კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ადვოკატთა ასოციაცია" სასჯელაღსრულების დაწესებულებას გამომძიებლებთან დანაშაულებრივ ალიანსში ბრალს სდებს

6 ივნისი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

"ადვოკატთა ასოციაცია" და ადვოკატი კახაბერ მუმლაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ყოფილი ხელისუფლების დროინდელ გამომძიებლებთან დანაშაულებრივ ალიანსში სდებენ ბრალს. როგორც "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა და ადვოკატმა, კახაბერ მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ადმინისტრაციასა და გამომძიებელ მერაბ ანჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით. კერძოდ, ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, გამომძიებელმა მერაბ ანჯაფარიძემ მუქარა განახორციელა გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფ უვადო პატიმრობა მისჯილ შალვა ლილუაშვილზე. კერძოდ, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, შალვა ლილუაშვილმა მოითხოვა მასზე პატიმრობის პერიოდში განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე საქმის აღძვრა, რაშიც ადვოკატი კახაბერ მუმლაძე ეხმარებოდა. ხატიაშვილის ინფორმაციით, როდესაც საქმის მასალების შეგროვება დაიწყო, გამომძიებელი მერაბ ანჯაფარიძე, რომელიც ლილუაშვილის საქმეზე მუშაობდა, ციხეში ყოველგვარი სტატუსისა და უფლების გარეშე შევიდა, რაზეც ადმინისტრაციამ თანხმობა განუცხადა. კერძოდ, ანჯაფარიძე პატიმრის საქმეში 2010 წლის აპრილამდე იყო. საქმე სწორედ ამ პერიოდში დასრულდა და მან მოითხოვა დაწესებულებაში პატიმართან შესვლა მუქარის მიზნით. 

"მსჯავრდებულ შალვა ლილუაშვილის განცხადებით, ადვოკატ კახაბერ მუმლაძის დახმარებით ამზადებდა საჩივარს გამოძიების დროს მის საქმეში მტკიცებულებათა გაყალბებისა და მის მიმართ განხორციელებული ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, მსჯავრდებულს ჩაუმტვრიეს კბილები და გაუტეხეს ცხვირი ძვლამდე. აღნიშნული მოვლენების შესახებ საჩივრის მომზადების გამო მას დაემუქრა გამომძიებელი მერაბ ანჯაფარიძე, რომელიც იმერეთში საქმიანობს. #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა შალვა ლილუაშვილმა "ადვოკატთა ასოციაციაში" განცხადება შემოიტანა, საიდანაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს მსჯავრდებულთან შევიდა ყოფილი გამომძიებელი მერაბ ანჯაფარიძე, რომელმაც 2010 წლის 30 აპრილს დაასრულა მსჯავრდებულ შალვა ლილუაშვილის საქმის გამოძიება და სასამართლოს გადასცა განსახილველად. მსჯავრდებულის განცხადებით, იგი მისი ადვოკატის კახაბერ მუმლაძის დახმარებით ამზადებდა საჩივარს გამოძიების დროს მის საქმეში მტკიცებულებათა გაყალბებისა და მის მიმართ განხორციელებული ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო. როგორც მსჯავრდებული განცხადებაში განმარტავს, აღნიშნული მოვლენების შესახებ საჩივრის მომზადების გამო მას დაემუქრა მერაბ ანჯაფარიძე და განუცხადა, რომ ჩივილს აზრი არ ჰქონდა და ამის გამო მას პრობლემებს შეუქმნიდა", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, პატიმრის განცხადებაში ხაზი გაესვა იმას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებში კვლავ შედიან პატიმართა წამებაში მონაწილე პირები, რომლებიც პატიმრებზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და თანამდებობას ბოროტად იყენებენ, რაც მიზნად ისახავს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების დამალვას. 

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ციხის ადმინისტრაცია არის დანაშაულებრივ ალიანსში დამნაშავე გამომძიებლებთან რომლებიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში პატიმრებზე არაერთ მუქარასა და ზეწოლას ახორციელებდნენ. აქედან გამომდინარე ხატიაშვილი მიმართავს სასჯელაღსრულების მინისტრს, სოზარ სუბარს კონტროლი გაუწიოს დაწესებულებებში არსებულ ვითარებას. მისი ინფორმაციით, საჩივარი ციხის ადმინისტრაციასა და დეტექტივ გამომძიებელ მერაბ ანჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურაში დღეს ან ხვალ შევა. 

პატიმარ შალვა ლილუაშვილის ადვოკატმა კი მის ყოფილ კოლეგას და ამჟამინდელ გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიმართა, რომ გააკონტროლოს გამომძიებლების დანაშაულებრივი ქმედებები. 

ზაზა ხატიაშვილისა და ადვოკატ კახაბერ მუმლაძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ანჯაფარიძის დაწესებულებაში შეშვებით სამსახურებრივი გულგრილობა გამოავლინა, ხოლო თავად გამომძიებელმა კი ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. მათივე განცხადებით, ორივე ფაქტი იძლევა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საშუალებას. 

კახაბერ მუმლაძის განცხადებით, უვადო პატიმრობა მისჯილი შალვა ლილუაშვილი გასამართლებულია შემთხვევითი მკვლელობისთვის. ადვოკატის თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა და გამომძიებლის დაწესებულებაში შესვლის შემდეგ იგი ექიმის კონტროლის ქვეშ იმყოფება. 

ახალი ამბები