კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის საოკუპაციო ძალამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართები გააბა

30 მაისი, 2013
 
სივილ ჯორჯია

საქართველო რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავრთულხლართების გაბმის გამო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ორშაბათს.

„ნოტა გაეგზავნება რუსეთის ფედერაციას შვეიცარიის საელჩოს გავლით“, – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ეს იქნება ასევე საუბრის თემა, როდესაც ის მიმდინარე კვირას უცხოელ დიპლომატებს შეხვდება და გარდა ამისა, ქართული მხარე  ამ საკითხს 25–26 ივნისს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზეც დააყენებს.

ბოლო დროს რუსული ძალები სულ უფრო ინტენსიურად აბამენ მავრთულხლარებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, რაც, ადგილობრივების თქმით, უარყოფითად მოქმედებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, და მათ თავისუფალ გადაადგილებას და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას აფერხებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი „პროვოკაციული ქმედება“ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის, და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას“; "განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარებისა და საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე“; და „ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, და სხვა სამოქალაქო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს“.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში. 
 
მანამდე 27 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავრთულხლართების გაბმის შედეგად ადმინისტრაციულმა საზღვრმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შიგნით გადმოიწია; ადგილობრივებმა განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ პირობითმა საზღვარმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოიწია და ისინი იმ ტერიტორიას, რომელიც მავრთულხლართების მიღმა დარჩა, საძოვრებად ვეღად გამოიყენებენ. ანალოგიური ქმედების შესახებ ინფორმაცია აპრილშიც გავრცელდა ადმინისტრაციული საზღვრის სხვა მონაკვეთზე. 
  
27 მაისს შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ მოუწოდა მთავრობას „სახელმწიფოს ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიური რესურსი“ აამოქმედოს ამ ფაქტის წინააღმდეგ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებში სავალალო შედეგებს გამოიწვევს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს საკითხი თბილისში ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე წამოწია და განაცხადა, რომ მავრთულხლართების გაბმა საოკუპაციო ხაზის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემდგომი გადმოწევის კიდევ ერთი მცდელობაა; ამ კონტექსტში იგი ასევე შეეხო მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები სოფელ დიცს იმავე დღეს ესტუმრნენ. დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მავრთულხლართების გაბმა რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ცალმხრივი დათმობების შედეგია. თუმცა, ზოგიერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა გააკრიტიკა იქ ჩასული დეპუტატები და უთხრა მათ, რომ მიმდინარე მოვლენები ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებული პოლიტიკის შედეგია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ რუსული ძალების მიერ მავრთულხლართების გაბმა სრულიად უკანონოა და მისი წარმომადგენელი ამ საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგრიების მექანიზმის ფარგლებში  31 მაისს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენებს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ სატელეფონო ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ დიცთან ახალი ღობეების აღმართვასთან დაკავშირებით.

„რადგან გადაადგილების თავისუფლება მისიის ერთ-ერთ  მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვითარების შესამოწმებლად და მიმდინარე მოვლენებზე დასაკვირვებლად ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა სადამკვირვებლო ჯგუფი. ეს საკითხი სავარაუდოდ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში 31 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება“, – განაცხადა სადამკვირვებლო მისიამ.

ახალი ამბები