კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მიქაუტაძის გარდაცვალებამ კითხვები გააჩინა

10 ივლისი, 2013
 

36 წლის მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალებამ, რომელიც პოლიციაში 12 გრამამდე მანიხუანის საქმეზე დაკითხვიდან მეორე დღეს თბილისის გარეუბანში ჩამომხრჩვალი იპოვნეს, პოლიციის მიერ მის მიმართ შესაძლო ცუდად მოპყრობასთან დაკავშირებით ბრალდებები გამოიწვია.

უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ყურადღებით აკონტროლებენ ამ საქმეს, ხელისუფლებას დაჟინებით თხოვენ, რომ ზედმიწევნით გამოიძიონ მიქაუტაძის ოჯახის ბრალდებები, რომელთა მიხედვითაც, მას პოლიციელები ცუდად მოეპყრნენ, რათა აეძულებინათ, რომ საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.

კოალიცია ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათაც გააჩნიათ კითხვები საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ასევე მოუწოდა უფლებადამცველებს არ გაეკეთებინათ ნაჩქარევი დასკვნები.

5 ივლისს მამუკა მიქაუტაძე პოლიციამ დააკავა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულზე „მოწმის“ სახით დაკითხვის მიზნით.

იმავე დღეს დააკავეს მიქაუტაძის მეგობარი, გელა მანჯავიძე და 12 გრამამდე მარიხუანას შენახვაში დასდეს ბრალი; ოფიციალური გამოძიებით, მანჯავიძე მარიხუანას გადაცემას მიქაუტაძისთვის აპირებდა. მანჯავიძე, რომელიც სასამართლო პროცესამდე გირაოთი გამოუშვეს, ბრალდებებს უარყოფს.

მიქაუტაძის მეუღლის და მისი რამდენიმე მეგობრის თქმით, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მიქაუტაძემ უთხრა მათ, რომ ის პოლიციამ სცემა და აიძულა, ყალბი ჩვენება მიეცა მისი მეგობრის გელა მანჯავიძის წინააღმდეგ. მიქაუტაძის მიერ ხელმოწერილი ჩვენება ერთ–ერთი მთავარი მტკიცებულებაა მანჯავიძის წინააღმდეგ; იმ უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც საქმეს აკონტროლებენ, განაცხადეს, რომ ჩვენება სერიოზულ შეუსაბამობებს შეიცავს, რაც მის ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მიქაუტაძის მეუღლემ ზიზი ეძგვერაძემ განაცხადა, რომ დაკითხვის შემდეგ მეუღლემ უთხრა მას, რომ მას თავის მოკვლა უნდოდა, რადგანაც პოლიციის ზეწოლას დაჰყვა და ყალბი ჩვენება მისცა საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ. 6 ივლისს მიქაუტაძე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი იპოვნეს.

ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ყურადღებით აკონტროლებენ ამ საქმეს დაწყებისთანავე; ამასთან, საია იურიდიულ მომსახურებასაც უწევს მიქაუტაძის ოჯახს.

ორივე ორგანიზაცია ეჭვობს, რომ მიქაუტაძის ჩვენება პოლიციამ შესაძლოა ძალდატანებით მოიპოვა. მათ სამართალდამცავი სტრუქტურებიც გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მათ სწრაფი რეაგირება არ მოახდინეს მიქაუტაძის ოჯახის ბრალდებებზე. ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ საქმეში პროცედურულ დარღვევებსაც ჰქონდა ადგილი,  მათ შორის იმ კუთხით, რომ ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულებთან შესულიყვნენ, როდესაც მათ პოლიციაში კითხავდნენ.

დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ „ვექტორი“, რომელიც საია–მ დაიქირავა, მიქაუტაძის გვამს გარეგანი დათვალიერებით ექსპერტიზა ჩაუტარა. დათვალიერებამ აჩვენა, რომ მიქაუტაძეს სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა ცხვირთან, რაც ბლაგვი საგნის მოქმედებითაა გამოწვეული სიკვდილის დადგომამდე ახლო პერიოდში.

ალექსანდრე გეჯაძემ, რომელმაც გვამის გარეგნული დათვალიერება განახორციელა, აღნიშნა, რომ შეუძლებელია იმის თქმა, თუ ზუსტად რამ გამოიწვია ეს დაზიანება.

საია–ს თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ მართალია გვამის გარეგანი დათვალიერება ზედმიწევნით ზუსტ სურათს ვერ იძლევა, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნამ გაამძაფრა ის ეჭვი, რომ მიქაუტაძეზე ძალადობა განხორციელდა.

მიქაუტაძის გარდაცვალების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს; საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უფლებადამცველებმა მოუწოდეს, რომ საქმე პროკურატურას გადაეცეს, რათა ობიექტური გამოძიების მეტი გარანტიები იყოს უზრუნველყოფილი.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა 9 ივლისს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს იმის საჭიროება, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს. მან ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს „ღირსების“ საკითხია, რომ მან ეს საქმე გამოიძიოს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 9 ივლისს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და სხვებისგან განსხვავებით, ის თავს შეიკავებს ნაჩქარევი კომენტარების და დასკვნების გაკეთებისგან.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 9 ივლისს, რომ სხვების მსგავსად, მასაც აქვს კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით.

„პასუხები ჯერ არ მაქვს და მეც დიდი ინტერესით ველოდები გამოძიების დასრულებას“, – განაცხადა მან, „მე მაინც მივმართავდი ჩემს ყოფილ კოლეგებს არასამთავრობო სექტორიდან, რომ ასეთ სერიოზული საკითხებზე პრინციპულობა და პრინციპული პოზიციის დაკავება არ ნიშნავს, რაც შეიძლება მეტი წინასწარი ვარაუდის გამოთქმას.  პრინციპულობა ნიშნავს საკითხის ბოლომდე მიყოლას, კითხვების რაც შეიძლება მკაფიოდ და კვალიფიციურად დასმას და ამასთანავე, რაც შეიძლება მეტად თავის შეკავებას  წინასწარი ვარაუდების და დასკვნებისგან“.

ახალი ამბები