კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

‘ცენტრ პოინტის’ მფლობელებს თაღლითობის სავარაუდო საქმეზე ბრალი წარედგინათ

12 ივლისი, 2013
 
სივილ ჯორჯია

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ მფლობელებს თაღლითობის და დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდება წარედგინათ.

მაია რჩეულიშვილს და მის დას, რუსუდან კერვალიშვილს, რომელთაგანაც თითოეული კომპანიის აქციების 50%–ის მფლობელია, 11 ივლისს გამომძიებლების მიერ დაკითხვის შემდეგ დაპატიმრების გარეშე წარედგინათ ბრალი.

რუსუდან კერვალიშვილი 2008–2012 წლებში ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატი და პარლამენტის ვიცე–სპიკერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას მაღალი თანამდებობა ეკავა საკანონმდებლო ორგანოში, კერვალიშვილი არასდროს ყოფილა აქტიური პოლიტიკური ფიგურა, ხოლო მას შემდეგ, რაც პარლამენტში თავისი ოთხწლიანი წევრობა დაასრულა, საერთოდ ჩამოშორდა პოლიტიკას. მაია რჩეულიშვილის მეუღლე, ვახტანგ რჩეულიშვილი 90–იან წლებში და 2000–იანების დასაწყისში დეპუტატი იყო. იგი პოლიტიკიდან 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ წავიდა; იგი „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მისი 50–ზე მეტი შვილობილი კომპანიის მენეჯმეტში იყო ჩართული. ამ კომპანიების მფლობელები პირდაპირ ან ირიბად კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი იყვნენ.

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ მიერ დაზარალებულმა დაახლოებით 6 200 მოქალაქემ განაცხადა, რომ ისინი მოატყუეს ე.წ. „პირამიდის“ ტიპის სქემის საშუალებით. მოქალაქეები წინასწარ იხდიდნენ თანხებს სახლების მშენებლობაში, სადაც მათ, დასრულების შემდეგ, ბინები გადაეცემოდათ.

მაგრამ 2010 წელს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“ გაკოტრების პირას მივიდა და განაცხადა, რომ ის ვეღარ შეასრულებდა თავის სამშენებლო ვალდებულებებს დაახლოებით 6 200 კლიენტის წინაშე; 30–მდე პროექტი დაუსრულებელი დარჩა.

ამ 30 პროექტიდან ერთ–ერთის კლიენტებმა ამხანაგობა „თაბუკშვილი 88“-იდან  სარჩელი შეიტანეს პროკურატურაში, რის საფუძველზეც რამდენიმე თვის წინ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურამ განაცხადა 11 ივლისს, რომ მშენებლობის დასრულება, რომელიც თავდაპირველად 2007 წლისთვის იგეგმებოდა, შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლებმა, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, „სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით“ 11 მილიონი ლარი მიისაკუთრეს.

რჩეულიშვილი და კერვალიშვილი ბრალდებებს უარყოფენ.

მას შემდეგ, რაც „ცენტრ პოინტ ჯგუფმა“ განაცხადა, რომ თავის ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა, კომპანიის მმართველობა 2010 წლის სექტემბერში ახლად შექმნილ კომპანია „დექსუსს“ გადაეცა. ამ უკანასკნელმა პირობა დადო, რომ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ შეუსრულებელ ვალდებულებებს სამი წლის ვადაში შეასრულებდა. თუმცა, ამისათვის მმართველმა კომპანიამ დამატებითი ინვესტიციები მოითხოვა და მისი ნაწილის მოსაზიდად კლიენტებს შესთავაზა დამატებითი თანხები გადაეხადათ გარდა იმ თანხებისა, რომლებიც მათ უკვე გადახდილი ჰქონდათ „ცენტრ პოინტ ჯგუფისთვის“ ჯერ კიდევ აუშენებელი ბინების ყიდვისას. „დექსუსის“ განცხადებით, 2013 მარტის მდგომარეობით, მან 2 200 კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებები შეასრულა. მაგრამ „ცენტრ პოინტ ჯგუფმა“ „დექსუსთან“ მმართველობის შესახებ არსებული კონტრაქტი 2013 წლის მარტში გააუქმა და ამის მოტივად ის უთანხმოებები დაასახელა, რომლებიც დარჩენილი კლიენტების მიმართ ვალდებულებების შესრულებას ეხებოდა.

11 ივლისს პროკურატურამ განაცხადა, რომ „დექსუსის“ სამი თანამფლობელიდან ერთი, ივანე ცაგურია, დააკავეს და ბრალი წარუდგინეს მუხლებით, რომელიც გულისხმობს გაფლანგვას და დახმარებას თაღლითობაში. პროკურატურამ განაცხადა, რომ 2011 წელს ცაგურია რჩეულიშვილს და კერვალიშვილს 615 000 აშშ დოლარის მითვისებაში დაეხმარა. ცაგურია უარყოფს ბრალდებებს.   

ახალი ამბები