კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიგი უგულავას საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სიას დაცვის მხარე აპროტესტებს

20 ივნისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

თბილისის მერის, გიგი უგულავას წინასასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაშვების საკითხი განიხილეს. დაცვის მხარე მოწმეთა სიიდან ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის ამოღებას ითხოვს. 

ტელეკომპანია "იმედის" ეპიზოდზე გიგი უგულავასთვის წარდგენილ ბრალდებაში, პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დასაკითხ პირთა ნუსხა წარადგინა, რის შემდეგაც, დაცვის მხარემ გარკვეულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. მხარის თქმით, დასაკითხ პირთა სიიდან აუცილებლად უნდა ამოიღონ ჯოზეფ ქეი, რადგან იგი დაკითხულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით. როგორც გიგი უგულავას ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, ჯოზეფ ქეი ორჯერ არის დაკითხული და ჩვენებები  ფაქტობრივად, იდენტურია.  ერთნაირია სიტყვები და წინადადებების წყობა, რაც ბადებს იმის ეჭვს, რომ მეორე ჩვენება უბრალოდ დააკოპირეს და ჯოზეფ ქეის ხელი მოაწერინეს მასზე. 

დაცვის მხარე ასევე მოითხოვს, ამოიღონ მოწმეთა სიიდან გიორგი ისაკაძისა და პაატა სირაძის ჩვენებები, რომლებიც ღამის საათებში არიან დაკითხულნი. ადვოკატის თქმით, აღნიშნული კანონდარღვევას წარმოადგენს, რადგან ღამე დასაშვებია დაკითხვა, იმ შემთხვევაში, თუკი გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, რაც დაკითხვის ოქმში მითითებული არ არის. 

ბრალდების მხარემ, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა დიდი მოცულობის იყო, მოითხოვა გონივრული ვადა, რომ მოგვიანებით დაეფიქსირებინა პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და წინასასამართლო პროცესი 3 ივლისამდე გადადო.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერს, გიგი უგულავას "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა ბრალი. 

დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა. შესაბამისად, გიგი უგულავას სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა.

ახალი ამბები