კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩანა ახალაია ბრალდების არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ სცნობს

5 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

4 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ბაჩანა ახალაია მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა, რომელიც უკავშირდება მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ჯარისკაცების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს, ასევე ზვიად აბესაძისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდს. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მას არასოდეს არცერთი სამხედრო პირისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მისი დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული. 

„ჩემი საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღესვე წამიყენეს ბრალი, მაშინ როცა იქამდე საჩივრებიც კი არ იყო დაწერილი და შესაბამისად, საქმე არ იყო აღძრული. სასწრაფოდ მოძებნეს ხალხი, დააწერინეს ჩვენებები და ჩამოსვლიდან მეორე დღესვე დამაკავეს. დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ ეგრეთწოდებულ დაზარალებულებზე ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, ისინი საჩივრებსაც არ დაწერდნენ. ჩემი დაკავება იყო ნაჩქარევი და პოლიტიკურად მოტივირებული“,- განაცხადა ბაჩანა ახალაიამ დაკითხვისას. 

სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით ახალაიამ აღნიშნა, რომ სენაკში ბრიფინგისას მოვიდა გვარდიის სარდალი არსოშვილი, რომელმაც მოახსენა, რომ ნორიოს ბაზიდან რამდენიმე ჯარისკაცი ჰყავდა მოყვანილი, რომლებმაც უარი განაცხადეს ვარჯიშსა და სადილზე. ახალაიას თქმით, მან მოყვანილ ჯარისკაცებს გამოჰკითხა მომხდარი, რის შემდეგაც არსოშვილმა ჰკითხა გვარდიელებს, ახლა თუ ივარჯიშებდნენ, რაზეც დათანხმდნენ და გვარდიის სარდალმა ისინი სავარჯიშოდ გაიყვანა. ახალაიას თქმით, ამის შემდეგ ბრიფინგი კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი ჩავიდა ეზოში, სადაც კვლავ ვარჯიშობდნენ აღნიშნული სამხედროები. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მან არსოშვილს მიუთითა დაესვენებინა ჯარისკაცები, თვითონ კი ბრიგადის ტერიტორია დატოვა. 

ახალაიამ დაკითხვისას განაცხადა, რომ არათუ სენაკში გვარდიელებისთვის, არამედ საერთოდ არცერთი სამხედროსთვის არასოდეს მიუყენებია შეურაცხყოფა. ახალაიას მტკიცებით, იმასთან დაკავშირებით, თუ სად გაათევდნენ სამხედროები ღამეს, მას არავითარი ბრძანება არ გაუცია. რაც შეეხება აბანოში მათ გამოკეტვას, ბრალდებულის თქმით, მსგავს მეთოდებს იგი არასდროს მიმართავდა.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის ეპიზოდის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ვაზიანში ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების რაზმიდან გადმოიყვანეს სპეცრაზმელები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ნორმატივებს და სწორედ ისინი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ჩამოქვეითების გამო. ახალაიამ განაცხადა, რომ იგი შეხვდა ყოფილი სპეცრაზმელების ნაწილს ჯერ თავის კაბინეტში, ხოლო შემდეგ ყველას ერთად ვაზიანის ბრიგადაში, რასაც მთელი სამხედრო ნაწილი ესწრებოდა. ახალაიას განცხადებით, ყოფილ სპეცრაზმელებს განუცხადა, რომ თუკი მოემზადებოდნენ, შეძლებდნენ სპეცდანიშნულების რაზმში დაბრუნებას, თუ არადა, უკმაყოფილების გარეშე დარჩენილიყვნენ ვაზიანის მე-4 ბრიგადაში, ან დაეტოვებინათ სამსახური.  ბრალდებულის თქმით, სამხედროების მიმართ არავითარ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას მისი ან სხვა მაღალი რანგის სამხედროების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. 

პროკურორმა კობაიძემ განაცხადა, რომ ბაჩანა ახალაია წინა სასამართლო პროცესზე დაზარალებულებს დაკითხვისას ხშირად უსვამდა მსგავსი ტიპის კითხვებს:
 
„ხომ არ იყო თქვენი ქმედება მუხროვანის ბუნტის გაგრძელება?“, „იყავით თუ არა ნასვამ მდგომარეობაში?“  და სხვ. კობაიძის თქმით, ამ გზით ბრალდებული ცდილობდა, ვაზიანსა და ნორიოში სამხედროების ქმედება ბუნტის მოწყობის მცდელობად გაესაღებინა, ხოლო დღევანდელი დაკითხვისას საერთოდ არ უხსენებია შესაძლო ბუნტი. პროკურორმა ახალაიას ჰკითხა, რითი იყო განპირობებული მისი ვერსიის ცვლილება, რაზეც ახალაიამ განაცხადა, რომ დაზარალებულებისთვის მსგავსი რამ არასდროს უკითხავს და ბუნტის ნიშნები რომ ყოფილიყო ვაზიანში ან ნორიოში, მაშინვე დაიწყებოდა გამოძიება.

ახალაია შეეხო ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდსაც და განაცხადა, რომ რესტორან „მასპინძელოში“ აბესაძის მოსვლამ დიდი უხერხულობა გამოიწვია, რადგან მათ კარგი პირადი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბრალდებულის თქმით, რამდენიმე წუთში მან და გიგი კალანდაძემ სუფრა დატოვეს და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, მისთვის უცნობი იყო. 

„არავისთვის არ მიმიცია აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის დავალება. ამის მოტივი ხომ უნდა არსებობდეს?! სუფრაზე რომ მოვიდა, ამანაც კი უხეხულობა გამოიწვია, რადგან კარგი ურთიერთობა არ გვქონდა.“ - განაცხადა ბაჩანა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩანა ახალაიას ბრალად სამსახურებრივი  უფლებამოსილების გადამეტება, პირისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა და წამების ორგანიზება წაუყენეს.
 
ბაჩანა ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან  გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე, მე-4 ბრიგადის ყოფილი მეთაური ზურაბ შამათავა, სენაკის მე-2 ბრიგადის ყოფილი მეთაური მერაბ კიკაბიძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სერჟანტი ალექსანდრე გორგაძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე და სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი.  

ახალი ამბები