კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ გადაღებული ვიდეოკადრების ავტორი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს

14 ივნისი, 2013
 
გია ალავიძე, რომელიც ამჟამად სასჯელს ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იხდის, ავტორია იმ ვიდოეკადრებისა, რომელიც ტელეკომპანია მაესტროს ეთერში 2009 წელს გავიდა და რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებულებისთვის საპატიმროში არსებულ „განსაკუთრებულ“ პირობებს ასახავს. (კადრები იხ. ლინკზე www.youtube.com/watch?v=xiL3G70DgV8 ) ალავიძე ამ კადრების ეთერში გასვლის მერე, მალევე დააკავეს, თაღლითობაში დასდეს მსჯავრი და 20 წლით თავიისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ალავიძე თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და მის დაპატიმრებას, სანდრო გირგვლიანის მკველობასთან დაკავშირებული კადრების გავრცელებას უკავშირებს. ის საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს. წერილს უცვლელად გთავაზობთ. 

ღია წერილი 

რამდენიმე დღეში, ალბათ, ცნობილი გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის, 2006 წლის 27-28 იანვარს შარდენ ბარში მომხდარი შელაპარაკებისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა რეალური გარემოებები.

ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე „სასჯელს“ იხდიდნენ, შსს-ს კონსტიტუციური დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, ავთანდილ აფციაური და მიხეილ ბიბილურიძე.

2009 წლის 25 მაისს ტელეკომპანია „მაესტრო"-ს ეთერით, გადაცემა „პროფესია ჟურნალისტი“-ს მსვლელობისას, გასაჯაროვდა სანდროს მკვლელობაში მსჯავრდებული პირების, ის პირობები, რომელიც მათ, სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის #10-ე ავჭალის კოლონიაში ჰქონდათ. ამავე გადაცემაში რესპონდენტად მივიღე მონაწილეობა და ვისაუბრე იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომელსაც ე.წ მსჯავრდებულები ახორციელებდნენ. მაგალითად: 2008 წლის აგვისტოს თვეში თუ როგორ ჰქონდათ დატოვებული, თვითნებურად, ავჭალის კოლონია 11-დან 26 აგვისტომდე; პატიმრობის პერიოდში, როგორ დადიოდნენ ჩვეულებრივად შსს-ს კონსტიტუციური დეპარტამენტის შენობაში (ქ.თბილისი. ვაჟა-ფშაველას #72) და სხვა გარემოებებზე. 

აღნიშნული მასალა, რომელიც ტელევიზიით გავიდა,  ჩემ მიერვე იყო მოპოვებული და გასასაჯაროვებლად გადავეცი ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილს. იმ მასალის გასვლას, წინა ღამით დაემთხვა ტელეკომპანია „მაესტრო“-ს ეზოში, ქ.თბილისში, ფოთის ქუჩაზე, ცნობილი აფეთქების ფაქტი. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, აღნიშნულ საქმესა და სანდროს საქმესთან დაკავშირებით, ჩემივე მოთხოვნით, საქართველოს მთავარ პროკურატურას მივაწოდე, როგორც ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე, იმ მასალის ნაწილიც, რაც 2009 წელს „მაესტრო“-ს ეთერით არ გასულა. ასევე, კომპიუტერის პროცესორი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პირები პატიმრობის პერიოდში მოიხმარდნენ და იმ ტელეფონის ამონაბეჭდი, 597 ფურცლად, რომელსაც ასევე, პატიმრობის პერიოდში ისინი იყენებდნენ.

აღნიშნულის გახმაურებას კი, 2009 წლის 12 აგვისტოს, მოჰყვა ჩემი  დაპატიმრება. თუ რის ფასად დამიჯდა იმ მასალის შენახვა და ახლანდელ სიტუაციაში მთავარი პროკურატურისთვის გადაცემა, ეს ცალკე საკითხია, რომელიც ჩემ  მიმართ უკანონოდ მოსჯილ 20 წელში აისახა.  ცნობისთვის 1 წელი და 10 თვე გლდანის #8-ე საპყრობილეში გავატარე, ხოლო დღევანდელ დღემდე კი მატროსოვზე #9-ე დახურულ დაწესებულებაში ვიმყოფები (დ. ჭაკუას 2010 წლის 12 ივლისის #6342 ბრძანებით) ვინაიდან დღევანდელი „სადი“-ს ხელმძღვანელობის ყურადღება ვერ მივიქციეთ. მისი ხელმძღვანელის სატელევიზიო და საჯარო „ფანტაზიის“  ვერსიებს კი უხვად ვიგებთ.

შეცვლილი პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურის, სამართლებრივი რეაგირება არის სრულიად ბიუროკრატიული, რადგან საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელზე დაწერილი საჩივრები ეწერებათ იმავე პროკურორებს, რომლებმაც ჩემს სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს ფაბრიკაცია და გააყალბეს გარემოებები, ახდენდნენ ზემოქმედებას და აკეთებდნენ მაკომპრომიტირებელ განცხადებებს, იმ პოლიტიკური სახეების წინააღმდეგ, ვინც იმ დროს ოპოზიციაში, ხოლო ახლა ხელისუფლებაშია და 2009 წლის 26 მაისის აქციასთან, აღნიშნული მასალის გასაჯაროების დაკავშირებას. 

ასე რომ, პატიმრის ფანტაზიის ნაყოფი არ არის, რომ იმავე პროკურორებს ეწერებათ განცხადებები და საქმეები. დოკუმენტაცია შეგიძიათ იხილოთ დანართში. აღარაფერს ვამბობ საქართველოს პარლამენტის წევრების, ადამიანის  უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების მუშაობაზე, საიდანაც წერილობით პასუხებსაც  შაბლონურს ვიღებ, თუ „შემთხვევით“,  რომელიმე მათგანმა პატივი დამდო.

ადამიანური  ყურადღებისა და თანაგრძნობისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს, ბატონ ზაზა ხატიაშვილს.

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის სათანადო კომიტეტების მიერ სამართლებრივი დეტალების  იგნორირების გამო,  ძნელია ირწმუნო „სამართლიანობის აღდგენის“. საინტერესოა, მათი პოზიცია დღევანდელი დღის ან რა უშლით ხელს, როცა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, სხვადასხვა თემების აპელირებით იყვნენ დაკავებულნი. მოსამართლეებს ერთმანეთთან აკავშირებთ არა კანონი, არამედ ის დანაშაულები, რაც მათ წლების განმავლობაში ჩაიდინეს. 

2013 წლის მარტი-აპრილის თვეებში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ბატონმა ა. კბილაშვილმა და ქ. თბილისის პროკურორმა, ქალბატონმა მ. მწარიაშვილმა საჯაროდ ისაუბრეს, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მომხდარ უკანონო ქმედებებზე, რაც წინასწარი გამოძიებისა და და დაკავებულთა პატიმრობის პერიოდს ეხებოდა.  ასევე ინციდენტში მონაწილე, იმ პირების შესახებ, რომლებიც ოქროყანის სასაფლაოზე იყვნენ და არ ყოფილან დაპატიმრებულნი. აღნიშნული მასალა, სხვა მასალებთან და მტკიცებულებებთან ერთად რომ მივაწოდე, არ გაუხმაურებიათ. არც იმ თემაზე უსაუბრიათ, რომ 2009 წლის მაისში ის ცნობილი კადრებიც ჩემი გასაჯაროვებული  იყო. ჩემი პატიმრობის რეალური მიზეზიც რომ ეს იყო და არც იმ პროკურორების პასუხისმგებლობაზე უსაუბრიათ, რომლებმაც აღნიშნული უკანონო ქმედებები განახორციელეს ჩემ მიმართ. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ აფიქსირებს კანონიერ ძალაში შესული „უკანონო“ განაჩენის გადახედვას, ვითხოვდი, კონკრეტული პროკურორების სამართალდარღვევებზე სამართალწარმოების დაწყებას. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელს, ადვოკატის თანდასწრებით გადავეცი, ის მტკიცებულებები, რაც მათ უკანონო ქმედებას ასახავს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არანაირი რეაგირება არ ჩანს. 

კონკრეტულად მაინტერესებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის, ქალბატონ ეკა ბესელიას მოსაზრება, თუ რატომ არ განიხილა კომიტეტმა 2012 წლის 5 ნომებრის განცხადება, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ პირად ცნობის შესახებ.  როცა ის #9-ე დაწესებულებაში სტუმრად მიბრძანდებოდა რატომ  არ შემხვდა, როცა იმ დღეს, მე-2 დღე იყო რაც ვშიმშილობდი. ამის შემდეგ,  თვეში ორჯერ მაინც ვუგზავნიდი წერილს კომიტეტში, რომ თუ თვითონ არა, სხვა კომიტეტის წევრი მაინც შემხვედროდა, რაც  მე-8-ე თვეა არ მომხდარა. 

ასევე საინტერესოა კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის და  სასჯელაღსრულების მინისტრის, ბატონ სოზარ სუბარის პოზიციები და იმ ქცევების ჩამონათვალი, რომელიც კარგად განსაზღვრავს „კარგად მოქცევას“, რომელიც ბატონ ბაჩანა ახალაიას, ყოფილ პატიმარ ირაკლი ოქრუაშვილს, აძლევდა ტელევიზორის ქონის საშუალებას, ხოლო სხვა კანონიერ თუ უკანონო პატიმრებს „სამართლიანობის აღდგენის“ მოლოდინში, ამის უფლება არ გვაქვს. თუ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სხვა კანონმდებლობა მოქმედებს #9-ე დაწესებულებაში?!“

2013 წლის 10 ივნისი

ახალი ამბები