავის ახსნა – განმარტებაში.
 
ქადოევთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა განმარტება აღარ გაუკეთებია.
 
2012 წლის 26 დეკემბერს, მაგამედოვმა თავისი ადვოკატის, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ნინო ანდრიაშვილის დახმარებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართა და თავშესაფრის მიღება ითხოვა. ბრალდებული აღნიშნავდა, რომ მას სურს საქართველოში დარჩეს და მიიღოს ლტოლვილის სტატუსი, ვინაიდან მისი წარმოშობის ქვეყანაში საფრთხე ემუქრება.
 
2012 წლის 28 დეკემბერს მაგამედ მაგამედოვის განცხადების საფუძველზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში საქმის წარმოება დაიწყო. 

2012 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურორის დადგენილების თანახმად, მაგამედ მაგამედოვს ამნისტია შეეხო და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. 14 იანვარს მაგამედოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მასთან საქართველოში მისი მეუღლე ქალიმან ბაგდანი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. ისინი თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ერთ ოთახში ქირით ცხოვრობდნენ.
 
2013 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 12:40 საათზე მაგამედ მაგამედოვი თბილისიდან გაუჩინარდა. მისთვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდა. 
„მაგამედ მაგამედოვის განაცხადი განხილვის პროცესშია და საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავშესაფრის მაძიებელი პირი დაცული უნდა იყოს მისი წარმოშობის ან სხვა ისეთ ქვეყანაში იძულებით დაბრუნებისგან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას შეიძლება შეექმნას საფრთხე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული კუთვნილების, გარკვეული სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა იმედაშვილმა. 

გაუჩინარება კაკაბაძის ქუჩიდან

მაგამედ მაგამედოვის მეუღლე ქალიმან ბაგდანი იხსენებს, რომ მაგამედი ბოლოს პარასკევს, დაახლოებით 12:40 საათზე ნახა, როცა ის სახლიდან გავიდა იმ მიზნით, რომ მეგობრებთან ერთად მეჩეთში უნდა წასულიყო სალოცავად.

საიდ ახვერდიევი, მაგამედოვის მეგობარი: „მაგამედს გურამიშვილის გამზირზე ველოდებოდით, სადაც ის კაკაბაძის ქუჩიდან უნდა ჩამოსულიყო. შეთანხმებულები ვიყავით, რომ 13:00 საათისთვის ჩვენთან იქნებოდა და სალოცავად წავიდოდით. დათქმულ დროს რომ არ გამოჩნდა, ტელეფონით დარეკვა ვცადეთ, მაგრამ გამორთული ჰქონდა. მერე სახლში მივედი. მეუღლემ გვითხრა, რომ გავიდა. გურამიშვილის გამზირზე ის არ გამოსულა. ვიდრე ცენტრალურ გზაზე გამოვიდოდა, მანამდე დაიკარგა. მას შემდეგ ვეძებთ და ვერ ვპოულობთ“.

მირზა მიქატაძე, მაგამედ მაგამედოვის მეგობარი: „გაუჩინარების შემდეგ, იმავე დღეს, მაგამედთან დარეკვა რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. 20 აპრილს, გამთენიისას, 04:30 საათზე, ჩემს მობილურ ტელეფონზე მოვიდა შეტყობინება, რომ მაგამედის ტელეფონი ჩაირთო. sms დაახლოებით ნახევარ საათში ვნახე, მეძინა და დროზე ვერ გავიგე. როცა გადავრეკე, ტელეფონი უკვე გამორთული იყო“.

მაგამედოვის გაუჩინარების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.

ერთ – ერთი ვერსიით ის საქართველოდან თურქეთში, იქიდან კი სირიაში გადავიდა, სადაც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ, ამბოხებულების მხარეზე იბრძვის. მაგამედოვის მეგობრები (სულიერი ძმები) ამ ვერსიას გამორიცხავენ. მირზა მიქატაძის თქმით, სირიაში გადასვლის შემთხვევაში მაგამედოვი ცოლ–შვილს ასე არ მიატოვებდა, მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად ეტყოდა რომელიმე სულიერ ძმას.
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოახერხა სირიაში მყოფ ქისტებთან დაკავშირება. არსებული ინფორმაციით, სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოდან საბრძოლველად 200–ზე მეტი ქისტი იმყოფება. მათი თქმით, მაგამედ მაგამედოვი მათ შორის არ არის და ის რომ სირიაში იყოს, ინფორმაცია აუცილებლად ექნებოდათ.

საყურადღებოა, რომ მაგამედ მაგამედოვს მხოლოდ დაღესტანში გაცემული ადგილობრივი პასპორტი ჰქონდა, რომლითაც საქართველოს საზღვარს ოფიციალურად ვერ გადაკვეთდა.
 
მაგამედოვის გაუჩინარების მეორე ვერსია საქართველოს მიერ რუსეთის ხელისუფლებისთვის მის შესაძლო გადაცემას უკავშირდება.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაგამედ მაგამედოვის დაკავებას არ ადასტურებს. შსს–ს წარმომადგენლის სალომე წერეთელის განმარტებით, მაგამედ მაგამედოვის უგზო – უკვლოდ დაკარგვის ფაქტზე გლდანი – ნაძალადევის პოლიციას მისმა მეგობრებმა 20 აპრილს მიმართეს და სამძებრო სამუშაოები ოფიციალურად არის დაწყებული. მაგამედ მაგამედოვის მეუღლე ქალიმან ბაგდანი და მეგობარი მირზა მიქატაძე ადასტურებენ, რომ პოლიციამ ისინი დაკითხა.

შს სამინისტრო პრემიერ–მინისტრსაც ატყუებს

2013 წლის 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ – მინისტრს ბიძინა ივანიშვილს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა კითხვა მოჯაჰედების გაუჩინარებასთან დაკავშირებითაც დაუსვა.
 
გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოდან 2 მოჯაჰედი გაუჩინარდა. ერთი 2012 წლის დეკემბერში – მიქაელ ქადოევი და...

ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ – მინისტრი: მე თვითონ არ ვიცი და პასუხს ვერ გაგცემთ, თქვენ ყვებით ინფორმაციას. ძალიან რთულია ასეთი შეკითხვები, თანაც მე გაგცეთ პასუხი. აბა გააგრძელეთ, გააგრძელეთ.

გელა მთივლიშვილი – მეორე 2013 წლის აპრილში, მაგამედ მაგამედოვი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მოთხოვნილი ჰქონდა თავშესაფარი, ანუ ლტოლვილის სტატუსი. ეს არ არის უმნიშვნელო ამბავი. 
ბიძინა ივანიშვილი – მოჯაჰედებზე საერთოდ ვერაფერს ვერ გეტყვით. ამას მე აუცილებლად გავიკითხავ და დავინტერესდები, როდესაც დამთავრდება პრესკონფერენცია. გავარკვევ რამდენად ობიექტურია თქვენი შეკითხვაც ამ შემთხვევაში.

მანანა თოქმაჯიშვილი, პრემიერ – მინისტრის პრესსამსახურის თანამშრომელი: გელა, მე შემიძლია ჩევერთო. როგორც შსს–ს პრესამსახურმა გვაცნობა, არავინ არ არის გაუჩინარებული და ეს ფაქტი შსს–ს მიერ არ დასტურდება.

ბიძინა ივანიშვილი – დაუკავშირდნენ სანამ თქვენ გპასუხობდით, იმხელა კითხვა გქონდათ, რომ მთელი სამინისტრო ფეხზე დადგა.
 
გელა მთივლიშვილი – ტყუილი როგორ არის, ორი ადამიანია გაუჩინარებული. ორივე მათგანის ვინაობა დავასახელე და გაუჩინარებული არ არის, რას ნიშნავს?
 
პრემიერ – მინისტრს პასუხი აღარ გაუცია.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოჯაჰედების გაუჩინარებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას რომ ავრცელებს, ამას ბათუმში მცხოვრები მუსლიმის თემურ ბახუნტარიძის ახსნა – განმარტებაც ადასტურებს, რომელიც მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს მისცა. ბახუნტარიძე არის თვითმხილველი და გაიხსენა, როგორ დააკავეს 2012 წლის 13 დეკემბერს ქადოევი და მაგამედოვი, რის შემდეგაც ისინი, მისივე თქმით, თბილისში გადაიყვანეს. 

„მაგამედოვი და ქადოევი ჩემთან დაახლოებით 1 თვის განმავლობაში იყვნენ სტუმრად. 13 დეკემბერს, შუადღე იყო, ბათუმში, ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაგვაკავეს, სამივე. მე მაშინვე გამიშვეს, შენ არ გვჭირდებიო, მაგამედოვი და ქადოევი კი წაიყვანეს. დაახლოებით 3–4 საათში გავიგე, რომ დაკავებულები თბილისში გადაჰყავდათ. მას შემდეგ ქადოევი აღარ გამოჩენილა, თბილისში კი მხოლოდ მაგამედოვი ჩაიყვანეს. ერთი თვის წინ, მაგამედოვიც გაქრა“, – აღნიშნავს თემურ ბახუნტარიძე. 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი მაგამედ მაგამედოვის დედას, ჰურულენ აბდულკადიროვასაც დაუკავშირდა, რომელიც დაღესტანში, ქალაქ ხასვიურტში ცხოვრობს.

„ჩემი შვილის დაკარგვის შესახებ მე გვიან გავიგე. როგორც მითხრეს 19 აპრილს დაიკარგა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ჩვენთან, სახლში, დაღესტანში ადგილობრივი პოლიციელები იყვნენ მოსულები, ეძებდნენ. გავიგე, რომ სანამ ჩემი შვილი დაიკარგებოდა, რამდენიმე დღით ადრე რუსეთიდან საქართველოს პოლიციას გამოუგზავნეს წერილი, რომ მაგამედ მაგამედოვს ეძებდნენ. ამის შემდეგ დაიკარგა კიდეც“, – განაცხადა მაგამედ მაგამედოვის დედამ ჰარულენ აბდულკადიროვამ.

გაუჩინარებული მოჯაჰედის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი საქართველოს შსს–ს წარმომადგენლებმა დააკავეს, რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის მიზნით.
 
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ თუ მაგამედოვს საქართველოში ლტოლვილის სტატუსი ექნებოდა მიღებული, მისი გაუჩინარების გამო პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრებოდა, ამ შემთხვევაში კი ხელისუფლება პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

„პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით, თუ ადამიანი განაცხადებდა თავის ვინაობას, საქართველო ამ ინფორმაციას ყიდდა რუსეთის სპეცსამსახურებზე, რაც არის ადამიანებით ვაჭრობა. ახლა ვის დონეზე ხდება ეს, კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებს თუ სურთ პირის აყვანა, სწორედ მაშინ ხდება ხოლმე გაუჩინარების ასეთი ფაქტები. გამორიცხული არ არის, რომ მაგამედოვის შემთხვევაშიც ასე იყოს საქმე. საქართველოში ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა. ლტოლვილის სტატუსს იმიტომ არ აძლევს სახელმწიფო პირებს, რომ შემდეგ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. თუ მაგამედ მაგამედოვს ექნებოდა ლტოლვილის სტატუსი, მის გაუჩინარებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრებოდა. ამ შემთხვევაში კი იურიდიულად ვერანაირად ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა,“ - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.

ახალი ამბები