კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თენგიზ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო  სასამართლომ  იგი ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში დამნაშავედ  ცნო. მსჯავრდებული სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა 12 ივლისს გამართულ სხდომაზე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დამნაშავედ ცნო ბრალდების ორ ეპიზოდში, რომელიც შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და სასამხურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი 3000 ტონა  საწვავისა და 49 500 ლარის მითვისებას შეეხება. 

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ თენგიზ გუნავა უდანაშაულოდ ცნო მესამე ეპიზოდში, რომლის მიხედვითაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების მიყენებაში ედებოდა ბრალი. საუბარია 2012 წლის მარტში ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, პროკურატურის ინფორმაციით, გუნავამ, რომელიც მაშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრა საკუთარი მძღოლი, კახაბერ იზორია. 

საბოლოო ჯამში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, ამნისტიის საფუძველზე აღნიშნული სასჯელი 4 წლამდე შემცირდა. თენგიზ გუნავა განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსი 2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. 18 ნოემბერს სასამართლომ უარი უთხრა პროკურატურას მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობაზე და გუნავა 10 ათასი ლარის გირაოთი გაათავისუფლა. რამდენიმე დღეში გუნავა ხელმეორედ დააკავეს და ამჯერად ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებასა და სახელმწიფოს ქონების მითვისებაში დასდეს. მოსამართლემ გუნავას აღმკვეთ ღონისძიებად კვლავ გირაო შეუფარდა. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა. 

2013 წლის 22 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, თენგიზ გუნავას წინააღმდეგ აღძრული ეს ორი სისხლის სამართლის საქმე გაერთიანდა. 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას პროკურატურამ ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდება მოუხსნა და მხოლოდ 3 ეპიზოდით გაგრძელდა საქმის განხილვა.

თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხნენ დაზარალებული კახაბერ იზორია და მოწმე ბაკურ გულუა. გამოძიების ინფორმაციით, კახაბერ იზორიამ ინტიმური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტობინება მისწერა გუნავას ახლო ნათესავ ქალს, რის შესახებაც შეიტყო ბაკურ გულუამ და თენგიზ გუნავას აცნობა. ამ უკანასკნელმა იზორიასთან დალაპარაკება გადაწყვიტა და ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე შეხვდა მას. აქ მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც გუნავამ იზორია ფეხში დაჭრა. 

კახაბერ იზორიას განცხადებით, მან შეცდომით გააგზავნა აღნიშნული მესიჯი, ცდილობდა, აეხსნა ეს ყოველივე გუნავასთვის, მაგრამ - უშედეგოდ და შელაპარაკებაც მოუვიდათ. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, გარიდებოდა სიტუაციას, თუმცა 15-20 მეტრის გავლის შემდეგ გაიგონა გასროლის ხმა და იგრძნო ფეხში ძლიერი ტკივილი, მაგრამ ვინ ესროლა, არ დაუნახავს.

ერთ-ერთი თვითმხილველი, ბაკურ გულუა, რომელიც  რკინიგზის სადგურზე გუნავასთან ერთად მივიდა, აცხადებს, რომ შეხვედრისას არა მარტო იზორია, არამედ თვითონაც დაიჭრა ფეხში. გულუამ დაკითხვისას აღნიშნა, რომ სროლის შემდეგ, როცა შემოტრიალდა, გუნავა ცეცხლსასროლი იარაღით ხელში დაინახა, მაგრამ კონკრეტულად ვინ ისროლა, არც მას დაუნახავს.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ასევე დაიკითხა დაზარალებული მხარის - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც. „2012 წლის სექტემბერში სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა, თენგიზ გუნავამ მიითვისა სამინისტროს კუთვნილი 49 500 ლარი და 3000 ტონა საწვავი, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი“, - განაცხადა დაკითხვისას სამინისტროს იურიდიულ საქმეთა განყოფილების იურისტმა ნინო წოწონავამ.  

იმის გამო, რომ საქმე სახელმწიფო საიდუმლო დავალების შესრულებისას თანხის და საწვავის გაცემას შეეხებოდა, ბრალდების მხარემ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა და ნინო წოწონავას დაკითხვის სხდომები დაიხურა. 

თენგიზ გუნავა და მისი ადვოკატები სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში მუდმივად აცხადებდნენ, რომ ბრალდებულმა აღნიშნული თანხა და საწვავი სახელმწიფო საიდუმლო ოპერაციის შესრულებისთვის გამოიყენა, რაზეც საჯაროდ საუბარი არ შეიძლებოდა. 

12 ივლისს გამართულ სხდომაზე ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ პროკურატურას არ დაუდგენია, სად და რომელ ავტომანქანებში ჩაასხეს აღნიშნული ტალონებიდან საწვავი და იყო თუ არა სამსახურებრივი ავტომანქანები. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს აქვს ინფორმაცია, რომ საწვავი ჩაისხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანებში და  დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ იქ, სადაც გუნავა ატარებდა სამსახურებრივ საიდუმლო ოპერაციას.  

კახაბერ იზორიას დაჭრის ეპიზოდში მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია და გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი გაამართლა. საწვავისა და თანხის მითვისების ეპიზოდში კი მოსამართლემ თენგიზ გუნავა დამნაშავედ სცნო და  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ახალი ამბები