კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეგის ქარდავას სასამართლოზე სერგო თეთრაძის მეუღლე დაიკითხა

30 მაისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე დაზარალებულები,  - გარდაცვლილი ოფიცრის, სერგო თეთრაძის მეუღლე  და ოფიცერი დავით ლონდარიძე დაკითხნენ. სერგო თეთრაძე და დავით ლონდარიძე 2011 წლის სექტემბერში დააკავეს და ბრალი ჯაშუშობაში წაუყენეს. გამოძიების მასალების მიხედვით,  შსს-ს მაღალჩინოსნები მათგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ. 

სერგო თეთრაძის მეუღლემ, ნანა თეთრაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ  2011 წლის 17 სექტემბერს  დილის 6 საათისთვის მათთან სახლში მოვიდა 6 უცნობი პირი, რომელმაც სახლის ჩხრეკა დაიწყო. მოწმის განცხადებით, მათ არც ჩხრეკის ორდერი წარუდგენიათ და არც მოწმე დაუსწრიათ. 

„ჩხრეკა დაახლოებით 2 საათი. გაგრძელდა. მაგიდაზე დაალაგეს გეოგრაფიული რუკები, ფარგალი, ჩემი მეუღლის დოკუმენტები, პასპორტი, მობილური ტელეფონი. მე მთხოვეს ცელოფნები, რათა ნივთები ჩაელაგებინათ. სწორედ ამ დროს თვალი მოვკარი წითელი ფერის მეხსიერების ბარათს. მე და სერგომ ვუთხარით, რომ ეს ნივთი ჩვენი არ იყო. გვიპასუხეს რომ ყველაფერს გაარკვევდნენ. ის „ფლეშკაც“ დანარჩენ ნივთებთან ერთად ჩადეს ცელოფნებში.  ამასობაში ეზოში შემოვიდა სამხედრო ფორმიანი პირი.  მოკიდა ჩემ მეუღლეს ხელი და უთხრა უნდა წავიდეთო. სად მიგყავთთქო ვკითხე.  მიპასუხა რომ დამირეკავდნენ და გამაგებინებდნენ.“ - ამბობს ნანა თეთრაძე. 

ნანა თეთრაძის თქმით, დაახლოებით საათნახევარში მათთან 20 კაციანი ჯგუფი მოვიდა, რომელმაც ხელმეორედ სახლის და სარდაფის ჩხრეკა დაიწყო. დაზარალებულის თქმით, იგი  ცდილობდა მათთვის თვალი არ მოეშორებინა, თუმცა კი არ იცოდა, რას ეძებდნენ.  

„ბოლოს წასვლა რომ დააპირეს, ერთ-ერთს ვკითხე, სად არის ჩემი მეუღლე-მეთქი. უფროსებს ჰყავთ დაკითხვაზეო, მიპასუხა. ვინ უფროსებს-მეთქი და ამაზე ზუსტად მახსოვს, ასე მიპასუხა: „ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას“.  ეს ჩემმა მეზობლებმაც გაიგონეს და დაადასტურებენ.“ - აცხადებს ნანა თეთრაძე. 

დაზარალებულის თქმით, იმ დღეს მისი მეუღლე სახლში არ დაბრუნებულა, ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. საღამოს დაუკავშირდნენ ადვოკატ თამარ იასეიშვილს, რომელსაც სერგოს მოძებნა სთხოვეს. ადვოკატმა მხოლოდ დილით, 18 სექტემბერს შეძლო ოფიცერ თეთრაძის პოვნა, - იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. 

„ადვოკატმა მითხრა, რომ ჩემი მეუღლე ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, ჰქონდა უამრავი ჩალურჯება სახეზე,  ცხვირი მოტეხილს გავდა, ლაპარაკობდა ხმადაბლა, ეშინოდა, ჩვენ არაფერი მოგვსვლოდა და სთხოვა, მისი მოხუცებული დედისთვის არ გვეთქვა მომხდარი.  როგორც სერგომ იასეიშვილს უთხრა, იგი ამ დრომდე თავდაცვის სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა, სადაც თავზე ჩამოაცვეს ცელოფანი და სცემდნენ. როგორც ადვოკატმა მითხრა, ჩემს მეუღლეს იქ მყოფთაგან ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა უცვნია.  

მეორე დღეს 19 სექტემბერს ჩაინიშნა სასამართლო სხდომა, სადაც წავედით მე, ჩემი შვილი და მეზობლები. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში ვერ შევედით ერთ მონაკვეთში მე მოვახერხე ღია კარიდან დამენახა ჩემი მეუღლე და გავსაუბრებოდი. ის მართლაც საშინლად გამოიყურებოდა, მთელი სახე ჩაშავებული ჰქონდა და როდესაც ადვოკატმა ითხოვა, რომ წინა რიგში გადმოსულიყო ჩემი მეუღლე, დავინახე, როგორ ძალიან გაუჭირდა გადაადგილება. დავრწმუნდი, რომ სასტიკად ნაცემი იყო.“ - ამბობს ნანა თეთრაძე. 

იმ სასამართლო პროცესის შემდეგ ნანა თეთრაძეს მეუღლე აღარ უნახავს. მისი თქმით, 24 სექტემბერს დაურეკა მულმა, რომელმაც სერგოს გარდაცვალება შეატყობინა. როგორც დაზარალებული აცხადებს, ექსპერტიზამ დაადგინა რომ ოფიცერი თეთრაძე 23 სექტემბერს 11 საათისთვის იყო გარდაცვლილი.  მისივე თქმით, მის მეუღლეს არ ეცვა ის ტანსაცმელი, რითიც სახლიდან გავიდა და სახეზე ესვა გრიმის სქელი ფენა, რითიც სავარაუდოდ ჩაშავებული სახე უნდა დამალულიყო. ნანა თეთრაძის განცხადებით, მან თავად დაათვალიერა მეუღლე და ნახა, რომ  ტანზე გარდაცვლის უამრავი ნაჩხვლეტები, სილურჯეები, დენით წამების ნიშნები, თავის ქალაზე ტრამვა და მარჯვენა წარბთან ღია ჭრილობა ჰქონდა.

ბრალდების მხარის კითხვაზე თეთრაძის მეუღლემ განმარტა, რომ სერგოს სახლიდან გასვლის დროს სხეულის არავითარი დაზიანება არ ჰქონდა და ამას მისი მეზობლებიც დაადასტურებენ. 

დაცვის მხარემ ნანა თეთრაძეს მათი სახლიდან ამოღებული ტოპოგრაფიული რუკების და ფლეშკის შესახებ ჰკითხა, რაზეც დაზარალებულმა განაცხადა, რომ მისი დედა გეოგრაფიის მასწავლებელია და უამრავი რუკა ჰქონდათ სახლში, თუმცა ეს იყო სასკოლო რუკები და მათ ოჯახს ტოფოგრაფიული რუკები არ ჰქონიათ. წითელი ფლეშკა კი მათი არ იყო და საყურადღებოა, რომ მისმა მეუღლემ ფლეშკის გამოყენება საერთოდ არ იცოდა. 

მეორე მოწმედ დაზარალებული დავით ლონდარიძე დაიკითხა, რომელმაც მეგის ქარდავას, ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიერ მისი წამების ფაქტებზე ისაუბრა. ოფიცერმა ლონდარიძე განაცხადა, რომ  2011 წლის 15 სექტემბერს ღამით იგი სამხედრო პოლიციაში დაიბარეს, სადაც მეგის ქარდავამ იგი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და ამის აღიარება მოითხოვა. 

„თავიდან ქარდავამ მკითხა, შენს უჯრაში ნარკოტიკს რა უნდოდაო, მე გამიკვირდა, სიგარეტსაც კი არ ვეწევი, ღვინოს იშვიათად ვსვამ და ნარკოტიკი საერთოდ გასინჯულიც არ მაქვს, რაზე მელაპარაკებით-მეთქი. ამის თქმა იყო და თავში ჩამარტყა. რამდენინე ადამიანმა გამაკავა, რომ ქარდავასთვის ხელი არ შემებრუნებინა, ის კი მირტყამდა. ცემას რომ მორჩა, მერე მკითხა რატომ უღალატე სამშობლოსო. რას მეუბნებით, როდის ვუღალატე, „ენვერი 2“ დაიწყო-მეთქი,  ვკითხე. წინა წელს განხორციელებული „ჯაშუშების“ დაკავების ოპერაცია „ენვერი“ ვიგულისხმე, თუმცა ვერ მიხვდნენ რა ვთქვი და ისევ გინება და ცემა დამიწყეს.  პერიოდულად გავყავდი გვერდით ოთახში, რომელსაც კედლებზე რბილი ქსოვილი ჰქონდა აკრული, რომ თავი არ მიმერტყა. იქ მცემდნენ, მერე  შემომიყვანდენ ქარდავას კაბინეტში და მეუბნებოდნენ აღიარეო. მე ვუარობდი და კვლავ გამიყვანდნენ საცემრად. ასე განმეორდა რამდენიმეჯერ. ერთ მომენატში, როცა ძალა გამომეცალა და წავიქეცი მეგის ქარდავამ წიხლებით დამიწყო ცემა. ცოტა ხანში მოვიდნენ ბაჩო და დათა ახალაიები. მინისტრმა თქვა, ეს არის მოღალატეო?! შემდეგ იარაღის ლულა ჩამიდო პირში, აღიარე ჯაშუშობა თორე მოგკლავო. ამ დროს დათა ახალაიაც მეუბნებოდა „ხო იცი ჩემი ძმა რა გიჟია, მოგკლავს იცოდე და აღიარეო“. ჩემთვის აზრი აღარ ჰქონდა სიცოცხლეს და უკვე კვლავ არაფერი მითქვამს.“ - განაცხადა დაკითხვის დროს დავით ლონდარიძემ.

როგორც დაზარალებული აცხადებს, ამის შემდეგ მას მეგის ქარდავა დაემუქრა, რომ მასზე სექსუალური ძალადობას განახორციელებინებდა, რისიც ძალიან შეეშინდა და ნებისმიერი ჩვენების მიცემაზე დასთანხმდა. როგორც ლონდარიძე იხსენებს, გამომძიებელი მოიყვანეს და ჩვენების დაწერა მოსთხოვეს, თან კვლავ სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ. შემდეგ ლონდარიძის ტელეფონში ჩაწერილი ნომრებიდან 3 ადამიანი, შემთვევითი შერჩევის პრინციპით აარჩიეს, - გენერალი  ნაირაშვილი, ოფიცერი თეთრაძე და კიდევ ერთი, რომლის ვინაობასაც დაზარალებული ვეღარ იხსენებს. მეგის ქარდავამ ლონდარიძეს რომელიმესთვის ხელის დადება მოსთხოვა, თითქოსდა ისიც ჯაშუში იყო. როგორც დაზარალებული აცხადებს, მან ჯერ ლონდარიძეს გამოჰკითხა, რა ურთიერთობაში იმყოფებოდა მასთან, ბოლოს თეთრაძე აარჩია და მოსთხოვა, ეთქვა, რომ ინფორმაციას ოფიცერ თეთრაძეს აწვდიდა.  

ლონდარიძის თქმით, მას ჯაშუშობა ჯარისდროინდელ მეგობარ, ალექსანდრე ტომაშუკთან კონტაქტის შემდეგ დააბრალეს. მისი განცხადებით, ბელარუსელი  ტომაშუკი მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას და დათვალიერებას გეგმავდა, როდესაც დაუკავშირდა ლონდარიძეს და უთხრა რომ მასი ნახვაც უნდოდა. დაზარალებულის განცხადებით, იგი  შეეცადა თავი აერიდებინა ტომაშუკის ნახვისთვის, რადგან სამხედრო პირებს უცხოელებთან ახლო ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ და ნებისმიერი შემთხვევა უფროსობისთვის უნდა ეცნობებინათ. საბოლოოდ,  ტომაშუკისთვის უარის თქმა ვერ შეძლო და შეუთანხმდა, რომ მას 15 სექტემბერს ნახავდა, თუმცა, იმავე ღამით დაურეკეს და სამხედრო პოლიციაში გამოიძახეს, რის შემდეგაც, როგორც ლონდარიძე აცხადებს, ზემოაღნიშნული მოვლენები მოხდა.

ახალი ამბები