კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის კომიტეტმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მოიწონა

12 ივლისი, 2013
 

ფარულ ჩანაწერებთან და უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას დაუჭირეს მხარი  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა 11 ივლისს გამართულ   სხდომაზე.

კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ასევე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ ინფორმაციას და ზემოჩამოთვლილი მასალების ასლებს.

პარლამენტიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ამნისტია გავრცელდეს ასევე 157-ე მუხლით გათვალისწინებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაზე. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, 157-ე მუხლში პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის გარდა საუბარია ასევე გავრცელებაზეც, თუმცა მისივე თქმით, გავრცელების შემთხვევევაში ამნისტია პირებს არ შეეხებათ.

კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია გავრცელდება პირებზე, რომლებმაც  158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 2012 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, ამნისტია შეეხება პირებს , რომლებმაც აღნიშნული მასალა მოიპოვეს 2012 წლის 1 ივლისამდე, ხოლო შენახვის შემთხვევაში - კანონის ამოქმედებამდე.

158-ე მუხლი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას ითვალისწინებს. კერძოდ, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვებას ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 159-ე მუხლი კი პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას ითვალისწინებს, კერძოდ, პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ან ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების ამსახველ მასალას.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ,  ახალმა მმართველმა ძალამ წინა ხელისუფლება დაადანაშაულა  ოპონენტების ტოტალურ თვალთვალში, როგორც ვიდეო ასევე აუდიოსაშუალებებით. გარდა ამისა, შს სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ხელთ აქვს 13 ათასი აუდიო და ვიდეოფაილი, სადაც ასახულია არა მხოლოდ პატიმართა სასტიკი წამების ამსახველი კადრები, არამედ პოლიტიკური ოპონენტების, ბიზნესმენების თუ ჟურნალისტების პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციაც. ამავე დროს, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ამ კადრების ასლები გააჩნდეთ არაუფლებამოსილ პირებსაც.

ახალი ამბები